Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობის დღე საოკუპაციო ზოლთან და გორში


საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გუშინ საღამოს ეგრეთ წოდებული საზღვარი ჩაკეტა, - იუწყება ოსური სააგენტო „რესი“, უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით. განცხადებაში ნათქვამია:

„სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ზონაში დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შესაძლებელია წარმოიქმნას პროვოკაციების შედეგად, რომელსაც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეები გეგმავენ, ასევე საქართველოს მცხოვრებთა მიერ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ამ მიზნით გადმოსვლის აღსაკვეთად, მიღებულია გადაწყვეტილება ვითარების ნორმალიზებამდე საზღვარზე გამშვები რეჟიმის დახურვის შესახებ".

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რა ჯგუფები გეგმავენ პროვოკაციას. როგორც ცნობილია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ძირითადად ქალაქებში იმართება. მხოლოდ სტუდენტების და სამოქალაქო აქტივისტების ერთი ჯგუფი გაემგზავრა ამ დილით ოკუპირებული დისევის მოსაზღვრე ქართულ სოფელ გუგუტაანთკარში. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ადგილობრივ მოსახლეობას მათ დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მშვიდობიანი აქცია გამართეს. ამ აქციის ორგანიზატორი, სუხიშვილის უნივერსიტეტის ლექტორი, სამოქალაქო აქტივისტი არინა თავაქარაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს არის უკვე ტრადიციული აქცია: დამოუკიდებლობის დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სტუდენტები საოკუპაციო ხაზთან მიდიან და იქ მცხოვრებ ადამიანებს ულოცავენ და ამხნევებენ.

გორი
გორი

სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები კონფლიქტის ზონაში წავიდნენ, გორში კი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა უცნაურად დაიწყო. ამ დღეს მერიის სადღესასწაულო გეგმაში პირველ საკითხად სტალინის სახელობის მუზეუმში ღია კარის დღე ჩაჯდა. საქართველოს ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედის მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ მასპინძლობს, მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში კი ის საბრძოლო ტექნიკაა გამოფენილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოკუპანტების წინააღმდეგ იყო გამოყენებული. გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ წლევანდელიღონისძიებები კულტურული პროგრამით იქნება დატვირთული.

მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი რამაზ შიოშვილი გორელებს ცენტრალურ მოედანზე სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის იწვევს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც ჩატარდება. სოფელ ტყვიავში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან ადგილობრივი ძალებით მომზადებული ღონისძიება გაიმართება. სოფლებში გამგებლის წარმომადგენელი თამაზ დალაქიშვილი ამბობს, რომ ეს ღონისძიებები ყოველწლიურად მოეწყობა.

დღის ბოლოს ზეიმი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კონცერტით დაფოიერვერკით დასრულდება, ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული 9 მოქალაქე კი დამოუკიდებლობის დღეს საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება. გუშინ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მოითხოვა გათავისუფლება საქართველოს 14 მოქალაქისა, რომლებიც ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათი გადმოცემა ერგნეთის საგუშაგოსთან საღამოს 6 საათის შემდეგ იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG