Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია წერილი პატრიარქს


ღია წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

"თქვენო უწმინდესობავ, პირველ რიგში ვადასტურებ დიდ სიყვარულსა და მოწიწებას თქვენი პიროვნების მიმართ. აღვნიშნავ, რომ ვარ მართლმადიდებლური წესით მონათლული ქრისტეანი, რათა არ დამბრალდეს ათეისტობა ან სხვა კონფესიის აღმსარებლობა. წერილის დაწერისკენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის და მისი ახალგაზრდა შვილების სიყვარულმა მიბიძგა. რომ არა ეს სიყვარული, ნამდვილად ვერ გავბედავდი ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან ქართველ მართმადიდებელთა გარკვეული ნაწილის ბრმა ფანატიზმის ამბავი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ალბათ მათთვის წარმოუდგენელი მკრეხელობაა თქვენთვის ასე საჯაროდ მომართვა. მე ასე არ ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ პატრიარქიცა და თქვენი მონა-მორჩილიც თანასწორია როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტეს, ისე დემოკრატიული საქართველოს წინაშე. წერილის დაწერის სტიმული იყო საკვირაო ქადაგებისას გამოთქმული მოსაზრება უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდების შესახებ და მის გარშემო შექმნილი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. დიახ, თქვენო უწმინდესობავ, ბევრი ჩვენგანი საზღვარგარეთ მოსამსახურეობს და მათ შორის მეც აღმოვჩნდი. ჩვენ ამ მძიმე შრომას კაპიტალად გარდავქმნით და ვცდილობთ უცხოური განათლება მივიღოთ, რაც ძვირი სიამოვნებაა. ჩემს მაგალითზე მოგახსენებთ: წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი(თსუ) და მას შემდეგ ქართველი დამსაქმებლების მოსამსახურე ვიყავი. ერთი წელია უცხოტომელებს ვემსახურები და თამამად შემიძლია ვთქვა, სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ამ მოსამსახურეობაში თანამემამულე დამსაქმებლები კაპიკებს გვიხდიან, იმდენს, რამდენიცაა საჭირო რომ ვიარსებოთ და სული არ გაგვძვრეს შიმშილით, რადგან მეორე დღეს ისევ დაჭირდებათ მოსამსახურე. ხოლო უცხოელი დამსაქმებლების გადახდილი ხელფასით ჩვენ შეგვიძლია ძვირადღირებული განათლება მივიღოთ. და საერთოდაც, ჩვენ ყველანი ვიღაცას ან რაღაცას ვემსახურებით. სიტყვა გამიგრძელდა და ქართველ დამსაქმებლებზე გადავედი, თუმცა მათი ნამუსზე შეგდების განზრახვა ნამდვილად არ მქონია, მაგათ ჩემი ნათქვამი კი არა, მეორედ მოსვლა არ შეცვლით. დავუბრუნდები წერილის მიზანს, გავკადნიერდები და გეტყვით, რომ არ ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას, თითქოს ქართველი ახალგაზრდობა შეცდომას უშვებს, როცა საზღვარგარეთაა გასული, მუშაობს, სწავლობს, წელებზე ფეხს იდგამს და ოჯახის წევრებს საარსებო თანხას უგზავნის. თითქოს ჩვენ უნდა დავანებოთ თავი ოცნებების ახდენისკენ სვლას და დავბრუნდეთ საქართველოში, რათა მიწა დავამუშაოთ. მერწმუნეთ, ასი განათლებული ახალგაზრდა უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე ათასი მიწის მუშა, რომელსაც რამოდენიმე კილოგრამი კარტოფილი და პომიდორი მოყავს ყოველ ზაფხულს. მე არ მაღელვებს ახალგაზრდების საზღვარგარეთ ყოფნის ამბავი, ამ ამბავში ნეგატივზე უფრო მეტი პოზიტივია. მე უფრო ქართველი მღვდელმსახურების შემაშფოთებლად დიდი ნაწილის მორალური და სულიერი მდგომარეობა მაღელვებს. თქვენო უწმინდესობავ, ქართულ ეკლესიას რეფორმა ჭირდება, ქართველი სასულიერო მამები მხოლოდ წაღებაზე არიან, გაცემა კი არაფრის არ უნდათ. ოცდაათ წელს გადავაბიჯე და იშვიათად მსმენია, ქართველ მღვდელს სიკეთე გაეკეთებინოს ქართველი ახალგაზრდებისთვის, ქართულ ეკლესიას რაიმე სახის დახმარება გაეწიოს ახალგაზრდა თაობისთვის, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სასულიერო სემინარიას და ხელოსნობის შემასწავლებელ რაღაც უბადრუკ კურსებს. არადა, საპატრიარქო საკმაოდ შეძლებული ორგანიზაციაა, არადა თითოეულ მოძღვარს ყავს გულუხვი მრევლი და პლუს ამას, ჩვენგან განსხვავებით, ეკლესია სახელმწიფო გადასახადებს არ იხდის. განა შეიძლება, სასულიერო პირი მხოლოდ აღსარებებს იბარებდეს, ჩართული იყოს სანთლებისა და ხატების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესში, კომფორტულად ცხოვრობდეს და ყბადაღებული ჯიპებით დადიოდეს ჯვრისწერებზე, ნათლობებზე და გასვენებებზე, რათა იქაც ფული აიღოს? განა სასულიერო პირობა ბიზნესმენობა და ფულის შოვნა-შენახვაა? განა არ შეიძლება, უცხოეთში მყოფი მოძღვრები სიკეთესაც უკეთებდნენ გაჭირვებულ ადამიანს, თუ მათი მოვალეობა მხოლოდ წირვის ჩატარება და მრევლის მოტანილი საჭმლით ექსკურსიების გაკეთებაა? თანამედროვე ქართველი სასულიერო პირები შუა საუკუნეების ფეოდალებს გვანან, თქვენო უწმინდესობავ. მათ უმრავლესობას შორის სხვაობა მხოლოდ ისაა, თუ ვინ უფრო პრესტიჟული მონასტრის დირექტორია და ვისთან უფრო ძვირია ჯვრის დაწერა. ორიოდე დღის წინად ერთი მოძღვარი აქტიურად მოუწოდებდა ხალხს სოციალურ ქსელში, კარნეგი ჰოლში ლიანა ისაკაძის კონცერტია, შემოსული თანხა მთლიანად ჩვენს ეკლესიას გადმოერიცხება და აბა თქვენ იცით, ბილეთები იყიდეთო. ვაი, რომ ჯერაც არ მინახავს, ოდესმე ეაქტიუროს, ვინმეს ხომ არ შია, მოვიდეს, ერთ ცალ პურს ვუყიდიო. თქვენო უწმინდესობავ, მოუწოდეთ სასულიერო პირებს, რომ აჩუქონ ბავშვებს კომპიუტერები, რათა მომავალმა თაობამ განათლება მიიღოს, განათლება, რაც ასე აკლია დღევანდელ საქართველოს. მოუწოდეთ მათ, რომ დააპურონ მშიერი ადამიანები. მოუწოდეთ მათ, რომ იყვნენ სულიერი მამები და არა ფულის გამომუშავებაზე დაგეშილი ჩინოვნიკები. მე გთავაზობთ, საქართველოს საპატრიარქოს სახელით, რამოდენიმე დოლარით სიმბოლურად დამიფინანსოთ სწავლა, რათა მისაბაძი მაგალითი მიეცეთ სხვადასხვა მონასტრის წინამძღვრებს. ჩემის მხრივ გპირდებით, რომ სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დავბრუნდები და შევეცდები, მის წინსვლას მოვახმარო ცოდნა და ენერგია. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას. იმ იმედით, რომ თქვენსა და ჩემს სამშობლოში ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება.

ლაშა ჩხაიძე, 8 ივნისი, 2015 წელი, ნიუ-იორკი

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG