Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ილაპარაკა გიორგი მარგველაშვილმა ოკუპაციაზე თუ დევნილებზე?


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ინტერვიუმ, რომელიც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პირველი არხის გადაცემა ”ვოსკრესნოე ვრემიას" მისცა. თუკი ანალიტიკოსების ერთი ნაწილისთვის ამ ინტერვიუში ახალი და გასაოცარი არაფერია, მეორე ნაწილი შემაშფოთებელ ტენდენციაზე ლაპარაკობს. პოლიტიკური ოპონენტები არჩეულ პრეზიდენტს სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.

რუსი ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიტიკოსების მიერ გაჩენილი იარები კეთილი ნების მორწმუნე, კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ორიენტირებულმა ადამიანებმა უნდა განკურნონ და რომ კულტურული და ემოციური კავშირები რუსეთსა და საქართველოს შორის ამოქმედდება მაშინვე, როგორც კი პოლიტიკოსები ხალხს ამის საშუალებას მისცემენ. სწორედ პოლიტიკოსების მიერ შექმნილი დაძაბულობის განსამუხტავად, გიორგი მარგველაშვილის აზრით, საქართველომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა:

”ჩვენ ვთქვით, რომ რუსეთი, პრობლემების მიუხედავად, არ წარმოადგენს საქართველოსთვის, ასე ვთქვათ, ჩვენი აგრესიის ობიქტს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ შევეცდებით გადავიყვანოთ ჩვენი დიალოგი აგრესიული ურთიერთობიდან რაციონალურ ჩარჩოებში და ჩვენ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები: გავგზავნეთ ბატონი ზურაბ აბაშიძის მისია პრაღაში, სადაც მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკური და კულტურული კავშირების მიმართულებით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მივიღებთ მონაწილეობას რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენაში - ოლიმპიადაში - და ჩვენ მოვხსენით დაძაბული ფონი“.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი და ასოცირება ევროკავშირთან რუსეთისთვის სახიფათო სულაც არ არის და რომ, პირიქით, ამ პროცესში გათვალისწინებულია რუსეთის ინტერესიც - ეს არის სტაბილური საქართველო სამხრეთით, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა ექნება ევროკავშირთან და რომ ამ ყველაფრით რუსი ინვესტორებიც იხეირებენ. რუსული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილი ”ტრაგიკულს” უწოდებს იმას, რაც მოხდა რუსეთსა და საქართველოს შორის და აღნიშნავს, რომ ”სააკაშვილი დისკრედიტირებულია ამ ომის გამო”, თუმცა ”სააკაშვილის მიერ შექმნილი პრობლემები გუშინდელ თოვლს ჰგავს” და გარკვეული დროის (მაგალითად, 10-20 წლის) გასვლის შემდეგ რუსებს არც კი ემახსოვრებათ ეს ყველაფერი.

ისიც შეიძლება თქვა, რომ ჩვენ გვინდა ოლიმპიადაზე წასვლა... მაგრამ თუკი მერე არ დააფიქსირებ ქვეყნისთვის პრინციპულ პოზიციებს, როგორიც არის ოკუპაციის მიუღებლობა, როგორიც არის დიცი-დვანის მოვლენები...
ელენე ხოშტარია
პოლიტიკურ ოპონენტებს არ გამოჰპარვიათ, რომ საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტს რუსეთის ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში, მაგალითად, არ უხსენებია სიტყვა „ოკუპაცია“ და ყურადღება არ გაუმახვილებია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმის პროცესსა თუ დევნილების პრობლემატიკაზე, რასაც, მაგალითად, ნებისმიერი სუვერენული ქვეყნისთვის ”სამარცხვინო” ქმედებას უწოდებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება მზად არის მთელ მსოფლიოს დაანახვოს რუსეთთან საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისთვის მზადყოფნა იმ მიზნით, რომ გამოიკვეთოს ყველაზე მთავარი საკითხი - ”ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ურყეობა”.

თუმცა ეს მიზანი გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუში ვერ დაინახა „რეფორმების ასოციაციი“ თანადამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, აუცილებელი არ არის ჩხუბი და ლანძღვა და, ვთქვათ, ის, რომ პირველსავე ინტერვიუში, მაგალითად, პუტინს „ოკუპანტი“ ან რუსეთს „საზიზღარი“ უწოდო, მაგრამ ხაზი აუცილებლად უნდა გაესვას ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებს:

”შეიძლება თქვა, რომ ჩვენ გვინდა დარეგულირება ამ ურთიერთობების და ვცდილობთ დარეგულირებას; რომ ჩვენი მხრიდან მტრობა არ გვამოძრავებს... ისიც შეიძლება თქვა, რომ ჩვენ გვინდა ოლიმპიადაზე წასვლა... მაგრამ თუკი მერე არ დააფიქსირებ ქვეყნისთვის პრინციპულ პოზიციებს, როგორიც არის ოკუპაციის მიუღებლობა, როგორიც არის დიცი-დვანის მოვლენები; თუ არ დააფიქსირებ, რომ ოლიმპიადასთან მიმართებით, მიუხედავად ჩვენი სურვილისა, რუსეთი რა პრობლემებს ქმნის; თუ არ დავაფიქსირებთ, რომ ნატო და ევროკავშირი არ არის სავაჭრო თემა და რუსეთმა უნდა მიიღოს ეს ჩვენი არჩევანი, თუ უნდა ნორმალური ურთიერთობა - აი, ამას ემოციების გარეშე თუ არ დააფიქსირებ, უკვე ეს დიპლომატიური ფორმის პრობლემა კი არ არის, არამედ შინაარსის პრობლემა ჩნდება”.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თუკი რუსეთთან ურთიერთობაში გამაღიზიანებელი ტერმინოლოგია რაც შეიძლება ნაკლები იქნება, ამით უფრო შეეწყობა ხელი ურთიერთობების დათბობას და სახელმწიფოსთვისაც უკეთესი იქნება, იმიტომ რომ, ვთქვათ, ოკუპაციის ფაქტორი ისედაც აღიარებულია საეთაშორისო თანამეგობრობის მიერ...
ზაალ ანჯაფარიძე
ელენე ხოშტარიას მიაჩნია, რომ ოკუპაციის პრობლემატიკის იგნორირებითა და ყველაფრის მიხეილ სააკაშვილისთვის დაბრალებით, გიორგი მარგველაშვილმა ”დაამახინჯა ქვეყნისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები” და საქართველოს ხელისუფლების სახელით პრაქტიკულად აღიარა ”რუსული რეალობა”.

ის, რომ სადავო საკითხებზე გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება არ გაამახვილა, არ გაჰკვირვებია დამოუკიდებელ ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში ზაალ ანჯაფარიძეს. ანალიტიკოსი ჩვენთან საუბრისას თავს იკავებს იმის შეფასებისგან, თუ რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს სამომავლოდ, მაგრამ, მისი აზრით, ახალარჩეული პრეზიდენტის ინტერვიუს შინაარსი სრულად შეესაბამებოდა ”ქართული ოცნების” მიერ არჩეულ კურსს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და რომ ახალი არაფერია:

”პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თუკი რუსეთთან ურთიერთობაში გამაღიზიანებელი ტერმინოლოგია რაც შეიძლება ნაკლები იქნება, ამით უფრო შეეწყობა ხელი ურთიერთობების დათბობას და სახელმწიფოსთვისაც უკეთესი იქნება, იმიტომ რომ, ვთქვათ, ოკუპაციის ფაქტორი ისედაც აღიარებულია საეთაშორისო თანამეგობრობის მიერ და კიდევ ერთხელ ამაზე პედალირება მას საჭიროდ არ მიაჩნია”.

მართალია, ზაალ ანჯაფარიძის აზრით, რუსეთისგან ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სასიკეთო არაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ასეთი ფრთხილი რიტორიკის ”პოლიტიკური ტაქტიკა” გამართლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევისთვისაც, თუკი მიზანს რუსეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხეების თავიდან აშორება და ურთიერთობათა გარკვეულ დონეზე ნორმალიზება წარმოადგენს. ანალიტიკოსის თქმით, ეს მიზნები სახელმწიფო ინტერესების მთავარ პრიორიტეტებს შეესაბამება.

რაც შეეხება კიდევ ერთ აქცენტს გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუდან, რაც მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა და რაც სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს ოფიციალური დელეგაციის გამგზავრებას უკავშირდება, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს საკითხი განიხილება მმართველ გუნდში. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 11 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ამ საკითხის გარშემო ”არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული”, ხოლო, აი, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს რუსეთის ხელისუფლება არ დაუპატიჟია, რადგანაც ორ ქვეყანას შორის ამ ეტაპზე არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG