Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოვლითი რკინიგზა ცოცხლდება


შემოვლითი რკინიგზის შეჩერებული მშენებლობა
შემოვლითი რკინიგზის შეჩერებული მშენებლობა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შემოვლითი რკინიგზის პროექტი სამი წლის განმავლობაში უნდა დაიხვეწოს. ახალი მთავრობის მიერ დაკონსერვებულ პროექტს, რომელიც დედაქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის გადატანას გულისხმობს, დღემდე საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. რა არგუმენტებს იშველიებენ ისინი და როგორია შემოვლითი რკინიგზის პერსპექტივა?

შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერების თაობაზე საქართველოს მთავრობამ განცხადება მიმდინარე წლის ზაფხულში გააკეთა. აგვისტოს დასაწყისში ითქვა, რომ პროექტი, სავარაუდოდ, შეჩერდებოდა მანამ, ვიდრე ის არ დაიხვეწებოდა. არსებითად იგივე დაპირება დაკონკრეტდა ხუთშაბათს, 5 დეკემბერს, როცა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შემსრულებლებს პროექტის დასახვეწად 3-წლიანი ვადა მისცა:

”გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გაგრძელდეს კონტრაქტორთან პროექტი 2016 წლამდე და გადამუშავდეს პროექტი იმ სახით, რომელი სახითაც მისი ეკონომიკური მაჩვენებლები იქნება გაცილებით მისაღები. შესაძლებლობა არის, რომ შეიცვალოს პროექტი იმ სახით, იმ მოდიფიკაციებით, რა შემთხვევაშიც, გამტარუნარიანობაზე და რკინიგზის კომპანიის დანახარჯებზე სერიოზული ზეგავლენა აღარ ექნება ისეთი, როგორიც ჰქონდა არსებული სახით”.

კარგია, რომ მთავრობამ, საბოლოოდ, გადაწყვიტა თბილისის შემოვლითი რკინიგზის დასრულება. ამით ჩვენ დავინახეთ, ყველამ უკლებლივ, მთელმა საზოგადოებამ, რომ ჩიჩინი ჭრის...
გიგი უგულავა
შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა, რაც 2010 წელს დაიწყო, თავდაპირველი ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) უნდა დაეფინანსებინა, თუმცა ამგვარი გადაწყვეტილება არ იქნა რეალიზებული და პროექტის დაფინანსებას „საქართველოს რკინიგზა“ შეუდგა. ვიდრე ახალი ხელისუფლების პირობებში ამ პროექტის განხორციელება შეჩერდებოდა მთელი რიგი კითხვის ნიშნების გამო, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უკვე შესრულებული იყო და, უხეში დათვლით, 300-მილიონდოლარიანი პროექტის 2/3 უკვე დაფინანსებული იყო.

შეჩერების პარალელურად, ახალი ხელისუფლების მხრიდან შემოვლითი რკინიგზის პროექტის ნაკლოვანებებზე ლაპარაკი პოლიტიკური ოპონენტების მიერ განიხილებოდა ამ პროექტის მთლიანად გაუქმების სიგნალად. დედაქალაქის მერის გიგი უგულავას მიერ 5 დეკემბერს გაკეთებული კომენტარის თანახმად, ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სათანადო ოპონირების გამო შეცვალა:

”კარგია, რომ მთავრობამ, საბოლოოდ, გადაწყვიტა თბილისის შემოვლითი რკინიგზის დასრულება. ამით ჩვენ დავინახეთ, ყველამ უკლებლივ, მთელმა საზოგადოებამ, რომ ჩიჩინი ჭრის და რომ აუცილებელია, როდესაც მთავრობა საზოგადოების და ხალხის და ქალაქის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს, თითოეულმა მოქალაქემ ამოიღოს ხმა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანოთ საქმე და მონიტორინგი გვქონდეს”.

ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია არის სატრანზიტო ფუნქცია და ჩვენი ძალისხმევა მთლიანად უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფი გადაზიდვები გვქონდეს, რომ გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ნაცვლად ამისა, ხდება შეყოვნება...
გია ხუხაშვილი
დედაქალაქის მერი იმთავითვე მიიჩნევდა, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერება საფრთხეს შეუქმნის თბილისის ურბანულ განვითარებას. საქმე ის არის, რომ, ექსპერტთა გაანგარიშებით, დედაქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის 10 კილომეტრით გადატანა ურბანული განაშენიანებისთვის ქალაქის ცენტრში ათეულობით ჰექტარ მიწას გაათავისუფლებდა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი შემოვლითი რკინიგზის პროექტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იყო და ასევე რჩება. მისი აზრით, პროექტის ნაკლოვანებები საქართველოს გეოპოლიტიკურ მიზნებსა და ფუნქციასაც ეწინააღმდეგება:

”ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია არის სატრანზიტო ფუნქცია და ჩვენი ძალისხმევა მთლიანად უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფი გადაზიდვები გვქონდეს, რომ გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ნაცვლად ამისა, ხდება შეყოვნება, ანუ უფრო მეტი დრო სჭირდება იმ მონაკვეთის გავლას, რელიეფურად ისეთია. იმ აღმართებზე ერთი ელმავალი არ ჰყოფნის და ამიტომ მეორე ელმავალია საჭირო. ეს ყველაფერი იწვევს ხარჯების ზრდას, მომსახურების თვითღირებულების გაზრდას და, საბოლოო ჯამში, კონკურენტუნარიანობას აკარგვინებს სამხრეთკავკასიურ კორიდორს”.

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ, მასშტაბური დანახარჯების მიუხედავად, ის არ გააგრძელებდა შემოვლითი რკინიგზის ”უგუნურად” დამუშავებულ პროექტს, თუმცა, სხვა მოწინააღმდეგეების მსგავსად, მასაც ჰგონია, რომ მთავრობას უკვე დახარჯული მილიონების წყალში გადაყრა ენანება და ამიტომ ირჩევს ”ნაკლებ უბედურებას”, თავს კი მხოლოდ პროექტის დახვეწის იმედით იმშვიდებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG