პარასკევი, 18 მაისი, 2012 თბილისის დრო 03:39

რუბრიკები / თავისუფლების დღიურები

მერი ლომიძე - ბუკინისტი

მერი ლომიძე
x
მერი ლომიძე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +

18 დეკემბერი, კვირა
ადრე ყოველთვის მიყვარდა კვირადღე. ამ ბოლო დროს რატომღაც აღარ მიყვარს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, კვირა იქნება თუ ორშაბათი. გადაბმულად ვმუშაობ, ჩემთვის არც შაბათ-კვირა არსებობს და არც დასვენების დღეები.

გულისფანცქალით ჩავდივარ თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში. ზემოდანვე ვუყურებ, დგანან თუ არა იქ მომუშავე ქალები. ასე გრძელდება მაისის თვიდან. ყოველდღე იმის შიში მაქვს, რომ ზედამხედველობის სამსახური მოვა და აქედან აგვყრის.

დღე შედარებით მშვიდობიანად დაიწყო. დავალაგე ჩემი წიგნები და ველოდები მყიდველს. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ჩემი აქ დგომა. მიწისქვეშა გადასასვლელის ნახევარი გადაკეტეს და მაღაზიებს დგამენ. გამალებული მუშაობა მიდის. ამბობენ, ერთ თვეში უნდა დამთავრდეს და მერე გაგვიშვებენ აქედანო. ყველა შეშფოთებულია. სად უნდა წავიდეთ? თითოეული მაღაზიის ქირა თვეში 600 დოლარიაო. ამასთან, 600 დოლარს წინასწარ თხოულობენ, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. სულ 1200 დოლარი გამოდის. ღმერთო ჩემო! საიდან უნდა ვიშოვო ეს ამოდენა ფული? ვიფიქრეთ, სამი კაცი შევსულიყავით ერთ მაღაზიაში, რომ ეს თანხა გადაგვენაწილებინა, მაგრამ იმდენად პატარა ფართია, სამი კაცი ვერ მოვთავსდებით; ორზე კი დიდი თანხა გამოდის. არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვფიქრობ...
ჩამოტვირთეთ
​​
გამვლელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ: არ იყო აქ მაღაზიები? რისთვის დაანგრიეს, თუკი ხელახლა დადგმას აპირებდნენო? გასასვლელი დავიწროვდა. ჩვენც მიყუჟულები ვდგავართ, რომ გამვლელ-გამომვლელს ხელი არ შევუშალოთ.

მთელი დღის განმავლობაში სამი წიგნი გავყიდე.

19 დეკემბერი, ორშაბათი
მთელი ღამე ვერ დავიძინე. ხვალინდელი დღის მეშინია. არადა, ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა: წიგნის გამყიდველებს გვქონდა მერიისაგან ოფიციალურად გამოყოფილი ადგილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსაკრებელს გვახდევინებდნენ და ვიყავით მშვიდად. ხელს არავინ არ გვიშლიდა. 3 თუ 4 წლის წინ შეგვაწყვეტინეს მოსაკრებლის გადახდა იმ მოტივით, რომ გადასახადის სხვა ფორმა იქნებაო. 2010 წლის აგვისტოში კი პატრულის თანამშრომლებმა, ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, საერთოდ გამოგვყარეს იქიდან.

იმ დღიდან დაიწყო კოშმარი. არ დაგვიტოვებია მერია თუ საკრებულო, ხან აქციებს ვმართავდით, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი ერთი იყო: წადით დედაენის ბაღში, მტკვრის პირას, იქ გავაკეთეთ წიგნის ბაზრობაო.

მახსენდება შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბატონ ზაალ სამადაშვილთან... ვუხსნით, ვარწმუნებთ, რომ იქ, იმ ადგილზე წიგნის გაყიდვა შეუძლებელია. ვკითხე: ბატონო ზაალ, თქვენ გინახავთ მტკვრის ნაპირას მოსეირნე ქართველი და თან წიგნის მყიდველი? აბა, სენის სანაპიროზე რომ იყიდება წიგნებიო? მტკვარი სენა არ არის, და არც თბილისია პარიზი. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ჩვენი და ფრანგების ცხოვრების დონეა ძალიან განსხვავებული. 

მიუხედავად იმისა, რომ დღეში რამდენჯერმე გადიოდა რეკლამა ტელევიზიით - თითქოს დედაენის ბაღში წიგნები შესანიშნავად იყიდებოდა - იდეამ არ გაამართლა. წიგნების პრეზენტაციაც მოაწყვეს ორკესტრის თანხლებით...

ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობს ბატონი საკრებულოს თავმჯდომარე - ზამთრის თვეებში ნუთუ შესაძლებელია მტკვრის ნაპირას მთელი დღე დგომა? ადგილი, სადაც არ არის მოძრაობა, ახლომახლო არც ერთი სასწავლებელი არაა და არ დადის ხალხი... უნდა იდგე ადამიანი და ელოდო, იქნებ ვინმემ შემთხვევით შემოიაროს; ის შემთხვევით გამვლელი კი იყიდის თუ არა წიგნს, ეგეც საკითხავია...

პატრონი და გამკითხავი არავინ არის...

20 დეკემბერი, სამშაბათი
ცივი დღეა. მიწისქვეშა გადასასვლელში გამჭოლი ქარი უბერავს. მარჯვნივ ამოშენებული, მაღაზიებად ქცეული ფართი ისევ ცარიელია. სიამოვნებით შევაფარებდი თავს... მერე 600 დოლარი მახსენდება და კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ სიცივეს...

ფიქრს გამვლელი მაწყვეტინებს, დანტე ალიგიერის ”ღვთაებრივი კომედია” მთხოვა. ძალიან გამიხარდა. წიგნიც იყიდა და სიაც დამიტოვა - ეს წიგნები თუ გექნებათ, დამირეკეთო. საღამოს 7 საათამდე კიდევ რამდენიმე წიგნის გაყიდვა შევძელი.

21 დეკემბერი, ოთხშაბათი
დღეს სტალინის დაბადების დღეა, და პრეზიდენტისაც. რა იქნება, რომ მოულოდნელად ბატონმა სააკაშვილმა გამოიაროს მიწისქვეშა გადასასვლეში და ის ხალხს დაგველაპარაკოს? რას ვეტყოდი? ვეტყოდი, ბატონო პრეზიდენტო, მოგვეცით საშუალება, წიგნი გავყიდოთ; წიგნი ხომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის დიდ ქალაქებში ქუჩაში იყიდება... შეიძლება მიპასუხოს, გარე ვაჭრობა ავკრძალეთო. კი, მაგრამ ყვავილები და გაზეთები თუ შეიძლება, წიგნმა რა დააშავა? თუმცა უკვე გაზეთების ჯიხურებიც აიღეს...

სრულიად დაუცველად ვგრძნობ თავს. შიშის გრძნობა მაქვს. მოლოდინი იმისა, რომ შეიძლება ზედამხედველობის ბიჭები თავს დამადგნენ და უხეშად ამიკრან ხელი წიგნებზე, გულს მიხეთქავს. ეს მოხდა რამდენჯერმე: ”აალაგე ახლავე და წადი აქედან, სანამ კარგ ხასიათზე ვარ, თუ არადა წაგართმევ ყველაფერსო...” მორიდებით ვკითხე: შვილო, ბოლოს როდის წაიკითხე  წიგნი, იქნებ თქვენთვისვე ჯობია, ხალხთან მიმართვა ისწავლოთ-მეთქი? აღარ გამამეორებინოო, მიპასუხა და გამეცალა. ვინ ვარ მე? ვარ თუ არა ამ ქვეყნის მოქალაქე და მაქვს თუ არა უფლება, საკუთარი შრომით ვირჩინო თავი და ვარჩინო ჩემი შვილი?

22 დეკემბერი, ხუთშაბათი
დღეს დენის საფასურის გადახდის ბოლო დღეა. თუ რამეს გავყიდი, საღამომდე გადავიხდი, რომ არ გამომირთონ.

გამოსავალს ვეძებ და ვერ ვპოულობ. უნდა წავიდე აქედან, მაგრამ სად? იქნებ - იტალიაში. ბევრი ჩემი ნაცნობი წავიდა იქ სამუშაოდ, იქნებ როგორმე მოვახერხო მათთან დაკავშირება...

ჯერ კიდევ სასახლესთან რომ ვიდექით, ბატონი კოტე გაბაშვილი მოვიდა და კასტელის ალბომი მთხოვა, საელჩოში კასტელი მუშაობს და თავისი მოგვარის წიგნი სიურპრიზად უნდა ჩავუტანოო. წიგნი რომ მოვუტანე, ვთხოვე, ბატონო კოტე, იქნებ დამეხმაროთ და წამიყვანოთ იტალიაში სამუშაოდ-მეთქი. გაეცინა და მითხრა, შენ არ იცი, როგორ პირობებში მუშაობენ იქ ჩვენი ქალები; მოითმინე, ცოტა ხანში აქ ყველაფერი კარგად იქნებაო... მაგრამ აქ არაფერი არ შეიცვალა უკეთესობისკენ, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის დღითი დღე უარესდება. არსაიდან - არანაირი შემოსავალი. ერთადერთი - დამოკიდებული ვარ წიგნის გაყიდვასა და მეგობრების დახმარებაზე. რამდენი კარგი ადამიანი შევიძინე ამ ხნის მანძილზე...

1989 წლიდან 1999-მდე ვიმუშავე წიგნის მაღაზიის გამგედ. მერე ის მაღაზია აუქციონზე გაყიდეს და ქუჩაში აღმოვჩნდი. ისე, ქუჩაში ვაჭრობას უარყოფითთან ერთად ბევრი დადებითიც აქვს - რამდენი ადამიანი გავიცანი, რამდენი მეგობარი შევიძინე. სულ მათი წყალობითაა დღეს თუ ფეხზე ვდგავარ. კარგ ხასიათზე ვდგები, როცა სითბოთი და სიყვარულით მესალმებიან. მეც ხომ, ჩემი მხრიდან, არასოდეს დამიშურებია ღიმილი და ტკბილი სიტყვა ნებისმიერი მყიდველისთვის. წიგნთან ხომ შემთხვევითი ადამიანები არ მოდიან... ალბათ არც ჩემს ბედზე ვიწუწუნებდი, მუშაობის საშუალება რომ მქონდეს. ზამთარ-ზაფხულ ქუჩაში დგომა ძალიან ძნელია, მაგრამ მე მიყვარს ჩემი საქმე და მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.

განცხადება შეიტანეთ მერიაში, იქნებ ძველ ადგილზე დაგაბრუნონო, მირჩია ჩემმა ნაცნობმა. მეც ძალიან მინდა, რომ ძველ ადგილზე დაგვაბრუნონ, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია. ამ საქმეს გულშემატკივარი კაცი უნდა და თანაც წიგნის მოყვარული. განცხადების შეტანას რა აზრი აქვს, თუკი არავინ გულთან ახლოს არ მიიტანს ჩვენს გასაჭირს. ამასწინათ ბატონ ნუგზარ წიკლაურსაც შევხვდით მე და ჩემი მეგობარი და დახმარება ვთხოვეთ. ბატონი ნუგზარი ადრე უნივერსიტეტის გამომცემლობაში მუშაობდა და შესანიშნავად იცის წიგნიც და წიგნის რეალიზაციის ამბავიც. შეგვპირდა დახმარებას, მაგრამ...

არა, უნდა წავიდე, სადმე უნდა წავიდე, შორს აქედან. სული მეხუთება, ჰაერი აღარ მყოფნის ჩემს ქალაქში. ვიცი, თუ წასვლა შევძელი, მოსამსახურედ უნდა დავუდგე ვინმეს, მაგრამ ყველაფერზე თანახმა ვარ, ნებისმიერ სამუშაოს შევასრულებ. ის მაინც მეცოდინება, რომ გადამთიელს უნდა ვემსახურო და ღირსების გრძნობა დავთრგუნო ჩემს თავში. აქ კი ვერ ვერევი თავს, როცა ჩემს ენაზე მოლაპარაკე მჩაგრავს.

23 დეკემბერი, პარასკევი
დღეს ცოტა არა მიშავს. მყიდველიც მყავდა. ბათუმიდან იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული წიგნები უნდოდათ. ერთ თვეში კიდევ ჩამოვალთო, მითხრეს. კარგი იქნება, თუ ამ ადგილზე დაგხვდებით-მეთქი. მე თვითონ არ ვიცი, ერთ თვეში სად ვიქნები.

მოვიფიქრე, რომ დავურეკო საფრანგეთში ჩემს მეგობარს, ფრანგ ქართველოლოგ ბერნარ უტიეს. იქნებ როგორმე მოვახერხო და გავბედო თქმა, რომ წამიყვანოს აქედან. ერთი თვის წინ იყო ჩამოსული თბილისში, რაღაც კონფერენციაზე ხელნაწერთა ინსტიტუტში და სახლშიც მეწვია. დაახლოებით 8 წელი მაინც იქნება, რაც ვიცნობ. უამრავი წიგნი იყიდა ჩემთან ჯერ კიდევ ადრე, მაშინ მეგობრები არ ვიყავით, შემდეგ დავმეგობრდით. შესანიშნავი მცოდნეა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის. გაოცება ვერ დავფარე, როცა თქვა, რომ წოვა და ჩაღმა თუშების დიალექტებიც კი ვიციო. მოვსინჯავ, დაველაპარაკები, იქნებ დამეხმაროს. მგონი, უარს არ მეტყვის.

სხვა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ უკვე. დავიღალე, ძალიან დავიღალე. უნდა ვუშველო თავსაც და ჩემს შვილსაც. ახლა უნდა მას პატრონი და გზაზე დაყენება. უმამოდ გავზარდე, ერთი თვის იყო გიორგი, მეუღლე რომ გარდამეცვალა. უკვე 18 წლისაა. გაისად გამოცდების ჩაბარება მოუწევს. რით ვასწავლო? რით გადავუხადო სწავლის ქირა? არ ვიცი, რა მოვიფიქრო. ყველა საგანში უფასოდ ამეცადინებენ - ესეც ჩემი ძველი მყიდველები, რომლებმაც უანგაროდ დახმარება თვითონ შემომთავაზეს. ღმერთო, სიკეთე მიეცი მათ ჩემი შვილის დახმარებისთვის. ხანდახან ისეა, რომ გზის ფულსაც ვერ ვაძლევ. არადა, როგორია 18 წლის თავმოყვარე ბიჭისთვის ლარი რომ არ უდევს ჯიბეში?

ძალიანაც არ მინდა წასვლა. ვიცი, როგორ გამიჭირდება სხვა ქვეყანაში. როგორ გავძლებ ჩემი შვილისა და ახლობლების გარეშე? მაგრამ რა ვქნა?! ძნელია ჩემს ასაკში ყველაფრის ერთბაშად მიტოვება. მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ასე ყოფნაც შეუძლებელია. ძალიან მეშინია, სულით არ დავეცე, ჩემთვის ყველაფერი სულერთი არ გახდეს. მინდა, კვლავ მქონდეს ხვალინდელი დღის იმედი.

24 დეკემბერი, შაბათი
დილიდან ბევრი ვიტრაბახე სახლში, თუმცა რატომ ვიტრაბახე? უბრალოდ, განვლილი წლების ანალიზი გავაკეთე და შევაჯამე, რა თქმა უნდა, ცოტა იუმორით.

მაშ ასე: ჩემი ბუკინისტობის პერიოდში უამრავ ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ადამიანს თბილისში, და არა მარტო თბილისში, შევაძენინე კარგი ბიბლიოთეკა.

ახლა უცხოელები: ვინ არ ყოფილა ჩემს სახლში - ჩეხები, გერმანელები, რუსები, დაღესტნელები... და ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელიც კი, რომელმაც ჩიქობავას რვატომეული იყიდა და მითხრა, ეს კონგრესის ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილს დაიკავებსო. ჰო, კიდევ გამახსენდა, როგორ მიმღერეს რუსთაველის გამზირზე კალიფორნიიდან ჩამოსულმა სტუმრებმა, რომლებიც, თუ არ მეშლება, ფოლკლორის საერთაშორისო დღეებზე იყვნენ ფოთში ან ბათუმში. ჩემი მყიდველი იყო იმათგან ერთ-ერთი, რომელმაც კარგად იცოდა ქართული და წლების განმავლობაში, ყოველ ზაფხულს მოდიოდა ჩემთან. მას პატრიცია ერქვა და ამ ქალბატონმა საზეიმოდ გამოაცხადა, რომ მისი ჯგუფი სპეციალურად იმღერებდა ჩემს პატივსაცემად... და კიდევ რამდენი ამისთანა... ტყუილად არ მიტრაბახია, ხომ ასეა? ეს - ხუმრობით, რა თქმა უნდა... მაგრამ ეს ყველაფერი ხომ იყო, იყო და დამთავრდა!

ჩემს ამ ჩანაწერებს კი ვამთავრებ ძველი გალიური ანდაზით: არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ!..
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Gvantsa საიდან გვწერთ: Berlin
25.01.2012 17:20
ტკივილი განმიახლდა ამის მოსმენის შემდეგ. კომენტარსაც ვეგარ ვაკეთებ ისე ვგელავ. მაგრამ კომენტარი აგარ არის საჭირო, როდესაც მთავრობა ვერ ხვდება რომ 5 ვარსკვავიანი სასტუმროების გახსნის მაგივრად ამ ხალხს თუ არ დაეხმარება, ლუკრმა პურის შოვნის გზას მაინც ნუ მოუსპობს და ნუ გაყრის იქიდან. სოციალური დახმარების დანიშვნაზე ზედმეტია ლაპარაკი. და ქალბატონო მერი ერთი წუთითაც არ დაფიქრდეთ, წადით. ამ ქვეყანას დიდი ხანი არაფერი ეშველება.

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
20.01.2012 17:10
ნეტა ერთმა ხელისუფლების წარმომადგენელმა მაინც თუ წაიკითხა... დღიურმა ამატირა:(

ავტორი: nana საიდან გვწერთ: gori
12.01.2012 23:05
ამ კომენტარების მიხედვით კი კიდევ ერთი დღიური დაიწერებოდა, ქართველი ერთგული მკითხველის დღიური, გმადლობთ იმისთვის, რომ ასეთი გულისხმიერები და კეთილშობილები ბრძანდებით.

ავტორი: TinaTini საიდან გვწერთ: Tbilisi
12.01.2012 21:11
ასე თუ გავაგრძელეთ და თვალი დავხუჭეთ ყველაფერზე არ ვიცი სადამდე დავეცემით, ამაზე ფიქრიც კი მაშინებს...გაუგებარია რას ერჩიან ასეთ უწყინარ ხალხს, მითუმეტეს ისეთ ადამიანს, როგორიც ქალბატონი მერია, ის გაცნობის დღიდან მერი დეიდა გახდა ჩემთვის, განათლებული, თბილი და ერთგული ქალბატონია... მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს მხოლოდ მერი დეიდას კი არა მრავალი მისნაირი ადამიანის პრობლებაა, რომლებიც დილიდან საღამომდე იმისათვის იყინებიან ქუჩაში, რომ იარსებონ...

ავტორი: tiko საიდან გვწერთ: tbilisi
12.01.2012 13:50
ამ ადამიანს დახმარება ესაჭიროება და არა მართტო კეთილი სურვილები.იქნებ ყველამ ერთად მოვიფიქროთ რა შეგვიძლია მისთვის გავაკეთოთ?

ავტორი: irina საიდან გვწერთ: Tbilisi
12.01.2012 03:06
ჩემი აზრით ყველა უნდა მივიდეს ამ ქალთან და თითო წიგნი მაინც იყიდოს, მაგრამ მარტო ეს ქალი ხომ არ არის?? კიდევ რამდენია ასეთი გაჭირვებული?? და კიდევ ვიტყვით მთავრობა რამეს აკეთებსო? რად გვინდა ამდენი სკვერები და შადრევნები თუ ხალხს გარეთ გამოსვლის სურვილი და საშუალება არ ექნება??!

ავტორი: manana საიდან გვწერთ: sololakidan
11.01.2012 11:55
ძვირფასო, უძვირფასესო ქალბატონო, რამდენი წელია გიცნობთ და გაცნობის დღიდან მეძვირფასებით. რამდენი კარგი რჩევა მოგიციათ ჩემთვის, რამდენი წიგნი მოგიძებნიათ. როდესაც მიჭირდა ჩემი წიგნების რეალიზაციაშიც მომხმარებიხართ, თან ეჭვიანად ჩამეკითხებოდით ხოლმე, ნამდვილად ორი ეკზემპლარი გაქვს? ნამდვილად არ დაგჭირდება? წიგნებს კი სათუთად, ბავშვივით უვლით.. ღმერთო, რა დავაშავეთ, თქვენც გაქცევაზე ხართ, მეც, ბევრი სხვაც. სად უნდა წავიდეთ? სად დაგვხვდება საქართველო? სად გავიგონებთ ჩვენს ქართულს, სად წავიკითხავთ ქართულ წიგნებს??? მოდით, შევუძახოთ ერთმანეთს, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ეს მიწა, ეს ქალაქი, ეს ქუჩა და ბაღი, არსადაც არ წავალთ, არ უნდა წავიდეთ. წავიდნენ ისინი, ვინც დაგვცინის, ვინც ჩვენს ძვირფას ლიტერატურას და მეცნიერებას აბუჩად იგდებს; ვინც კედელზე წერს, რომ ილია მოკვდა, ვისთვისაც ყველაფერი ქართული მესამეხარისხოვანია.

ავტორი: lika საიდან გვწერთ: tbilisi
10.01.2012 01:56
ეს ქალბატონი სიკეთის განსახიერებაა.ის ჩემი მეზობელი,ჩემი მეგობარი და ჩემი უფროსი დაა.უფალს ვევედრები,რომ მის სახეზე სულ გიმილი მენახოს და მისი ცრემლიანი თვალები არასდროს დამენახოს.მიყვარხარ მერი ძალიან.მეამაყება,რომ ჩვენ ასეთი კარგი მეგობრები ვართ.უფალი ფარავდეს შენს ოჯახს.შენი ლიკა წკრიალაშვილი

ავტორი: lela საიდან გვწერთ: italia
08.01.2012 02:10
ღმერთმა გაგაძლიეროთ ქალბატონო მერი. ქვეყნიდან წასვლა ყველაზე ცუდი გამოსავალია. რაც აქ გემართება იმას ნოსტალგია არ ქვია, ის უსახელო ტკივილია, რომელიც იზრდება და იზრდება. მე ასე ვიტყოდი: არ გაბედო სიკვდილი, შენ შვილი გყავს.

ავტორი: მიხეილი საიდან გვწერთ: თბილისი
07.01.2012 23:01
ახალ წლამდე შოთა მესხიას სამტომეული შევიძინე მერისთან.დიდი ხანი არ მენახა,გაგვიხარდა ერთმანეთის დანახვა.ნათელი ქალბატონია,ადამიანი რომ უყვარს.რა გახდა ეს ბუკინისტების საკითხი,თითქოს ძალად დასდევენო.სანაპირო ხომ საერთოდ აბსურდია.რა მოხდება მეტროსთან რომ დააბრუნონ რუსთაველზე,დაიქცევა ქვეყანა?

ავტორი: teo საიდან გვწერთ: tbilisi
06.01.2012 20:16
დიდი მადლობა ყურადგებისთვის მერის ნომერია : 593245123 გაიხარეთ

ავტორი: შავლეგო კაპანაძე საიდან გვწერთ: თბილისი
06.01.2012 19:34
მე ოცი წლის თბილისელი სტუდენტი ვარ. რამოდენიმე თვის წინ (მას შემდეგ რაც ბუკინისტები ქუჩებიდან გაუჩინარდნენ) მომივიდა იდეა, რომ ბუკინისტური წიგნების ინტერნეტ მაღაზია გამეკეთებინა და გავაკეთე კიდეც - http://www.books.tomato.ge/
ამ საიტის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია სრულიად უფასოდ გაყიდოს ნებისმიერი წიგნი, ნებისმიერ ფასად და ძალიან მარტივად.
შემიძლია ვითანამშრომლო ქალბატონ მერისთან თუ მას სურვილი ექნება და დავეხმარო წიგნების საიტზე განთავსებაში.

მე შევეცადე ბუკინისტებისთვის ალტერნატიული სივრცე შემექმნა, ისინი შეძლებენ ქუჩაში დგომის გარეშე მუშაობას და გამოითავისუფლებენ დროს, რომელიც შეიძლება სხვა საქმის კეთებაში დახარჯონ. ეს საიტი, რა თქმა უნდა, ვერ ჩაენაცვლება ჩვენ ბუკინისტებს, კლასიკური გაგებით, მაგრამ მატერიალური თვასაზრისით არც თუ ისე უნაყოფოა.

გადახედეთ...
http://www.books.tomato.ge/

ავტორი: ნატო საიდან გვწერთ: თბილისი
06.01.2012 16:28
სულისშემძვრელი დღიურებია. ძალიან დამაინტერესა ამ ქალბატონმა და მინდა, ამავე სფეროში სამუშაო შევთავაზო, თუ რა თქმა უნდა, მისთვის მისაღები იქნება. იქნებ მისი საკონტაქტო ტელეფონი მაცნობოთ.

ავტორი: nata
04.01.2012 19:35
ღმერთმა გაგაძლიეროთ!!!

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: სამსახურიდან
04.01.2012 11:28
სულისშემძვრელი დღიურებია. კიდევ ერთხელ ვიგრძენი საკუთარი უმწეობა. ვუსურვებ გამძლეობას არაჩვეულებრივ ქალბატონს. ამავე დროს მჯერა, რომ ამ მადლმოსილი ადამიანის ცხოვრება აუცილებლად კეთილად შეიცვლება. ღმერთმა მოგცეთ ყველა სიკეთე, ქალბატონო მერი!

ავტორი: რას იტყვით
04.01.2012 04:56
2000-2000 აძლევს ცხვირწაჭრილ მსახიობებს,ივანიშვილი,დაანებოს მატ თავი და 300-300 მისცეს ასეთ გაჭირვებულებს . რას იტყვით?

ავტორი: mako საიდან გვწერთ: germania
04.01.2012 03:36
არაჩვეულებრივი დღიურია! ასე არც ერთი დღიური არ მომწონებია. რა ლექსიკა, წერის რა მანერა, რა თხრობა! და მერე რამხელა გულწრფელობა.
ისეთი სასიამოვნო მოსასმენი იყო, გარინდება მოგინდებოდა. მაგრამ ამბავია შემზარავი და მოდუნების საშუალებას არ გაძლევს.

დასანანია, რომ ასეთ ქალბატონს, ასეთ ადამიანს, ასეთ მოქალაქეს ქვეყნის დატოვების იმედიღა დარჩენია ორ სულიანი ოჯახის სარჩენად.

ავტორი: ვიპოვე გამოსავალი! თქვენ ვერა
04.01.2012 02:05
სასწაულად შრომისმოყვარე ქალბატონი ყოფილა და თან მეტად გაჭირვებული.
აი, ასეთ ხალხს უნდა დაეხმაროს ჩვენი მსოფლიოში უმდიდრესი, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი .
ეს იქნება, მისი ქველმოქმედების (თუ უნდა რომ გააგრძელოს!) სოციალურად სწორი გადანაწილება.
ვიპოვე გამოსავალი! თქვენ ვერა?

ავტორი: m.cuxishvili საიდან გვწერთ: parizi
04.01.2012 00:46
ბუკინისტებმა ისე გააძვირეს წიგნები მას ისევ მდიდრები თუ შეწვდებიან..მერი კარგი ადამიანია...ხელისუფლება კი ცდილობს როგორღაც შეგცვაცოტავოს......დაგვამციროს....გაგვაუბედუროს......ესეც ჩვენი ბრალია.......სიყვარული და ურთიერთგატანა აგარ ვიცით

ავტორი: ivrispireli საიდან გვწერთ: თბილისი
03.01.2012 20:47
ეხლა მინდა ვკითხო ქართველ ლიბერალებს,იყო თუ არა სოციალიზმი ჭეშმარიტად ხალხისთვის.ამაზე დიდი ბედნიერება რა არის როცა ხვალინდელი დღის შიში არ გაქვს არ გეშინია რომ შვილი თუ ავად გაგიხდება ვერ უმკურნალებ სიბერეში პენსიას არ მოგცემენ სამსახურიდან არ გამოგაგდებენ აი საით უნდა წავიდეს საქართველო და არა დამპალი იმპერიალიზმისკენ საითაც ამერიკა მიექანება ნახავტმალე მაგ ქვეყანას სოც რელსებზე შეყენებულს.

ავტორი: Dato საიდან გვწერთ: xaSuri
03.01.2012 20:18
ამ ქალბატონს მეც ვიცნობ, რამდენჯერ გვიყიდია მე და ჩემ მეგობარს წიგნი მისგან... წარმატებებს გუსურვებთ, ქალბატონო მერი, ბედნიერი წელი გქონოდეთ.

ავტორი: rusca mir საიდან გვწერთ: tbilisi
03.01.2012 16:19
როგორ დავუკავშირდეთ ამ ძალიან საჭირო ადამიანს?

ავტორი: მაგდა საიდან გვწერთ: მაგდებურგიდან
03.01.2012 02:25
სამწუხაროა, რომ თანდათანობით უწიგნურების ქვეყნად ვყალიბდებით. არ კითხულობენ; ამიტომ სიტყვათა მწირი მარაგი აქვთ და იმათაც არასწორად აბამენ ერთმანეთს. ყველას ტელეყუთიდან სურს ლაპარაკი; შეუძლია, თუ არა –– ეს მეათეხარისხოვანია. ამ შესანიშნავი ქალის დღიურებში მოხსენიებული 4 ადამიანიდან მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი მკითხველი და აბა, თუ გამოიცნობთ –– ვინ?
პაიჭაძეს კი –– ეკრანიდან ბრძნული გადაცემის წაყვანას, ურჩევნია, ამ პრობლემას მიხედოს (ოღონდ ––ყასიდად არა).

ავტორი: ekaterine საიდან გვწერთ: Tbilisi
02.01.2012 14:14
პირადად ვიცნობ ქალბატონ მერის და არაცჰვეულებრივი ადამიანია, ბევრი წიგნი შჰემიძენია მასტან, მარტლა არ მეგონა თუ ასე უჭირდა. ვუსურვებ რომ მისი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვლილიყოს და იმედი არ დაეკარგოს

ავტორი: თა–მილა საიდან გვწერთ: სახლიდან
02.01.2012 02:33
იმედი და სიკეთე არ მოუშალოს ამ ქალს ღმერთმა,მაგრამ მე მაინც მგონია ,რომ ემიგრანტთა სია კიდევ ერთი სასოწარკვეთილი ქართველით შეივსება...აი ასე ახრჩობს უჰაერობა ყველას,ვინც მიდის სამშობლოდან.
უნდა ვინმეს კარგი გზები და ლამაზი ფასადები,როცა როცა უბედური და სასოწარკვეთილი ქართველობა დაიარება ამ გზებზე?
გაუმარჯოს დანგრეულ გზებს,თუ კარგი გზები ჩვენი ღირსების საფასურია!აი ასე!!!

ავტორი: ნატო საიდან გვწერთ: თბილისი
02.01.2012 02:24
ამ ქალს კერ კიდევ მაღაზიიდან ვიცნობ,არაჩვეულებრივი ,მოწესრიგებული მაღაზია ჰქონდა,რა წიგნი გინდოდა რომ მასთან არ შეგეძინა.მას ძალიან უყვარდა ყვავილები და მაღაზიაში ჰქონდა უამრავი ულამაზესი ყვავილი.ხალხი ზოგჯერ ყვავილების დასათვალიერებლადაც კი შედიოდა.შემდეგ როცა მაღაზია დაუხურეს და თავისუფლებაზე გადავიდა იქაც ქარში,წვიმაში თუ სიცხეში იდგა და სიყვარულით და სითბოთი ემსახურებოდა ყველას .ცოდოა ნამდვილად,სად უნდა წავიდეს?ისე კი რამდენი საქმის მცოდნე გააქცია და გადახვეწა ამ მთავრობამ საქართველოდან.გვეშველება ნეტავ როდისმე?

ავტორი: დათო პაიჭაძე საიდან გვწერთ: თბილისი
02.01.2012 01:32
შეეშვით ამ ადამიანებს. კარგი, თუ მიწისქვეში ფართის კომერციალიზება ხდება, მიეცით უფლება, ივაჭრონ სხვაგან. არაფერ ცუდს არ "უშვება" ამ ქალაქს სტელაჟები ძველი წიგნებით - სადაც გინდა, იქ იდგეს ისინი. რა ახირებაა ამის აკრძალვა, არ მესმის. თან, ყველამ ნახეთ, არ იყიდება წიგნი მტკვრის პირას. იმ ადგილას შემთხვევით ვერ მოხვდები. ერთი პრემირებული პროზაიკოსი, წარმოშობით თბილისის საკრებულოდან (არა თავმჯდომარე), ლამის დასცინოდა აზრს, რომ წიგნთან შეხვედრა სპონტანურ სიხარულს განიჭებს და ქალაქში, სჯობს, იყოს ადგილები ასეთი სიხარულისთვის. მეც ვიცნობ ამ ქალბატონს, ერთი-ორჯერ გვიასუბრია და ჩემთვის ყელში წაუჭერია საკუთარ უმწეობას. თქვე კაი ხალხო, თუ მეგაზეთეებს მიეცით ნება, სტელაჟები დადგან და ივაჭრონ იქ, სადაც ადრე ჯიხურები ედგათ, წიგნის გამყიდველებმა სად და რაში შესცოდეს თქვენს წინაშე? თუ დაიჯერებთ, ხშირად უკეთეს წიგნებს ყიდიან და უფრო იაფად, ვიდრე ზოგი გამომცემლობა თავისი ახალი, პრიალა, ლამაზყდიანი სერიებითა და უმდარესი თარგმანებით. საქმე ეხება სულ რამდენიმე ადამიანს, რომელთაც არც ლობი ჰყავთ და არც სხვაგვარად შეუძლიათ ინტერესთა დაცვა. მარტო გულშემატკივრები ჰყავთ, ისიც ცოტა. "О! Папа! И сколько у него дивизий?"

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
01.01.2012 19:55
რამდენჯერ შეიძლეა გული გამიჩერდეს მსგავსი ამბების მოსმენისას ან წაკითხვისას. სირცხვილი უკვე ეს ყველაფერი. რაღაც უნდა ვიღონოთ ხალხოოო!!!!!!!

ავტორი: lado საიდან გვწერთ: berlinidan
01.01.2012 16:55
საბჩოთა დროოს ბუკინისტური მაგაზიები ტბილისში მანდამაინც ბევრი არ იკო, მაგრამ მოცესრიგებული, კატალოგებით, და ბევრს საინტერესოს მონახავდი. დგეს ეს კულტურა აგარ არსებობს. წიგნები ერთმანედზეა დაკრილი, გამკიდველი გაგებაში არ არის რა აკვს, და რამის მონახვა თითქმის შეუდზლებელია. ქუჩაშო მიოვაჩრეებთან ტუ იპოვნი რამეს ან მშრალ ხიდზე.,
ბუკინისტური მნაგაზიების მოსპობა უკულტურობის და უწიგნურობის ნიშანია იმისა ვინც ამას აკეტებს.
დზალიან სამცუხარო მოვლენაა

ავტორი: ვიტორიო საიდან გვწერთ: თბილისი
01.01.2012 10:49
ძალიან განვიცდი ამ კეთილშობილი და განათლებული ქალბატონის მდგომარეობას. იმედი მაქვს არ მოუწევს საქართველოდან წასვლა და საქართველოში ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. მთავარია პოზიციასაც და ოპოზიციასაც ერთი მიზანი ამოზძრავებდეს - საქართველოს კეთილდღეობა.
აუცილებლად შევივლი წიგნების ჯიხურში და შევიძენ მისგან რაიმე წიგნს

ავტორი: მარი საიდან გვწერთ: თბილისი
31.12.2011 20:38
რამდენიმე საათში ახალი წელია,მე კი ვზივარ და ვტირი.
ძალიან მტკივნეული რეალობაა.
ცვლილებას,ბედნიერ მომავალს ვუსურვებ ამ კარგ ქალბატონს.

ავტორი: ანონიმი
31.12.2011 18:55
მიშა მაგარია, არა, მიშისტებო?

ავტორი: გიო საიდან გვწერთ: თბილისი
31.12.2011 10:59
ვფიქრობ ყველა უნდა მივიდეს და თითო წიგნი იყიდოს ამ ადამიანისგან! ჯერ-ჯერობით მხოლოდ ასე შევძლებთ დახმარებას. მე მივალ დღეს ან შემდეგ კვირაში, აუცილებლად.

ავტორი: თეა საიდან გვწერთ: სამსახურიდან
30.12.2011 12:06
არ ვიცი როგორ გაგამხნეოთ, მაგრამ მადლობელი ვარ თქვენი გულახდილობისთვის და გამძლეობა მინდა გისურვოთ! იმედგაცრუება. გაბრაზება, უკმაყოფილების გრძნობა, სირცხვილი თუ შიმშილი შორეულ წარსულად გექცეოდეთ მინდა! მიჭირს შესაფერისი სიტყვების პოვნა...

ავტორი: nann საიდან გვწერთ: tbilisi
30.12.2011 10:21
გული ამიჩუყდა:( წარმატებას გისურვებთ და ღვთის წყალობას.. თქვენ ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით და ყველაფერი კარგად იქნება:*

ავტორი: ნანა საიდან გვწერთ: ლატვია
30.12.2011 06:56
ძალიან ძალიან მომეწონა ამ ქალბატონის დღიური. ამ საიტს თითქმის ყოველდღიურად ვსტუმრობ და თავისუფლების დღიურებსაც ვადევნებ თვალს. ასე ძალიან დიდი ხანია არავის დღიური არ მომწონებია და ჩემზე ნამდვილად იმოქმედა ამ ქალბატონის შიგადაშიგ სასოწარკვეთილმა განწყობამ მაგრამ მაინც ოპტიმისტურმა დამოკიდებულებამ. როდესაც თბილისში ცვხოვრობდი და ვსწავლობდი ხშირად მიყიდია მიწისქვეშა გადასასვლელში წიგნი და ხშირად ისეც მომხდარა რომ ჩამივლია და არ შემიხედავს წიგნებისთვის იმიტომ რომ ვიცოდი რაიმე საინტერესო რომ მენახა ვერ ვიყიდდი და გული დამწყდებოდა. ისეც ყოფილა რომ დედაჩემის მიერ მოცემული ფულით რომელიც საჭმლისთვის და მგზავრობისთვის უნდა გამომეზოგა წიგნები მიყიდია და ბოლო დღეები ან ფულს ვსესხულობდი ან თეთრებს ვითვლიდი. მოკლედ ჩემთვისაც სასოწარმკვეთი რეალობა იყო. ახლა კი ევროკავშირის სტიპენდიით ერთი წელი უზრუნველად ვიცხოვრებ და აუცილებლად დავზოგავ ფულს რომ როცა ჩამოვალ ძალიან ძალიან ბევრი წიგნი ვიყიდო და ბუკინისტებიც გავახარო დე მეც გავიხარო რადგან წიგნების ყიდვა და მათი კითხვა ჩემთვის ყველაზე დიდი რელაკსაციაა.კიდევ ბევრი რამ მაქვს წასაკითხი და თქვენ აუცილებლად უნდა იარსებოთ იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდებით ვისაც წიგნები ყველაფერს გვირჩევნია. მე მესმის თქვენი განწყობა ძალიან კარგად იმიტომ რომ სანამ საქართველოდან წამოვიდოდი მეც სასოწარკვეთილების და განწირულობის შეგრძნებით დავდიოდი თბილისის ქუჩებში.და ეს ერთწლაინი სტიპენდია ჩემთ[ის მაშველი რგოლი იყო რომელმაც უფსკრულიდან ამომათრია იმიტომ რომ არა ეს პროგრამა მეც ვაპირებდი საქართველოდან წასვლას და ბევრი სხვა ქართველივით მოჯამაგირედ მუშაობას ეს ალბათ მთავარ გზას ამაცდენდა მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. და როცა იმედი სულ გადამეწურა მხოლოდ მაშინ გავიგე რომ თურმე გავიმარჯვე. მინდა გისურვოთ გამძლეობა და ჩემს ამ მონოლოგსაც იმ ფრაზით დავასრულებ როგორც თქვენ და ხსირად გავუმეორებ საკუთარ თავს: არ გაბედო სიკვდილი სანამ ცოცხალი ხარ.

ავტორი: მიხეილ
30.12.2011 05:46
ეს ქალბატონი ძალიან ნაცნობი ადამიანია ჩემთვის. წლების წინ, როცა საქართველოში ვცხოვრობდი ძალიან ხშირად შემიძენია მასთან წიგნები. გული მტკივა, რომ ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში უწევს ცხოვრება და ვუთანაგრძნობ მას. პირდაპირ სამარცხვინო სიტუაციაა საქართველოში და უკვე კმარა ეს, ხალხი უკიდურეს ზომამდეა მისული ამ ყალბი ხელისუფლების გამო. წლები ისე გადის, რომ ხალხის უმრავლესობა გაუსაძლის გაჭირვებას ვერ აღწევს თავს და ამას უგემოვნოდ იაფფასიანი საღებავებით ფარავს ხელისუფლება. "ფასადების გადაღებვით, ხალხის კეთილდღეობამდე" - ესაა საქართველოს იდეა ფიქსი. ევრო კავშირზე და ნატოზე აქვთ პრეტენზია, ვაი, მაგათ პატრონს.
გისურვებთ წარმატებებს და ჩანაფიქრების ასრულებას, პატივცემულო ქალბატონო!!!

ავტორი: e.metreveli
28.12.2011 21:12
მხნეობას და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მომეწონა თქვენი დღიური და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი გაუსაძლისი მდგომარეობა მალე უკეთესობისკენ შეიცვლება.

ყველაზე პოპულარული