Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოს მკაცრი გადაწყვეტილება


მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში 4 სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება საპატრიარქოში შექმნილმა სინოდალურმა საბჭომ მიიღო, რომელიც, ივლისის ბოლოდან მოყოლებული, სასულიერო პირების მიმართ ეპარქიის მრევლის პრეტენზიებს ეცნობოდა. მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლის ნაწილი სასულიერო პირებს აღსარების გათქმაში, ეკლესიის ქონების მიტაცებასა და მრუშობაში ადანაშაულებს. მოსახლეობამ ეკლესიის კარიც კი აჭედა. ექსპერტების შეფასებით, საზოგადოებას სასულიერო პირებთან მგავსი დაპირისპირება არ ახსოვს. რას უნდა ნიშნავდეს საპატრიარქოს გადაწყვეტილება?

ახალქალაქისა და ტაო -კლარჯეთის ეპარქიის ქორეპისკოპოსის მეუფე თეოდორე ჭუაძის ინფორმაციით, სამი წევრისგან შემდგარმა სინოდალურმა კომისიამ, რომელიც სპეციალურად მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში მრევლისა და სასულიერო პირების დაპირისპირების შესასწავლად შეიქმნა, ამ ეტაპზე, დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, დროებით შეუჩერა მღვდელმსახურების უფლება ეპარქიის 4 სასულიერო პირს. თუმცა, თეოდორე ჭუაძის სიტყვებით, ყველაფერი, რაზეც მრევლი ლაპარაკობდა, არ დასტურდება. ის სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ინფორმაცია სასულიერო პირების საქმიანობის შესახებ მრევლის აქტიურობის შედეგად გავრცელდა და მის შესახებ საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო:

„ეკლესიაში ადამიანები მსახურობენ და ეკლესია ანგელოზთა კრებულისგან არ შედგება. ხდება რაღაც პრობლემა, მაგრამ ეკლესია რეაგირებს ამ პრობლემებზე. ჩვენ გვაქვს საეკლესიო კანონები და ამ საეკლესიო კანონებით ვმოქმედებთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს ისეთს, როგორის საშუალებასაც გვაძლევს საეკლესიო კანონი“.

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლის ნაწილი ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე ვახტანგ ახვლედიანსა და სამ სასულიერო პირს ეკლესიის ქონების მითვისებაში, აღსარების საიდუმლოს გათქმასა და მრუშობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ რამდენიმე ხნის წინ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზეც საუბრობდნენ ეპარქიის მრევლის წარმომადგენლები. ერთ-ერთი მათგანის, მიხეილ შველიძის, სიტყვებით, მათ ხელთ აქვთ სასულიერო პირთა ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა:

„4 სასულიერო პირი განაგრძობს მრევლის ზომბირება-დაშინებას აღსარების გათქმის შანტაჟით. არის პრეცედენტი და მომხდარი ფაქტი, რომ დაინგრა ერთი ოჯახი აღსარების გათქმის შანტაჟით. ერთ-ერთ ქალთან ერთმა სასულიერო პირმა დაიკავა ურთიერთობა და ეს ოჯახი დაინგრა. ეს არის საშინელი ფაქტები, რაზეც ვსაუბრობთ და შანტაჟი აღსარებებით არის ხშირი. პირადად მე 50 კაცის თანდასწრებით წამომძახეს ჩემი აღასარება“.

თეოლოგ ლევან აბაშიძეს არ ახსენდება, რომ ეკლესიას უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მსგავსი სიმკაცრით ვინმე დაესაჯა. მისი სიტყვებით, როგორც წესი, ეკლესია ცდილობდა მსგავსი ფაქტები მიეჩუმათებინა და საზოგადოების სამსჯავროზე არ გამოეტანა. თავის მხრივ, საზოგადოებაც, თეოლოგის აზრით, სამღვდელოებასთან ერთად, წლების განმავლობაში თავს არიდებდა მღვდლების კრიტიკას, მათდამი მოწიწებისა და, ასევე, რელიგიური მოსაზრებით, რომ განკითხვა ცოდვაა. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი, რომლის იქითაც ადამიანები სათქმელს ხმამაღლა ამბობენ. ამავე დროს, ლევან აბაშიძის სიტყვებით, ხელისუფლების შეცვლისა და 17 მაისის მოვლენების შემდეგ ეკლესიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაც შეიცვალა:

„აღარ ვერიდებით სახელმწიფოს კრიტიკას, აღარ ვერიდებით ჩვენი უფროსის კრიტიკას. იგივე შეიძლება ეკლესიაშიც, ხომ!.. ტენდენცია იქითკენ არის, რომ საზოგადოება ხდება უფრო დემოკრატიული. დემოკრატიულობაში მე ვგულისხმობ თანამონაწილეობას, ანუ, ისევე როგორც ჩვენ ვმონაწილეობთ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე მრევლი, ეკლესიის წევრები უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ ეკლესიის ცხოვრებაში. ამის გამოვლინებაა ის, რომ უკიდურეს უმსგავსობებს მრევლი ვეღარ აიტანს და ეს იქნება ძალიან კარგი“.

თეოლოგი ლევან აბაშიძე არ ფიქრობს, რომ ეს პროცესი ეკლესიის შიგნით რაიმე წმენდის დაწყების მომასწავებელი იქნება, თუმცა, მისი სიტყვებით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეკლესია უმსგავსობას არ მოითმენს. შესაძლოა, ეს უფრო რაღაც გარდატეხაზე მიუთითებდესო, ამბობს ლევან აბაშიძე და არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფოც იყოს ეკლესიის შიგნით გარკვეული ცვლილებების მაპროვოცირებელი, რაშიც, შესაძლოა, ეკლესიის როლის დაკნინების მიზანიც დავინახოთ.

თუმცა, როგორც ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ამბობს, ის, რომ ეკლესიას შეიძლება გარკვეული ფუნქციები ჩამოშორდეს, რომელიც მას მრავლად ჰქონდა მიკუთვნებული უკანასკნელი წლების განმავლობაში, სასარგებლო იქნება თავად ეკლესიისთვისაც. ზაზა ფირალიშვილის სიტყვებით, ეკლესია უკანასკნელ წლებში იყო ინსტიტუტი, რომელიც ყველა ფუნქციას ითავსებდა, მათ შორის, სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურსაც, და იმის გამო, რომ საზოგადოების უდიდესი ნდობით სარგებლობდა, იძულებული იყო, მისი დაკვეთით, ის ფუნქციებიც ეტვირთა, რომელთა შესრულება, სინამდვილეში, არ ევალებოდა.

„ეკლესია დადგა იმ აუცილებლობის წინაშე, რომ მან უნდა მოძებნოს თავისი ადგილი საზოგადოებაში. 17-მა მაისმა ამ მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ჯერ ერთი, გამოკვეთა ის, რომ თავად ეკლესიაში არსებობს ერთგვარი რადიკალური ძალები და ეს უნდა გამოჩენილიყო. არ შეიძლება რაღაცა თვალსაზრისი გამუდმებით იმალებოდეს და იგულისხმებოდეს. ის უნდა აშკარა იყოს, წინა პლანზე იყოს წამოსული და როგორც კი ეს გამოჩნდა, ამგვარი წრეების არსებობა ეკლესიაში, საზოგადოება უფრო ფრთხილი და, კარგი გაგებით, კრიტიკული გახდა“.

თუმცა, ზაზა ფირალიშვილის სიტყვებით, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ იწყება ეკლესიის ნგრევა. პირიქით, ეს იმის მანიშნებელია, რომ ეკლესიამ საკუთარ თავში უნდა გამონახოს ძალები თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, რაც სასარგებლო იქნება მისთვისაც, მით უფრო, რომ, როგორც ზაზა ფირალიშვილი ამბობს, უკანასკნელ წლებში საეკლესიო მშენებლობის გაფართოებისა და, შესაბამისად, მღვლემსახურებზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო, ეკლესიაში ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდა, რომელთა სასულიერო განათლებისა და თავად მორალური ღირებულებების საკითხი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG