Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკულატურაში მობორიალე ოდისევსი-ლუზერი


გამომცემლობა „პალიტრა L”-მა შარშან ზაალ ჩხეიძის მიერ ნათარგმნი ჩარლზ ბუკოვსკის „მაკულატურა“ გამოსცა. ეს რომანი მე 90-იან წლებში წავიკითხე პირველად „ინოსტრანკაში“. მაშინ არც ისე ბევრი რამ ვიცოდი ამ ავტორის ბიოგრაფიასა და მის სახასიათო შტრიხებზე. რაღაც ლექსები მქონდა წაკითხული მისი და სულ ეგ იყო. თუმცა განწყობა, რომელიც ამ ტექსტმა დამიტოვა, მთელი 20 წლის განმავლობაში მკაფიოდ გამომყვა. ამიტომ ქართულ თარგმანში მისი თავიდან წაკითხვა ძალიან საინტერესო იყო და იმ ძველი შთაბეჭდილებების გადასინჯვა-გადამოწმებასაც გულისხმობდა. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ეფექტი მოულოდნელიც კი აღმოჩნდა: ბუკოვსკის ეს სიკვდილისწინა რომანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ანდერძი“, იმაზე უფრო ელვარე გამოდგა, ვიდრე მახსოვდა. გარკვეულწილად, ალბათ იმიტომ, რომ ქართულად ამეტყველებული ბუკოვსკი პირდაპირ „ჯიგარში მიდიოდა“, მეორე მხრივ კი, ამ 20 წლის განმავლობაში დაგროვილი გარკვეული ცოდნისა თუ ინფორმაციის გამო ტექსტის რაღაც პლასტები უფრო ღრმად იკითხებოდა. თუნდაც ის, რომ პირველად „მაკულატურას“ როცა ვკითხულობდი, ლუი ფერდინან სელინი გადაშლილი არც კი მქონდა. არადა, რომანის სიუჟეტური ქარგა აგებულია იმაზე, რომ მთავარ პერსონაჟს, დეტექტივ ბილეინს, სელინის მოძებნას დაავალებენ - იმ სელინის, რომელიც 30 წელზე მეტია, უკვე მკვდარია. ეს დეტექტივი ბილეინი კი სწორედ ამ მეორე წაკითხვაზე ვიგრძენი ბოლომდე, თუ რამდენადაა „გამოხოხებული“ ბუკოვსკი, ავტორის პროტოტიპი.

ის, რამაც თავიდანვე მომხიბლა, ავტორის მიერ გაკეთებული ერთგვარი „ჟანრული კომპოტი“ იყო. დეტექტივის, ფანტასტიკის, ეროტიკის მხიარული ნაზავი. ვულგარული თუ ბულვარული ლიტერატურის ტექნიკური ხერხებით ოპერირება. წიგნზე სასაუბროდ დღეს პოეტი პაატა შამუგია მოვიწვიე და საუბარიც ბუკოვსკის სწორედ ამ „კომპოტზე“ დავიწყეთ.

პაატა შამუგია: ამ თვალსაზრისით არ არის სიახლე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ბევრი ავტორი, რომელიც მსგავს ხერხს მიმართავდა. თუნდაც ფრანსუა რაბლე რომ ავიღოთ, მასთან რაღაც ზღაპრული ფენტეზის სამყაროც ჩნდება, მერე ისევ რეალიზმი, მერე სათავგადასავლო და.ა.შ. ერთი სიტყვით, ეს „კომპოტი“ არ არის უცხო ლიტერატურისათვის და ახლა სხვა ამბავია, თუ როგორ აკეთებს ამას ბუკოვსკი - ხულიგნურად. ხულიგანი მწერალი არის, შეიძლება ასე ითქვას, და მე მას როგორც პოეტს უფრო ვიცნობ და უფრო მიყვარს, ვიდრე პროზაიკოსი, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოეტი ბუკოვსკი დიდად არ განსხვავდება პროზაიკოსი ბუკოვსკისაგან, განსხვავებით სხვა მწერლებისგან. ჩვენ ვიცით ბევრი ისეთი მწერალი, რომელთა პოეზია აბსოლუტურად ამოვარდნილია მათი პროზაული ხედვიდან. აბსოლუტურად სხვა არის პროზაში, მაგალითად, უელბეკი და აბსოლუტურად სხვა არის პოეზიაში: თუ პროზაში დაუნდობელია, პოეზიაში - ძალიან რომანტიკული. ბუკოვსკისთან ასე არ არის. ბუკოვსკი ხულიგანია პროზაშიც და აგრძელებს თავისი ჩვეული სტილით თამაშს.

პაატა შამუგია
პაატა შამუგია

ეს ხულიგნური ტექსტი საოცრად დინამიკურია. ჟარგონით გაჯერებული სხარტი ფრაზები და დიალოგები უხეში და არცთუ იშვიათად სასტიკიცაა, მაგრამ, ამავე დროს, მაღალი კალიბრის იუმორით გაჟღენთილიც. ტექსტში სულმუდამ ჩნდებიან უცნაური პერსონაჟები, არსებები, სიმბოლოები. ერთ-ერთი ასეთი არსებაა „წითელი ბეღურა“, რომლის მოძებნის შეკვეთას ბილეინს ასევე აძლევენ და ის სელინს და ამ „წითელ ბეღურას“ ერთდროულად დაეძებს. საბოლოოდ კი, „წითელი ბეღურა“ სიკვდილი აღმოჩნდება. ბუკოვსკი თითქოს სულ თამაშობს სხვადასხვა სივრცეებიდან გამოგლეჯილი ამ ფენომენებით, ამ ყველაფერს კი თანდათანობით ეგზისტენციალური სიცარიელის განცდა მოაქვს. ბუკოვსკი ლუზერის ცხოვრებას და მის სასოწარკვეთილებას აღწერს და ამისათვის სჭირდება სწორედ „მდარე ლიტერატურის“ ეს მიმეზისი - სჭირდება ლუზერი ვითომდა მაკულატურაში, ლიტერატურულ ნაგავში ჩაფლოს ბოლომდე, თუმცა კი ეს ჟანრების აზელვით მიღებული ვითომდა მაკულატურა სინამდვილეში კლასიკური სქემებითაა აგებული და კლასიკური სიუჟეტების მორიგ გადათამაშებას წარმოადგენს. სწორედ ამას მიაქცია ყურადღება პაატა შამუგიამ.

პაატა შამუგია: როგორც ეგზიუპერი იტყოდა, ჩვენ ყველანი ანტიკურობიდან მოვდივართ. და აქ არის ზუსტადაც ბევრი რამ, რაც შეიძლება დავაკავშიროთ ანტიკურობასთან. შეიძლება ეს გამიზნული არც ჰქონდა ბუკოვსკის, მაგრამ, გარკვეული თვალსაზრისით, ასე არის. პირველ რიგში ის, რომ ბილეინი, რომელიც არის მთავარი პერსონაჟი, საეჭვოდ ჰგავს ოდისევსს, გარდა იმისა, რომ ასევე საეჭვოდ ჰგავს თავად ჩარლზ ბუკოვსკის, ანუ ავტორს. კიდევ არის ერთი საინტერესო მომენტი, Deus ex machine. ეს ტექნიკა ანტიკურ ტრაგედიებში გამოიყენებოდა აქტიურად, როდესაც მწერალი ჩიხში აღმოჩნდებოდა და პერსონაჟს ვეღარ შველოდა და ერთადერთი გადამრჩენელი ამ შემთხევაში იყო ეგრეთ წოდებული „ღმერთი მანქანიდან“ და აქაც „ღმერთი მანქანიდან“ არის, ოღონდ არის ძალიან უჩვეულო. ეს არის სიკვდილი, ოღონდ რომელიც არის ქალბატონი. და აქვე ბარემ გადავალ ფემინისტებზე. ფემინისტებს ძალიან არ უყვარდათ ჩარლზ ბუკოვსკი, კიდევ ბევრ სხვა ვინმეს არ უყვარდა ჩარლზ ბუკოვსკი, იმიტომ რომ არ იყო ის კონიუნქტურული ავტორი, არ იყო პოლიტკორექტული, თითქმის ყველა სფეროს შეეხო და თითქმის ყველა სფეროში მოიმდურა საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების. და აი, ანტიკურობასთან რომ გავავლო პარალელი, ასეც შეიძლება დავახასიათოთ ბუკოვსკი, როგორც თანამედროვე ევრიპიდე. ბუკოვსკი არ წერს ტრაგედიებს, მაგრამ, ევრიპიდეს მსგავსად, ის „ქალთმოძულეა“. თეორიულად, რა თქმა უნდა. თავის ნაწარმოებებში, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ უხეშად ეხება ამ თემატიკას და ესეც რაღაცა შიშების თუ კომპლექსების პროექციაა აქაც, როგორც ყველა ლექსში, ალბათ...

პერსონაჟი, რომელსაც ჰქვია ბილეინი და რომელიც არის ოდისევსი, წაკითხვის შემთხვევაში, იქცევა შერლოკ ჰოლმსად. ის არის შერლოკ ჰოლმსი, ნამდვილად, ის არის დეტექტივი, ოღონდ უნდა ითქვას, რომ ცოტა არ იყოს შექანებული და არც ისე დიდი დედუქციის უნარით დაჯილდოებული. გარკვეული თვალსაზრისით, შერლოკ ჰოლმსის პაროდია შეიძლება უფრო იყოს, ვიდრე თავად შერლოკ ჰოლმსი.

ოდისევსი, „ღმერთი მანქანიდან“, ევრიპიდე, შერლოკ ჰოლმსი... ალბათ, კიდევ ბევრი ასეთი პარალელის მოძებნა შეიძლება. ამას, უბრალოდ, დაკვირვებული თვალი და კარგი მკითხველი სჭირდება. კარგი მკითხველი დააფასებს ზაალ ჩხეიძის თარგმანსაც, რომელიც ნამდვილად ძალიან კარგია. ენა ცოცხალია და მოქნილი, სლენგი ეფექტურია, არც გადამლაშებულია და არც ევფემიზებულია. თუმცა ერთი კითხვა მთარგმნელთან მაინც გამიჩნდა და რაკი ხულიგანი მწერლის წიგნზე ვილაპარაკეთ დღეს, შეიძლება ლოგიკურიც იყოს, თუ სიუჟეტს ამ კითხვით დავასრულებთ, ცოტა არ იყოს ხულიგნურით:

დეტექტივ ბილეინს ასეთი ჩვევა აქვს: სახლში მარტო მყოფი ბოლომდე რომ მოეშვას, ხვანჯარს იხსნის ხოლმე. ამ დროს თუ ქალბატონმა სიკვდილმა დაურეკა, ის გრძნობს მუდამ ამას და ეუბნება, „შეიკარი მაღაზია“. ჩემს ახალგაზრდობაში მაგ ადგილს დუქანი ერქვა ხოლმე და ვინმე თუ შეუკრავი დარჩებოდა, „დუქანი შეიკარიო“, ეუბნებოდნენ. აი, ეს დუქანი მაღაზიად რატომ იქცა, ვერ გავიგე. ისიც კი ვიფიქრე, ახალ თაობაში ხომ არ წამოვიდა ეს სლენგი-მეთქი და რადიოს რედაქციაში ახალგაზრდებშიც კი გავიკითხე, მაგრამ ასეთი რამ არავის სმენოდა. ვითომ იმიტომ, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს დაწერილ ამერიკულ რომანს დუქანი არ უხდება? მოძველებული სიტყვაა? მაშინ რაღა მაღაზია, ბარემ ასე დაგვეწერა: შეიკარი სუპერმარკეტი.

XS
SM
MD
LG