Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უელბეკი, თავისი ინსტრუქციებით


მიშელ უელბეკი თანამედროვე უცხოელ მწერლებს შორის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორია. რასაც ის წერს, მგონი, თითქმის ყველაფერი ითარგმნება ქართულად და არა მარტო ითარგმნება, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იკითხება კიდეც. აქამდე ჩვენ მისი მხატვრული ტექსტები ვიცოდით, მაგრამ ცოტა სხვანაირი უელბეკიც არსებობს და ასეთი უელბეკი შეგვიძლია გავიცნოთ წიგნით „სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები“, შარშან „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ რომ გამოსცა. ამ წიგნში ავტორის ესეისტიკა და პუბლიცისტიკაა თავმოყრილი. არის ტექსტებიც, რომელთა ჟანრიც საკმაოდ რთული განსასაზღვრია: ესაა ჟურნალებისთვის დაწერილი პატარა ტექსტები, აი, აშკარად რომ ეტყობა, რედაქციის მიერ განსაზღვრულ 500 თუ 600 სიტყვაში რომ უნდა ჩატეულიყო და ამიტომ სათქმელიც იპრესება, ხშირად მოულოდნელად იჭრება, წყდება, თითქოსდა ჰაერში გამოკიდებული რჩება, თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ ასეთი ფორმა წამოჭრილ თემაზე ფიქრის განვრცობის მშვენიერ იმპულსებს ბადებს. თემა კი ამ წიგნში ბევრია, ამიტომ თავისთვის ახლობელს აქ, ალბათ, ყველა იპოვის.

„სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები“ ირმა ტაველიძემ თარგმნა და სწორედ მას ვთხოვეთ ამ წიგნზე ესაუბრა:

„ეს არის ძველი ტექსტები. 90-იანი წლების დასაწყისიდან იწერებოდა, სანამ უელბეკი დაწერდა თავის დიდ და კარგ წიგნებს. ენობრივი თვალსაზრისით განსხვავება საერთოდ არ არის: უელბეკი როგორც წერს წიგნებს, ისე წერს ამ ტექსტებს. უბრალოდ, განსხვავება არის მასშტაბებში. თემებიც კი თითქმის ერთი და იგივეა. ყველაფერი ის, რაც შემდეგ შეგვხვდება მის წიგნებში, თითქმის უკვე მოცემულია ამ პატარ-პატარა ტექსტებში. და უელბეკის მკითხველისთვის სასიამოვნო იქნება წასაკითხად სწორედ იმიტომ, რომ დაინახავს თავის საყვარელ მწერალს, შეიძლება, რაღაც აზრით, უფრო მსუბუქს, უფრო მომხიბვლელს... პირველი, რაც მე წავიკითხე უელბეკის, იყო სწორედ ეს პატარ-პატარა ტექსტები და აქედან გამიჩნდა თარგმნის სურვილი და მივხვდი, რომ ეს საინტერესოა, ეს კარგია, ეს აქტუალურია...“

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო „სიცოცხლის გაგრძელება“, ტექსტი, რომელსაც თავად ავტორმა სახელმძღვანელო უწოდა და რომელიც რჩევა-დარიგებების ერთგვარ ნაკრებს წარმოადგენს პოეზიის გზაზე შემდგარი ადამიანებისათვის. თავისთავად მან რაინერ მარია რილკეს „წერილები ახალგაზრდა პოეტს“ გამახსენა. ის კი არა და, თაროზეც კი მოვძებნე რილკეს ეს თხელი კრებული და, უელბეკით ინსპირირებულმა, თავიდან გადავიკითხე. ერთი საუკუნის შუალედით დაწერილი ეს ორი ტექსტი, ცხადია, ბევრი რამით განსხვავდება ერთმანეთისგან და, პირველ რიგში, ინტონაციით, განწყობით, „პოეტური არსებისადმი“ მიდგომის თავისებურებებით. რილკესათვის პოეტი ფაქიზი არსებაა და ამიტომ ცდილობს პოეტური ყოფის სიმძიმენი და საიდუმლოებანი ახალგაზრდა შემოქმედს გულშიჩამწვდომი კეთილგანწყობით აუხსნას და მთავარ პრობლემებთან თანდათანობით მიაახლოოს. აი, უელბეკი კი, პირიქით, პოეტად ყოფნის შემზარავ პერსპექტივებს მაშინვე თვალწინ გვიშლის თავის პატარა „სახელმძღვანელოში“. ის ცხოვრების იმ სასტიკ წესს აღწერს, რაც, მისი აზრით, დღევანდელ პოეტს უნდა ჰქონდეს, თუკი იგი ამ გზაზე მართლა რამის მიღწევას აპირებს. ეს გზა კი მძიმეა. აი, როგორია მისი რჩევები:

„ბოლომდე შედით უსიყვარულობის წიაღში. საკუთარი თავის სიძულვილზე იმუშავეთ. სხვების ზიზღი, საკუთარი თავის სიძულვილი; სხვების სიძულვილი, საკუთარი თავის ზიზღი - ყველაფერი აურიეთ. შეაზავეთ. ცხოვრების ალიაქოთში თავი ყოველთვის წაგებულად ჩათვალეთ. სამყარო, როგორც დისკოთეკა. რაც შეიძლება მეტი იმედგაცრუება დააგროვეთ. ისწავლო პოეტობა - ეს ნიშნავს, ცხოვრებას გადაეჩვიო“.

მიშელ უელბეკი
მიშელ უელბეკი

უელბეკი აქ მხოლოდ ზღვრულ მდგომარეობებზე ლაპარაკობს. მისთვის პოეტობა მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში ყოფნაა. თავისი სახელმძღვანელოთი იგი ცდილობს სუსტები დააფრთხოს. მის ყოველ ფრაზაში გამოსჭვივის: თუ ჩვეულებრივი ცხოვრება გინდა, შეეშვი მაშინ პოეტობას, ამასთან არაფერი გესაქმება. ჩვეულებრივი კი არა, ის ხომ მეტსაც ამბობს: „ისწავლო პოეტობა - ეს ნიშნავს, ცხოვრებას გადაეჩვიო“. საერთოდ, ასეთი - მიზანში მორტყმული - ფრაზები მასთან ხშირადაა. აქაც და ამ წიგნის სხვა ტექსტებშიც. აი, აფორიზმებივით რომ შეიძლება დაგამახსოვრდეს. მაგალითად, ერთგან იგი ამბობს: “როგორც კი გართობას გადაწყვეტთ, დარწმუნებული იყავით, მოწყენილობისგან მოკვდებით”. ამ ტექსტშიც ინსტრუქციებია. რაც უნდ უცნაურად ჟღერდეს, ამჯერად იგი გვასწავლის, თუ როგორ გადავურჩეთ ისეთ ფენომენს, რომელსაც ზეიმი და დღესასწაული ჰქვია.

„ჟაკ პრევერი იდიოტია“ - შეუძლია, აი, ასეთი ფრაზაც დაახეთქოს და პირდაპირ სათაურად გამოიტანოს და მერე საზიზღარ „პოეტურ რეალიზმზე“ გველაპარაკოს.

არის თუ არა უცნაური, რომ ასეთმა ავტორმა ქართველი მკითხველის გულისკენ მიმავალი გზა იპოვა? - ვკითხეთ ირმა ტაველიძეს.

ირმა ტაველიძე
ირმა ტაველიძე

„რატომ დაინტერესდა ქართველი მკითხველი უელბეკით? ეს ჩემთვის არ არის ცხადი და ნათელი. ერთი შეხედვით, ის პრობლემები, რომლებიც ქართველ მკითხველს აწუხებს, არ არის დაკავშირებული უელბეკისთვის მტკივნეულ თემებთან. ჩვენ წლიდან წლამდე ჯერ კიდევ თავის გატანას ვცდილობთ და ჩვენთვის უცხოა გაუცხოებული, დაკარგული ადამიანის პრობლემები. ალბათ, მიზეზი, რაც შეიძლება იყოს ქართველი მკითხველის დაინტერესების, არის ის, რომ უელბეკი ცდილობს შეუთავსებლის შეთავსებას და ეს ახალია. თავის წიგნებში - არა მხოლოდ ამ ესეებში, არამედ უფრო მეტად რომანებში, თუნდაც „პლატფორმაში“ - ის ცდილობს სანტიმენტალიზმისა და პორნოგრაფიის შეთავსებას, რაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. იქ არის ძალიან სერიოზული საუბარი და გრძელი და ხშირად მომაბეზრებელი საუბარი ეკონომიკაზე, საზოგადოების ყოფაზე... თეორიული მსჯელობაა ძალიან ბევრი. და, ამავე დროს, არის საუბარი წიგნის სიყვარულზე, სიყვარულის შესაძლებლობაზე. ასეთი რამ ყოველთვის ზემოქმედებს მკითხველზე. და ის ხშირად ამბობს, რომ ქალებს მოსწონთ მისი ტექსტები და ქალები ტირიან მის რომანებზე - ალბათ, სწორედ ამიტომ... მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, გვაქვს ის განცდა, რომ სიყვარული ჯერ კიდევ შესაძლებელია სადღაც, რაღაც კუნძულის სახით, ან ცოტა ხნით მაინც“...

რომ შევაჯამოთ, უელბეკის ეს წიგნი, მიუხედავად თავისი გარეგნული სისასტიკის და სიუხეშისა, საკმაოდ მხიარულიცაა, რადგან განზრახ ფორსირებული სისასტიკით და სიუხეშით ავტორი უკუეფექტს იწვევს, თავისთავად არსებულ ირონიას თუ სარკაზმს კიდევ უფრო ამძაფრებს, ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს მკითხველს ისე უყირავებს, რომ ეს ამოყირავებული ცხოვრება, სადაც პოეტობა ცხოვრებიდან გაქცევაა, ჟაკ პრევერის ლექსები იდიოტობა და დღესასწაული მოწყენილობაა, საშიშ პარამეტრებს კარგავს და მასში მოხვედრის შესაძლებლობა მიმზიდველიც კი ხდება.

XS
SM
MD
LG