Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნი სუიციდზე, როგორც კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ პლასტზე


გამომცემლობა „ინტელექტმა“ წელს გამოსცა რუსი მწერლისა და იაპონოლოგის, გრიგოლ ჩხარტიშვილის წიგნი „მწერალი და თვითმკვლელობა“. როგორც მკითხველისთვის ცნობილია, იგი თავის მხატვრულ ტექსტებს ბორის აკუნინის ფსევდონიმით აქვეყნებს (და ორი სხვა ფსევდონიმის ქვეშაც დაუწერია ნაწარმოებები), თუმცა რაც შეეხება ესეისტიკას, კვლევებს, თარგმანებს, იგი მათ მხოლოდ საკუთარ გვარს აწერს ხელს. ამიტომ დასაწყისშივე უნდა აღვნიშნო, რომ ყდაზე დიდი შრიფტით გამოტანილი ბორის აკუნინი და მის ქვეშ უფრო მცირე შრიფტით მიწერილი გრიგოლ ჩხარტიშვილი უზუსტობაა, ან მექანიკურად დაშვებული, ან მარკეტინგული გათვლით გაკეთებული, თუმცა ასეთი გათვლაც გაუგებარია, ვინაიდან მეეჭვება ისეთი მკითხველი მოიძებნოს, რომელიც აკუნინსა და ჩხარტიშვილს შორის იდენტიფიკაციას ვერ გააკეთებს. ერთი სიტყვით, წავშალოთ ყდაზე აკუნინი, დავტოვოთ ჩხარტიშვილი, გადავშალოთ წიგნი და შიგ ჩავიხედოთ.

„ამ წიგნის სათაურმა შესაძლოა მავანი შეცდომაში შეიყვანოს.

პირველ ადგილზე დგას „მწერალი“, „თვითმკვლელობა“ კი მეორეზე, მაგრამ სინამდვილეში ავტორს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თვითმკვლელობა აინტერესებს“ - ასე იწყებს ჩხარტიშვილი თავის წინათქმას. და ეს მართლა ასეა - ავტორის მთავარი მიზანი სულაც არაა თვითმკვლელ მწერლებზე ინფორმაციის შეგროვება და მათ ტრაგიკულ ცხოვრებაზე ესეებისა თუ მხატვრულ-დოკუმენტური პასაჟების წერა (თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის კეთებაც უწევს). მას აინტერესებს სუიციდი, როგორც ფენომენი, როგორც იდეოლოგიათა შეჯახების ყველაზე მწვავე პუნქტი, როგორც ადამიანური თავისუფლების გამოვლინების ყველაზე ზღვრული, ყველაზე საკამათო და ვინ იცის, იქნებ სწორედ ამიტომაც, ყველაზე ორგანული საქციელი. ავტორი წიგნის პირველ ნაწილში იკვლევს, თუ როგორი იყო დამოკიდებულება სუიციდისადმი სხვადასხვა ეპოქებში, ანტიკური ხანიდან დაწყებული, მე-20 საუკუნის დასასრულამდე. ისტორიულ პლასტს ედება მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, რელიგიური პლასტი, რელიგიურს - ფილოსოფიური, ფილოსოფიურს - ფსიქოლოგიური, ფსიქოლოგიურს - სოციალური, სოციალურს - ეთნიკური და ა. შ.

ასეთი პლასტი ძალიან ბევრია და როდესაც კითხვისას მათ გავდივართ, თანდათან ჩვენს თვალწინ იხატება სუიციდის მრავალათასწლოვანი ისტორია, რომელიც, ამავე დროს, არის სუიციდთან ბრძოლის ისტორიაც, მისი ტაბუირების, დათრგუნვის, აღკვეთის, დასჯის პერმანენტული მცდელობებით რელიგიური თუ სახელმწიფო ინსტანციების მხრიდან. ვინაიდან ადამიანი, რომელიც ბედავს თავად განკარგოს საკუთარი სიკვდილი, თავისდაუნებურად ხდება დაუმორჩილებელი, არღვევს დოგმებს, გამოდის რეჟიმის კონტროლიდან, ეს კი თვითმკვლელებისადმი სასტიკ შეუწყნარებლობას ბადებს. თუმცა, არ მინდა ამ ბოლო ფრაზამ შეგიქმნათ შთაბეჭდილება, თითქოს გრიგოლ ჩხარტიშვილი თვითმკვლელთა ადვოკატია. არა, წიგნის ღირსება სწორედ ისაა, რომ იგი არც ადვოკატია, არც პროკურორი და არც მოსამართლე, იგი ცდილობს ბოლომდე გაუგოს ორივე მხარეს, მათ არგუმენტებსა და მოტივაციებს. ხოლო რათა პრობლემის გულისგულში შეაღწიოს, ზოგადი სურათის დახატვის შემდეგ, იგი თვითმკვლელთა ფართო რიგებიდან ირჩევს ლიტერატორებს მათი ექსჰიბიციონისტური პროფესიის გამო, იმის გამო, რომ ისინი სხვებზე უკეთ ახერხებენ საკუთარ მოქმედებათა გააზრებას და ვერბალიზაციას, და რომ ისინი სუიციდის საუკეთესო დამცველებადაც გამოდგებიან და მამხილებლებადაც. ყოველივე ეს უკვე წიგნის მეორე ნაწილში ხდება - აქ ავტორი ცდილობს ლიტერატურული სუიციდის, ანუ არტურ რემბოს სიტყვებით რომ ვთქვათ, ლიტერატურიციდის სხვადასხვა ისტორიები მოგვითხროს თვითმკვლელობის მოტივაციათა მიხედვით.

წიგნს აქვს მესამე კორპუსიც: „ლიტერატურიციდის ენციკლოპედია“, სადაც 370 თვითმკვლელ ლიტერატორზე ბიოგრაფიული ცნობებია მოკრებილი და დალაგებული. ამ ენციკლოპედიაში ორი ქართველი ავტორიცაა შესული და ალბათ რთული არ იქნება იმის გამოცნობა, თუ ვინ: გალაკტიონ ტაბიძე და პაოლო იაშვილი.

ეს წიგნი გადმოაქართულა თამარ კოტრიკაძემ, რომელიც ერთნაირი წარმატებით თარგმნის გერმანულიდან, ინგლისურიდან და რუსულიდან გემოვნებიან და გამორჩეულ ტექსტებს. აი, რა გვითხრა მან გრიგოლ ჩხარტიშვილის ამ წიგნის შესახებ:

„ეს არის მეორე წიგნი ბორის აკუნინის, იგივე გრიგოლ ჩხარტიშვილის, რომლის თარგმნაც მე მომიწია. აქაც ჩვენი მკითხველი მას ჩვეულ, ბელეტრისტულ ამპლუაში კი არ ნახავს, არამედ როგორც ესეისტს. მაგრამ თუ პირველი წიგნი, რომელიც მე ვთარგმნე, „სასაფლაოს ამბები“, მხოლოდ მსუბუქ რეფლექსიას შეიცავდა, ეს არის საფუძვლიანი კვლევა თვითმკვლელობის ფენომენისა და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მას აინტერესებს, თუ რა გარეგანი თუ შიდა მიზეზები უბიძგებს ადამიანს თვითმკვლელობისკენ, მაგრამ, მეორე მხრივ, საინტერესოა ის, თუ როგორი რეაქცია აქვს საზოგადოებას ამ ფენომენზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტები, როცა თვითმკვლელობა იქცევა ნორმად. მაგალითად, ძალიან საინტერესო მონაკვეთები არის რუსეთში მეძველწესეების შესახებ და ასევე ჰარაკირის იაპონური ტრადიცია. მე მიმაჩნია უნიკალურად ეს გამოკვლევა, რომელიც, ერთი მხრივ, კომპილაციაა მთელი იმ დასავლური კვლევებისა, რომელიც სუიციდოლოგიამ დააგროვა თავისი არსებობის მანძილზე. მეორე მხრივ კი უნიკალურია იმიტომ, რომ ზოგადი განათლების ადამიანისათვის გასაგები ენით გვიყვება ავტორი და ჩვენთან არც დაწერილა და, მგონი, არც თარგმნილა ასეთი ნაწარმოები“.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ყოველივე ზემოთქმულის მოსმენის შემდეგ, შესაძლოა, ბევრს გაუჩნდეს კითხვა: კი მაგრამ, ღირს კი მისი წაკითხვა? ელემენტარულად, ხომ არაა „ბოროტი“ წიგნი? ხომ არაა ეს ის შემთხვევა, რომ სუიციდის ისტორიაში ასეთმა ჩხრეკამ მკითხველს შეიძლება უბიძგოს საბედისწერო ნაბიჯისაკენ? ამ წიგნს მე კარგა ხანია ვიცნობ. “მწერალი და თვითმკვლელობა“ 1999 წელს გამოიცა. და მე მას სადღაც 2000-იანების დასაწყისში გადავაწყდი მოსკოვში, შევიძინე და ამის მერე სულ ვუტრიალებდი. ახლაც, ქართული ვარიანტის მორიგი გადაკითხვისას, ეს სავარაუდო კითხვები რომ წამომეშალა, პასუხად ბორხესის ერთი გენიალური მოთხრობა, „საიდუმლო სასწაული“, გამახსენდა. მოთხრობაში სიკვდილმისჯილი მწერალი იარომირ ხლადიკი განუწყვეტლივ წარმოიდგენს, თუ როგორ ხვრეტენ მას. წარმოიდგენს სხვადასხვა ვარიანტებს: თუ როგორ მიჰყავთ სხვადასხვა გზით, წარმოიდგენს ამ გზაზე დერეფნებისა თუ ეზოს სხვადასხვა ფორმებს, წარმოიდგენს, თუ როგორ ხვრეტენ სხვადასხვა ჯარისკაცები სხვადასხვა დისტანციებიდან და ა. შ., უსასრულოდ, ბოლოს კი გაიფიქრებს, რომ წარმოსახვის ხორცშესხმა რეალობაში არ ხდება და დაასკვნის, რომ თუკი განაგრძობს ამ სცენების წარმოსახვას, ეს სცენები აღარ რეალიზდება, ანუ თუკი საკუთარი სიკვდილის ყველა შესაძლო სცენის წარმოდგენას შეძლებს, აღარ მოკვდება.

ცხადია, ყოველივე ეს გონების სპეკულაციაა, მაგრამ სუიციდიც ხშირად არის არა უბრალოდ ემოციებს აყოლა, არამედ გონების სპეკულაცია. ამიტომაცაა, რომ ინტელექტუალები, შემოქმედები მაღალი სუიციდური რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. „მწერალი და თვითმკვლელობა“ კი ისეთი წიგნია, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მასში თავმოყრილია სუიციდის აქტის ჩატარების ყველა შესაძლო ვარიანტი, სუიციდის გამამართლებელი თუ გამამტყუნებელი ყველა არგუმენტი, ყველა ყურადსაღები აზრი, გამოთქმული სუიციდზე... ერთი სიტყვით, ამ წიგნის მკითხველი ემსგავსება ბორხესის პერსონაჟ იარომირ ხლადიკს და ამ 600 გვერდზე თითქმის ამოწურავს ყველა იმ სცენას თუ საკითხს, რაც თვითმკვლელობასთან მიმართებაში შეიძლება გაუჩნდეს, რის გამოც შანსი იმისა, რომ თავად იგი ხელყოფს საკუთარ სიცოცხლეს, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თითქმის ნულამდე დავა.

ვისაც გნებავთ, სერიოზულად მიიღეთ ეს ჩემი ლიტერატურული ალუზია, ვისაც გნებავთ, იმ „შავ იუმორად“, ასეთ წიგნს რომ შეეფერება, მაგრამ სიმართლე, საბოლოო ჯამში, მაინც ის იქნება, რომ ჩხარტიშვილის ეს კულტუროლოგიური ნაშრომი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რაკურსით წაკითხვის შთამბეჭდავი მცდელობაა. როგორც ვკითხულობთ წიგნებს ომებზე, როგორც ვკითხულობთ სიგიჟისა თუ სატუსაღოების ისტორიებს ფუკოს წიგნებში, ასევე უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი, არა „ბოროტი“, არამედ ძალიან მართალი და ამიტომ ძალიან ძლიერი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG