Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლება, იყო დავიწყებული


ნებისმიერ ადამიანს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მისი პერსონალური, ანუ პირადი, ინფორმაცია დაცული და ხელშეუხებელი იყოს. სწორედ ამ თემას ეხებოდა ბიოლის ფონდში 23 ოქტომბერს გამართული დებატები. მსჯელობას სულ თხუთმეტამდე ადამიანი დაესწრო. მომხსენებლებმა ილაპარაკეს იმის შესახებ, თუ რამდენად დაცულია პერსონალური ინფორმაცია საქართველოში, რამდენად ზრუნავს სახელმწიფო თავისი მოქალაქეების პირადი მონაცემების ხელშეუხებლობაზე და რა იცის საზოგადოებამ, ამ თვალსაზრისით, თავისი უფლებების შესახებ.

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, თითის ანაბეჭდები, ანგარიშის ნომერი, ინფორმაცია ქონების შესახებ და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომლითაც პიროვნების იდენტიფიცირება შეიძლება, პერსონალური მონაცემებია. პერსონალური მონაცემების დაცვა კი მოქალაქეებისათვის უფლებაა, სახელმწიფოსთვის - მოვალეობა.

თათული თოდუა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, ამბობს, რომ ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუნდაც მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 2014 წელს აღიარა პირადი ცხოვრების უფლებაში შემავალი ერთ-ერთი კომპონენტი, „უფლება, იყო დავიწყებული“:

„ზოგადად ამ უფლებას გარკვეულწილად რომანტიკული სახელიც აქვს - მას მოიხსენიებენ, როგორც „მარტოდ ყოფნის უფლებას“ და, მართლაც, განუზომელია მისი როლი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში“.

ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის უფლების სრულყოფილი ფორმულირება არ არსებობს, რადგან ეს ამოუწურავი ცნებაა და კაცობრიობის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო განივრცობა. მისი თქმით, ადამიანზე ესა თუ ის ინფორმაცია შესაძლებელია გასაჯაროვდეს, თუ არსებობს საზოგადოების დიდი ინტერესი, არასაჯარო პირების პირადი სივრცე კი ბევრად დაცული უნდა იყოს, თუმცა, როგორც გიორგი მშვენიერაძე ამბობს, თვითონ მოქალაქეების პასუხისმგებლობაცაა არ შელახონ ერთმანეთის უფლებები.

გიორგი მშვენიერაძეს ასეთი მაგალითი მოჰყავს:

„ალბათ, ნოდარ დუმბაძეს აქვს ყველაზე კარგად ნათქვამი, როდესაც „კუკარაჩაში“ ინგას მეზობელი უწერს „ანონიმკას“, რომ ის „ეწევა პაპიროსს და აღვირახსნილ ცხოვრებას“. ანუ მეზობლების ჩარევა მის ცხოვრებაში, ვინ რას მოწევდა, ვინ როგორი ცხოვრებით იცხოვრებდა, ეს იყო მთლიანად სოციუმის პრობლემა: ადამიანები მიდიოდნენ და ერეოდნენ იქ, სადაც არაფერი ესაქმებოდათ“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ამბობს, რომ პერსონალური მონაცემები შეიძლება ყველასგან სხვადასხვაგვარად იყოს აღქმული:

„პასუხი ამ კითხვაზე, როგორ დავიცვათ, რატომ დავიცვათ, ისეთივე კომპლექსური და თავისებურია, როგორიც თვითონ პირადი ცხოვრება შეიძლება იყოს. თვითონ ინდივიდი განსაზღვრავს, რა არის მისი პირადი სივრცე. ეს არის ამ უფლების თავისებურება“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საქართველოში 2013 წელს ამუშავდა. მისი მიზანი მოქალაქეთა პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის დაცვაა. როგორც თამარ ქალდანი განმარტავს, პერსონალური ინფორმაციის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. ადამიანების პირად მონაცემებს აგროვებს და ამუშავებს მთავრობა, კერძო კომპანიები, დიდი კორპორაციები:

„რაც მეტი იცი მომხმარებლის ინტერესის შესახებ, მით უფრო კარგად თვლი პროდუქტს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის მარტო სახელმწიფოს ინტერესი, მარტო სხვა ადამიანების ცნობისმოყვარეობის ფარგლები, არამედ ეს არის მსხვილი კორპორაციების ინტერესიც და ეს ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიების განვითარების თანმდევი პროცესია“.

პერსონალური მონაცემების დამუშავება არის ამ მონაცემების ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, ასლის გადაღება, შენახვა, გავრცელება ან ნებისმიერი სხვა მოქმედება, რითაც შესაძლებელია ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის შესახებ სასურველი ინფორმაციის მიღება.

სახელმწიფოს მხრიდან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაზე საუბრისას მომხსენებლებმა კამპანია „ეს შენ გეხება“ გაიხსენეს. კამპანია, რომელიც 2012 წელს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ერთად წამოიწყეს, სხვადასხვა საკითხთან ერთად ძალოვანი უწყებების მიერ მოქალაქეების უკანონო მიყურადების წინააღმდეგაც გამოდიოდა.

ეს ვიდეო და აუდიოჩანაწერები კი შემდგომში ინტერნეტსივრცეში ან მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის სექტემბერში, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა საჯაროდ განადგურდა. ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რისკი იმისა, მთავრობას მოუნდეს პერსონალური მონაცემები უკანონოდ მოიპოვოს, მაინც არსებობს. ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ამაში საბჭოთა წარსულის კვალს ხედავს:

„ტექნიკური თვალსაზრისით მოდერნიზებული საბჭოთ სისტემების გამოყენებას ვერ ელევა ჩვენი სახელმწიფო და დღის წესრიგში სვამს საკითხს: „რა უფრო მნიშვნელოვანია, დავიცვათ ადამიანის უფლებები, რომლებიც რაღაც განყენებული კატეგორიაა, თუ სახელმწიფო გადავარჩინოთ? აქ თუ არ შემოვიდა დამფუძნებელი პრინციპი, რომ სახელმწიფო არ არსებობს, თუ არ არსებობს თავისუფალი მოქალაქე და თუ არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც აქვს უფლებები და უნდა იყოს დაცული, მაშინ არ გამოვა არაფერი, უბრალოდ, არ შედგება სახელმწიფო“.

მომხსენებლები საბჭოთა წარსულის გავლენას მიაწერდნენ იმასაც, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არც მოქალაქეებს აქვთ გააზრებული. თბილისში სახელდახელოდ გამოკითხული გამვლელების უმრავლესობა ამბობს, რომ გააზრებული აქვს, რა არის მისი პერსონალური ინფორმაცია, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი გამჟღავნება სახიფათო არ არის. ისინი ფიქრობენ, რომ მათი პირადი ინფორმაცია დაცულია იმდენად, რამდენადაც დასამალი არაფერი აქვთ.

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ პოლიტიკური ჯგუფები და მედია დღეს ერთგვარი სამოქალაქო ომის პირობებში არიან და სხვა თემებს ყურადღებას არ აქცევენ, ამიტომაც დისკუსიამ საზოგადოებაში უნდა გადაინაცვლოს. საზოგადოება უნდა შეთანხმდეს იმაზე, სანამ არსებობს რისკი, გამოძიებამ მოსამართლის დასაბუთებული თანხმობის გარეშე დაიწყოს მიყურადება, ჯანსაღი სახელმწიფო ვერ იარსებებს - მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ფარულ ჩანაწერებს ხშირად მედია ასაჯაროებს.

გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი აზრის ამ მხრივ ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესი იქნება:

„დაახლოებით თხუთმეტი წელი მაინც დაგვჭირდება თაობის ცვლასთან ერთად, რომ ადამიანებმა ზუსტად გაიგონ, რა არის მათი პირადი ცხოვრება, გააცნობიერონ, გაითავისონ და შემდეგ აქტიურად იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ფიქრობს, რომ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა მაინც უფრო მეტად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა:

„კი, ბატონო, არსებობს სამოქალაქო კონტროლი და დღეს არის ორგანიზაციების ინტერესი. ვთქვათ და, მათ გაუჩნდათ სხვა პრიორიტეტები და ვინც ახლა რაღაც ტიპის უფლებაზე მუშაობს, სხვა ტიპის უფლებაზე გადაერთო. მხოლოდ ამაზე ხომ ვერ ვიქნებით დამოკიდებული, სანამდე შეძლებს საზოგადოება ამ კონტროლის მექანიზმების ჩანაცვლებას?!“

თამარ ქალდანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ შიგნითვე უნდა შექმნას ბალანსისა და გაწონასწორების სისტემა და გაანეიტრალოს ის რისკები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს.

XS
SM
MD
LG