Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის ინფორმაციით, ღარიბაშვილის ქვისლი საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს

ირაკლი ღარიბაშვილი (ფოტო არქივიდან)
ირაკლი ღარიბაშვილი (ფოტო არქივიდან)

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ქვისლი (ცოლისდის ქმარი) ლევან სანამაშვილი საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა გაავრცელა.

„გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე - ლევან სანამაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს სამსახურიდან!!! მიზეზი გასაგებია“, - დაწერა გელაშვილმა სოციალურ ქსელში.

მისივე ინფორმაციით, ნათია თამაზაშვილიც ადვოკატია და იცავს ირაკლი ღარიბაშვილის უფლებებს.

„ვინ იქნება შემდეგი???“ - წერს ღარიბაშვილის ადვოკატი.

ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან სანამაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან სანამაშვილი

ლევან სანამაშვილი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. რადიო თავისუფლება სამინისტროსა და სააგენტოს პრესსამსახურებს დაუკავშირდა, თუმცა კითხვებზე - მუშაობდა თუ არა უწყებაში სანამაშვილი, როდიდან აღარ მუშაობს და რა მიზეზით - პასუხი ვერ მიიღო.

„არ ვაკეთებთ კომენტარს“, - მოგვწერა პრობაციის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ ეს „პერსონალური ინფორმაციაა“ და „კონკრეტულ თანამშრომლებზე ინფორმაცია არ გაიცემა“.

მედია ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ხშირად საუბრობდა მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების საჯარო სამსახურებში დანიშვნასთან დაკავშირებით. 2022 წელს „ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის მიხედვით, ლევან სანამაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე იყო.

ღარიბაშვილის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სანამაშვილის გათავისუფლება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ წერილებს უკავშირდება.

„სწორედ ამას გულისხმობდა ბატონი ირაკლი, როდესაც აკეთებდა თავის განცხადებებს [მისი ოჯახის „განადგურების ბინძურ გეგმაზე“ - რ.თ.]“, - ამბობს გელაშვილი.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა 17, 18 და 20 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ისაუბრა „მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“ და აღნიშნა, რომ მათ უსაფრთხოებაზე „სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.
  • ღარიბაშვილის თქმით, მან მამუკა მდინარაძისგან წერილი მიიღო, რომელშიც მისგან ახალი კორუფციული საქმის აღიარებას მოითხოვდნენ, თუმცა ამ პირობას არ დათანხმდა და „ბრძოლა“ გადაწყვიტა.
  • ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მის ყოფილ თანაგუნდელებს ეშინოდათ, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამ რისკის „გადაზღვევას“ ცდილობდნენ.
  • ღარიბაშვილმა მესამე პოსტში დააზუსტა, რომ მამუკა მდინარაძემ მისი ოჯახის წევრს წერილი „თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა“.
  • „სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG