Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ წავიკითხოთ ლექსი


დიდი პრობლემა ყოფილა ტექსტის აღქმა.

რეაქციებმა ლექსზე “პიეტა მიწისქვეშა გასასვლელში” კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქართული (საბჭოური) სასკოლო განათლების მოდელის უგვანობა (ამის შესახებ თავად ლექსის ავტორიც წერს): უამრავმა ადამიანმა უბრალოდ არ იცის, როგორ უნდა წაიკითხოს ლიტერატურული ტექსტი, ამ შემთხვევაში კი - პოეტური, რადგან სრულიად გამომათაყვანებელმა და უმიზნო საზეპიროებმა, თხრობით მოყოლებმა, მშობლების მიერ დაწერილმა “თემებმა”, მკვდარმა საკონტროლოებმა და კიდევ ათასმა რაღაცამ მკითხველს (უფრო სწორად, არამკითხველ მკითხველს) ტექსტის იდეის, შინაგანი შინაარსის აღქმის უნარი მოუკლა.

“საზეპიროდ!” - გაისმოდა და გაისმის განათლების სისტემის ბრძანება!

ჰო, საზეპიროდ... და არა წასაკითხად.

არა გასააზრებლად!

არა ფიქრისთვის!

ასეთებისთვის ლექსი მხოლოდ საზეპიროა, ზედაპირულ-ლამაზი, აბსტრაქტული და კონტექსტს მოწყვეტილი...

სოციალური ლექსი თურმე საერთოდ არც ჩათვლილა ლექსად. საერთოდ, რა კავშირშია ეს სიტყვები ერთმანეთთან - “ლექსი” და “სოციალური”? ეს ქართულის მასწავლებელს არ დაუვალებია!

ტექსტებს ერთმანეთს არ ვადარებ (რადგან ეს ჩვენთან ტრადიციულ მკრეხელობად ითვლება), მაგრამ თავის დროზე არც ილია ჭავჭავაძის სოციალურად კრიტიკულ სტრიქონებს - “ბედნიერ ერს” თვლიდნენ ლექსად! ახლა რომ საზეპიროდ ვამბობთ და გვგონია, რომ უშუალოდ ჩვენზე არაა...

ეს ხალხი მეტაფორას ვერ აღიქვამს. მხოლოდ სიტყვებს და უსამართლო კონტექსტებს ეკიდება:

წაიკითხეს სიტყვა “პატრიარქი” და მორჩა - წითელი ნათურა აინთო! არამკითხველმა პასიურმა ზომბიმ შინაგანი ბრძანება მიიღო: აგინე, დაემუქრე, შეურაცხყავი. მთავარია, არ გაიაზრო, მთავარია, აღქმის სურვილი არ გაგიჩნდეს...

კიდევ ერთი პრობლემა:

შეიძლება ვიღაცას ესმოდეს კიდეც ტექსტის პოზიცია, მაგრამ მიმდინარე (თუ გამდინარე), ყოველთვის ბანალური და არააქტუალურობისთვის განწირული პოლიტიკური კონტექსტების ჰიპნოსიდან ვერ გამოვიდეს და ლექსის აღქმის პროცესიც კი ამ მახინჯ, უკვე აუტანლად მოსაწყენ და კლაუსტროფობიულ დისკურსად ქცეულ “ნაც-ქოცობამდე” დაიყვანოს.

როგორ გვიყვარს ჩვენი პატარა პოლიტ-სენტიმენტალური სოროებიდან ცქერა...

მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამხელა ძალა აქვს სიტყვას, ტექსტსა და ნამდვილ კონტექსტს, რომელსაც მატერიალიზმში გაყინული პატრიარქების დატირება შეუძლია.

და კიდევ ჩვენი, ფეტიშებით დაბრმავებული ბრაზიანი სულების, რომლებიც რატომღაც იქ ვეძებთ ცოცხლებს, სადაც მხოლოდ მკვდრები არიან.

P.S. ვფიქრობდი, დამერთო თუ არა ეს მინაწერი, მაგრამ რაკი ამ ლექსის ავტორის მიერ გასაგები ემოციური დამოკიდებულება მაქვს და ყოველთვის მტკივნეულად აღვიქვამ მისდამი უსამართლო გამოხტომებს, იმათ, ვინც მას “ჯიშსა და ჯილაგს” ულანძღავს და მოქმედ თუ გარდასულ სასულიერო პირთა ღვაწლის შესწავლა-დაფასებისკენ მოუწოდებს, მინდა შევახსენო, რომ ხსენებული ლექსის ავტორი პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის შვილთაშვილია და პატრიარქთა ღვაწლის ისტორიას უშუალოდ თავის პირად საოჯახო ბიბლიოთეკაში და, რაც მთავარია, მეხსიერებაში ინახავს. ხოლო მისი ტექსტის თეოლოგიურ ასპექტს ჭკვიანი მკითხველი, დარწმუნებული ვარ, ისედაც მიხვდება.

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG