Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის სოფლებში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალკახათის მცხოვრებნი 8 ივნისს ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. სტიქიამ ადგილობრივებს მაშინ თხილის, მათი შემოსავლის ძირითადი წყაროს, მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუნადგურა. მოსახლეობის იმ კატეგორიის თქმით, რომლებსაც თხილი კერძო სადაზღვევო კომპანიაში არ დაუზღვევიათ, სახელმწიფო დაჰპირდა, რომ კომპენსაციას მიიღებდნენ, თუმცა დანაპირების შესრულებას დღემდე ამაოდ ელიან. დაზარალებულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ბანკის სესხი აქვთ და გადახდასაც სწორედ თხილის გაყიდვიდან მიღებული თანხით აპირებდნენ. ახალკახათელი ელენე აბსანძე ამბობს, რომ სტიქიის შემდეგ თხილის მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა:

„გვინდა მთავრობას ვთხოვოთ შეგვისრულოს დანაპირები. ეს არის ჩვენი სასმელი, საჭმელი, წამალი და ყველაფერი. სტიქიამ გაგვანადგურა. მთავრობამ მოგვცა დაპირება, რომ ზარალს აგვინაზღაურებდა. მე საერთოდ ტონაზე მეტი მაქვს მოსავალი, მაგრამ ახლა 200 კილოზე მეტი არ იქნება, ალბათ“.

„თხილის იმედით ავიღე სესხი და ახლა რით გადავიხადო?!. 400 ძირი მქონდა სულ. აქედან 200 ჩემია და 200 ჩემს შვილზეა გაფორმებული. ან ის სესხი, რომ გამინახევრონ, ან რაღაცით რომ დამეხმარონ...“, - ამბობს ასევე ახალკახათში მხოვრები შადიმან ჩანგელია. მისგან განსხვავებით, თხილის პლანტაციების ნაწილი დაზღვეული ჰქონდა ვაგნერ აბსანძეს, რომელიც ზარალის ანაზღაურებას ნაყოფის დანაკარგისა და მის მიერ გადახდილი თანხის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით სადაზღვევო კომპანიიდან თვის ბოლომდე ელოდება:

„აქ ბევრი სადაზღვევო კომპანია დადიოდა, მაგრამ ჩვენი იყო „ირაო“. ჩვენ ახლა ამ კომპანიისგან უკმაყოფილო არ ვართ. ამბობენ თვის ბოლომდე იქნება ფულიო“.

უკმაყოფილო მოსახლეობის საპასუხოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მათ არ გაუციათ დაპირება ზარალის ანაზღაურების შესახებ. გამგებლის მოადგილე გურგენ სართანიას განცხადებით, სტიქიის მეორე დღესვე გამგებელმა საგანგებო თათბირი გამართა, სადაც სოფლების წარმომადგენლები მოიწვია, შეიქმნა სპეციალური კომისიაც ზარალის ოდენობის შესასწავლად:

„ამის შემდეგ ჩვენ ეს უნდა გაგვეგზავნა ცენტრალურ ხელისუფლებაში და გვემუშავა, რომ ზარალი ანაზღაურებულიყო... იყო გარკვეული რაოდენობა მოსახლეობის, რომელსაც დაზღვეული ჰქონდა თხილი და სადაზღვევო კომპანია მუშაობს, რომ აანაზღაუროს მიყენებული ზარალი. ჩვენგან რაღაც ისეთი დაპირება, რომ ზარალს აუცილებლად აგინაზღაურებთ, არ ყოფილა. ამ ყველაფერს დაემატა თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედია და მორალურადაც არ იყო გამართლებული, რომ ჩვენ გადაგვეგზავნა მონაცემები... თვითონ მოსახლეობა მოდიოდა და გვთხოვდა, რაც თბილისში მოხდა, მას შემდეგ თქვენგან არ გვინდა დახმარების გაწევა და დაეხმარეთ თბილისსო“.

8-9 ივნისის ორდღიანმა ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რეგიონის სოფლების ნაწილში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. გარდა თხილისა, სტიქიამ მასიურად ჩამობერტყა ხილის სხვადასხვა კულტურების ნაყოფიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG