Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაგანსაკუთრებული ლოდინი


ავტორი: მაია გერაძე

სპორტული დარბაზი თანდათან გადაიტენა. ისედაც პატარაა ეს დარბაზი, არც სკოლაა დიდი და არც ეს ქალაქი, სულ 11 ათასამდე მაცხოვრებლით, საიდანაც 98% ბელგიის მოქალაქეა, ასეთი ქალაქები ბევრი არაა დარჩენილი.

კედლების გასწვრივ ჩაწყობილი ხის ძელ–სკამები უკვე კარგა ხანია შეივსო. ყველა ასაკის ადამიანს დაინახავთ: ხანდაზმულ წყვილებს, ცოტა სიბერე შეპარულ, მაგრამ ჯერ ისევ მხნე, სპორტული აღნაგობის მამაკაცებს, შუა ასაკის მასწავლებელ ქალბატონებს, ათიოდე სტუდენტს ან უფროსკლასელს, სკოლის საბავშვო ნაწილის აღსაზრდელებს (2,5 –დან 6 წლამდე) და მათ ახალგაზრდა მშობლებს, რომლებმაც პირდაპირ ხის იატაკზე მოიკალათეს კიდევ უფრო პატარებთან ერთად. ყველა იღიმის, ყველა ერთმანეთს იცნობს.

საღამოს ხუთ საათს უკვე კარგად გადასცდა, ამ დროისთვის წითელი ჯვრის მობილური ბრიგადა, როგორც წესი, სისხლის ჩაბარების ბოლო მსურველებს იღებს და სკოლის ტერიტორიის გასათავისუფლებლად ემზადება. მაგრამ დღეს, ბოლო მომენტში აღმოაჩნდა რომ სისხლის პაკეტებით სავსე ყუთი დარჩენიათ, ერთი ცალიც კი არ აქვთ თან.

მძღოლი კი გაქანდა მაშინვე, მაგრამ იგვიანებს, სამუშაო დღის ბოლოს გზა გადატვირთულია და ერთი ქალაქიდან მეორეში გასვლა, მერე უკან მობრუნება დროს მოითხოვს. ყოველ 10 წუთში რეკავს როგორც გვატყობინებენ.

დარბაზში მცოცავი პატარებიდან ერთი ჩემსკენ მოღოღავს და გზადაგზა მოღოღნილი ორცხობილის კვალს ტოვებს.

ჩანთას მილაგებს!

ვუყურებ.

ამის დაიკოს სკოლა ( ბაღი) ალბათ 3 საათზე დაუმთავრდა, (ოთხის ნახევარზე სკოლა ცარიელდება და სისხლის ჩაბარება 4–დან იწყება) დედამ პატარასთან ერთად მოაკითხა და იმის მერე აქ არიან. თუმცა ალბათ ახლოს ცხოვრობენ, აქ ყველაფერი ახლოა.

გარეთ ცივა და უკვე ბინდდება.

სპორტულ დარბაზს დიდი ფანჯრები აქვს და თუ გაიხედავ მხოლოდ ცარიელი ქუჩა, შიშველი ხეები და ქვის სახლები ჩანს.

ცივი ქალაქი.

ხალხი გვემატება და არავინ გვაკლდება, ახალგაზრდა და ძველგაზრდა ექთნები ხუმრობენ და ყავას არიგებენ, ექიმი სპორტულ ინვენტარში იქექება, ეგებ ისეთი რამე აღმოვაჩინო რომ სისხლის მოსაკავებლად გამოგვადგესო – ხმამაღლა ყვირის.

სიცილი.

ცოტაც და დარბაზი ანიმაციის სალონად გადაკეთდება.

აღმოაჩინა, ძველი მაგნიტოფონი და NRJ Belgique (Radio Énergie) დაიჭირა.

რომ გითხრათ დარბაზს კეთილგანწყობა აკლდა ან ვიმე უკმაყოფილო პროტესტს გამოთქვამდა – თქო, მოვიტყუები, მაგრამ მუსიკამ მაინც სხვა მუხტი შემოიტანა.

მხიარული შეძახილები გაორმაგდა, ახლა ალბათ ვიღაც წაუცეკვებს კიდეც.

ის იყო სკამზე ჩამომჯდარ, ფეხზე მდგარ მომლოდინეებს, იატაკზე მოკალათებულ მშობლების და მოღოღიალე პატარებს სურათის გადაღება დავუპირე და ვიფიქრე ნებართვას ვითხოვ გადასაღებად–თქო, რომ რაღაცამ გამაჩერა.

წარმოვიდგინე რომ გაღიმებულები დამიქნევდნენ თავს და მეტყოდნენ : კი ბატონო, ოღონდ ის გვითხარით რისთვის გინდათო. მე ვუპასუხებდი რომ წერილის დაწერა მინდა თქვენზე, სკოლის და სამსახურის მერე რომ ხართ მოსული, დაღლილები, რომ გეგონათ 10 წუთში მოილევდით თქვენს საქმეს და სახლში წახვიდოდით – თქო, თანაც ბავშვებით, თანაც , თანაც...

ამ საუბარს ირგვლივ ყველა მოისმენდა და ერთი მკითხავდა, ვისთვის გინდათ დაწეროთ ეგ წერილიო, მავანი კი ამ ერთს გამოსძახებდა, რა არის მანდ განსაკუთრებული და დასაწერიო და ყველას გაეცინებოდა. მე კი შემრცხვებოდა და გადავიფიქრე.

აღარაფერი მიკითხავს.

მართლაც, რა არის განსაკუთრებული? არაფერი.

ქუთაისში, ამ რამდენიმე წლის წინათ, ერთ–ერთ კერძო კლინიკაში 5 სკამზე ჩამომჯდარი 10 მოხუცი გამახსენდა, მათი მორჩილი, დაღარული სახეები, უმეტეს მათგანს შავები ეცვა. და საათობით მობილურზე ჩამოკიდებული, წაულას ქურქში ჩაფლული ექიმი, facebook–ს მიშტერებული ექთანი და რეგისტრატორი.

იღება დარბაზის უკანა კარები, ცქრიალა ექთანი შემოდის და ორივე ხელში სახელურიანი ყუთები უჭირავს:

...... მოვიდააა!!! ყვირის და ორივე ხელს მაღლა წევს.

უკან ასეთივე ჩანთებით დატვირთული მძღოლი მოყვება ქშენით.

ტაში, სიცილი. ისევ მხიარული და ენერგიული შეძახილები.

მუსიკა წყდება და 10 წუთის შემდეგ სრული სიწყნარეა, ყველა თავის საქმეს აკეთებს, რიგი მიდის.

კიდევ 10 წუთის შემდეგ გამოვდივარ, სულ დაბნელებულა და ისე ცივა კურტკას სულ ბოლომდე ვიკრავ.

– მადლობა მოთმინებისათვის!

მძღოლი...

ჭიშკრის გარეთ დამდგარა და ყველა გამოსულს ხელს ართმევს, ლოდინის გამო ბოდიშს უხდის.

რამე არის ამაში განსაკუთრებული? და წაულას ქურქთან საერთოდ აქვს ამას კავშირი?

არაფერი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG