Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელების მასობრივი დეპორტაცია მეზობელი ქვეყნებიდან უკან, თალიბანის „ისლამურ საამიროში“


ავღანელი ლტოლვილები პაკისტანიდან გაქცევის შემდეგ პაკისტან-ავღანეთის საზღვრის მახლობლად ავღანეთში, თორხამში. 4 ნოემბერი, 2023 წელი
ავღანელი ლტოლვილები პაკისტანიდან გაქცევის შემდეგ პაკისტან-ავღანეთის საზღვრის მახლობლად ავღანეთში, თორხამში. 4 ნოემბერი, 2023 წელი

ირანი და პაკისტანი, ასევე თურქეთი, ამ ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრებ მილიონობით ავღანელს უკან სამშობლოში აბრუნებენ.

დეპორტაცია მათთვის, ვინც თანამშრომლობდა ავღანეთის ყოფილ მთავრობასთან, მათ შორის სამხედრო პერსონალსა და პოლიციასთან, ნიშნავს დაპატიმრებას, იძულებით გაუჩინარებას ან სიკვდილს.

არანაკლებ რთულია ქალებისა და გოგონების მდგომარეობა, განსაკუთრებით მათი, ვინც პაკისტანში მოახერხა ესწავლა, ან ჯერ კიდევ სწავლობს და სამშობლოში, სადაც ქალებს სწავლა და მუშაობა ფაქტობრივად ეკრძალებათ, ამ რეალობის გათვალისწინება მოუწევთ.

გასულ თვეში, პაკისტანის მმართველებმა მოსთხოვეს 1.7 მილიონ ავღანელს, რომლებიც უსაბუთოდ არიან ამ ქვეყანაში, დაეტოვებინათ სამხრეთ აზიის ეს სახელმწიფო. სხვა შემთხვევაში მათ პატიმრობა ან დეპორტაცია ემუქრებოდათ. ავღანელებს დაუთქვეს ვადა, ისინი 1 ნოემბრამდე უნდა გასულიყვნენ პაკისტანიდან. 300 000-ზე მეტი ავღანელი, რომელთაც ზურგზე მხოლოდ ტანსაცმელი ჰქონდათ მოკიდებული, სამშობლოში დაბრუნდა.

მას შემდეგ, რაც თალიბებმა ავღანეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ათასობით ავღანელი ოჯახი მეზობელ პაკისტანში გაიქცა. ახლა კი მათ კვლავ უკან უწევთ დაბრუნება სხვა ვითარებაში, თალიბანის ფაქტობრივი ხელისუფლების პირობებში.

ირანსა და პაკისტანში არალეგალურად მცხოვრები ავღანელები დეპორტაციის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან; ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ ამჟამად მმართველი თალიბანის წინააღმდეგ, შიშობენ, რომ სამშობლოში დაბრუნება სიკვდილს ნიშნავს.

ავღანეთი-- პაკისტანიდან დაბრუნებული ავღანელი ლტოლვილები სასაზღვრო პროვინცია ნანგარჰარში, მიგრაციის საერთაშორისო ოფისითან ელიან რეგისტრაციას. 12 ნოემბერი, 2023.
ავღანეთი-- პაკისტანიდან დაბრუნებული ავღანელი ლტოლვილები სასაზღვრო პროვინცია ნანგარჰარში, მიგრაციის საერთაშორისო ოფისითან ელიან რეგისტრაციას. 12 ნოემბერი, 2023.

2021 წლის აგვისტოში თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების ათიათასობით ყოფილი წევრი - არმია, სპეცრაზმი, ეროვნული პოლიცია და დაზვერვა - გაიქცა მეზობელ ქვეყნებში.

იქ ისინი შეუერთდნენ მილიონობით ავღანელს, რომლებიც დასახლდნენ პაკისტანსა და ირანში ბოლო ოთხი ათწლეულის ომის, სიღარიბისა და პოლიტიკური არეულობის დროს ავღანეთში.

პაკისტანთან ერთად ბოლო ხანს ირანმა დაიკავა მკაცრი პოზიცია ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები ავღანელების მიმართ. ბოლო კვირების განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდიმ ორჯერ განაცხადა, რომ ლეგალური სტატუსის არმქონე პირები ავღანეთში დაბრუნდებიან. საფრთხე შეექმნა ირანში მცხოვრებ დაახლოებით 4,5 მილიონ ავღანელს, რომელთა უმეტესობა თავშესაფარს და დროებით სამუშაოს ეძებს.

ფაჰიმ, პაკისტანში მცხოვრებმა ყოფილმა ავღანელმა ჯარისკაცმა, რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ ეშინია დეპორტაციისა და ავღანეთში დაბრუნების. პაკისტანის მთავრობამ სერიოზული ზომები მიიღო და ჩვენს ვიზებს ვადა ამოეწურა, „ჩვენ დეპორტირებულები ვართ. არ არსებობს [უსაფრთხოების] გარანტიები ისლამური საამიროს [თალიბანის მთავრობა] სამხედრო პერსონალისთვის და ძალიან მეშინია“, - თქვა ფაჰიმ.

მიუხედავად იმისა, რომ თალიბანმა ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე გამოაცხადა საყოველთაო ამნისტია ავღანეთის სამხედროების, პოლიციისა და მთავრობის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და გაერომ დაადასტურეს, რომ თალიბანი შურისძიებას მიმართავს, მათ შორის, სასამართლოს გარეშე მკვლელობებისა და წამების ფორმით, მათ წინააღმდეგ, ვინც ავღანეთის მთავრობასთან თანამშრომლობდა.

აგვისტოში გამოქვეყნებულ მოხსენებაში, გაეროს დამხმარე მისიამ ავღანეთში განაცხადა, რომ თალიბანს ეკისრება პასუხისმგებლობა სულ მცირე 218 სასამართლოს გარეშე მკვლელობისთვის, 14 უგზო-უკვლოდ დაკარგვის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის 144-ზე მეტ შემთხვევისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების და სამხედრო მოსამსახურეების 424 თვითნებური დაპატიმრებისთვის.

ზოგიერთი ცნობით, დაახლოებით 30 ათასი ავღანელი ჯარისკაცი გაიქცა ირანში, რათა თავი დააღწიოს თალიბების დევნას.

ფავადი, ყოფილი ავღანელი ჯარისკაცი, რომელიც ახლა ირანში ცხოვრობს, სამშობლოდან თალიბებს გაექცა. ახლა მას კვლავ საფრთხე ემუქრება.

„იყო ავღანეთში მუქარა“, ამბობს ის და იხსენებს, როგორ ცდილობდნენ თალიბები ყოფილი ჯარისკაცების ხელში ჩაგდებას. ახლა კი ის და მისი ამხანაგები ავღანეთში კვლავ „სერიოზული საფრთხის წინაშე“ არიან.

ავღანეთის ეროვნული არმია სამხედრო ოპერაციის დროს. 2016 წელი
ავღანეთის ეროვნული არმია სამხედრო ოპერაციის დროს. 2016 წელი

ავღანეთში დარჩენილი ბევრი ყოფილი ჯარისკაცი ცხოვრობს იატაკქვეშეთში და რეგულარულად მოძრაობს ერთი ადგილიდან მეორეზე, რათა დაემალოს საფრთხეს, რომელიც თალიბანისგან ემუქრება.

ავღანეთის ჩამოგდებული მთავრობის ყოფილი სამხედრო ოფიციალური პირები სიტუაციის სიმძიმეზე ლაპარაკობენ და მოუწოდებენ ყოფილ მოკავშირეებსა და გაეროს, მიიღონ ზომები ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ყოფილი წევრების დასაცავად. „მათ და მათი ოჯახების სიცოცხლეს ასი პროცენტით ემუქრება საფრთხე“, განუცხადა გენერალმა ფარიდ აჰმადიმ, სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა, რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს. „ამჟამად მათი ათასობით ყოფილი თანამებრძოლი თალიბანის ციხეებში იმყოფება. არაფერია ცნობილი მათი ბედის შესახებ“.

ავღანური დაზვერვის ბევრი ყოფილი ოფიცერი დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს ბედის ანაბარა მათ მიტოვებაში თალიბების მიერ ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდების შემდეგ.

აჰმადიმ თქვა, რომ „გაერო, აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ ტერორიზმთან ბრძოლაში, არ უნდა დარჩნენ გულგრილნი [უშიშროების ძალების] ოჯახების ბედის მიმართ“.

პაკისტანიდან დაბრუნებული ავღანელი ლტოლვილები ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან ახლოს, ყანდაარის პროვინციის სფინ ბოლდაკის რაიონში, 6 ნოემბერი, 2023 წელი
პაკისტანიდან დაბრუნებული ავღანელი ლტოლვილები ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან ახლოს, ყანდაარის პროვინციის სფინ ბოლდაკის რაიონში, 6 ნოემბერი, 2023 წელი

ზოგიერთმა დატოვა სამშობლო, რათა მათ ქალიშვილებს სწავლის გაგრძელება შესძლებოდათ მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქალებს უნივერსიტეტში და გოგონებს სკოლაში სიარული აუკრძალეს.

მათ შორის იყო ბიბი გიული, რომელიც თინეიჯერ ქალიშვილთან ერთად პაკისტანში გადავიდა საცხოვრებლად. გოგონა მე-10 კლასში იყო და სკოლის დამთავრებას აპირებდა. მაგრამ ახლახან ორივე დეპორტირებული იქნა პაკისტანის ხელისუფლების მიერ.

მძიმე ცხოვრება მოელით ავღანელ გოგონებსა და ქალებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან. ექსტრემისტულმა გაერთიანებამ სასტიკად შეზღუდა ქალთა განათლება და მუშაობის უფლება, დააწესა შეზღუდვები ქალების ჩაცმულობასა და გადაადგილების თავისუფლებაზე. არ ჩანს ნიშანი იმისა, რომ თალიბანი გააუქმებს თავის შეზღუდვებს ქალთა განათლებაზე. ავღანელი ქალები და გოგონები, რომლებიც ჯერ კიდევ პაკისტანში არიან, ავღანეთში ძალადობრივი დეპორტაციის მუდმივ შიშში ცხოვრობენ.

დაახლოებით 700 000 ავღანელი, რომელთა უმეტესობა დოკუმენტების გარეშეა, თავს აფარებს პაკისტანს მას შემდეგ, რაც თალიბებმა ავღანეთი დაიპყრეს 2021 წლის აგვისტოში.

ავღანელ ბავშვებს პურს ურიგებს ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია იმპროვიზებულ ბანაკში პაკისტანიდან ჩამოსვლისთანავე, ნანგარჰარის პროვინცია, თორხამის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. 12 ნოემბერი, 2023 წელი
ავღანელ ბავშვებს პურს ურიგებს ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია იმპროვიზებულ ბანაკში პაკისტანიდან ჩამოსვლისთანავე, ნანგარჰარის პროვინცია, თორხამის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. 12 ნოემბერი, 2023 წელი

მას შემდეგ, რაც თავდაპირველად პაკისტანმა სამიზნეში ამოიღო „არალეგალურად“ მცხოვრები ავღანელები, ისლამაბადმა განაცხადა, რომ დაიწყებს ქვეყანაში კანონიერად მცხოვრები მილიონობით ავღანელის დეპორტაციასაც.

უფლებადამცველმა ჯგუფებმა მოუწოდეს ისლამაბადს, შეაჩეროს მასობრივი დეპორტაცია და გააფრთხილეს, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის ავღანელი ლტოლვილების, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების სიცოცხლეს.

ავღანეთი დამანგრეველი ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას, რასაც უფლებადამცველი ჯგუფები უწოდებენ გაღრმავებულ „ადამიანის უფლებათა კრიზისს“.

„თუ პაკისტანის მთავრობა დაუყოვნებლივ არ შეაჩერებს დეპორტაციას, ის რისკის ჯგუფში მყოფ ათასობით ავღანელს, განსაკუთრებით ქალებსა და გოგოებს, წაართმევს უსაფრთხოებაზე, განათლებასა და საარსებო წყაროზე“ წვდომის საშუალებას, - ნათქვამია Amnesty International-ის წარმომადგენლის, ლიდია საკარდის 10 ნოემბრის განცხადებაში.

პაკისტანმა განაცხადა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება, დეპორტაცია გაუკეთოს ავღანელ ლტოლვილებს, მათ, ვისაც, როგორც ჩანს, სამშობლოში კარგი არაფერი მოელით, მიღებულ იქნა თალიბანის ქმედების საპასუხოდ, რომელმაც უარი თქვა ექსტრემისტული დაჯგუფებ „თეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანის“ ავღანეთიდან განდევნაზე. ისლამაბადმა თალიბანი დაადანაშაულა, რომ მფარველობს დაჯგუფებას, რომელიც სისხლიან აჯანყებას აწარმოებს პაკისტანის წინააღმდეგ. „თეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანს“ მჭიდრო იდეოლოგიური და ორგანიზაციული კავშირები აქვს ავღანეთის თალიბანთან.

„ავღანეთის დროებითი მთავრობის მხრიდან თანამშრომლობაზე უარის თქმის შემდეგ, პაკისტანმა გადაწყვიტა, თავად მოეკიდა ხელი საქმისთვის და მისი ბოლოდროინდელი ქმედება არც მოულოდნელია და არც გასაკვირი“, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანვარ ულ-ჰაქ კაკარმა, 8 ნოემბერს.

თალიბანის მთავარმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა, იმავე 8 ნოემბერს განაცხადა, რომ „პაკისტანში მშვიდობის შენარჩუნება“ არ იყო მისი მოვალეობა.

გასულ კვირას, თალიბანის თავდაცვის მინისტრმა, მოლა მოჰამად იაყუბმა, პაკისტანი გააფრთხილა, „გადახედოს თავისი მოქმედებების შედეგებს“ და „იმდენი დათესოს, რამდენის მომკაც შეუძლია“.

თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირა ხან მუთაქიმ, „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ ისლამაბადი მასობრივ დეპორტაციებს იყენებს დაჯგუფებაზე ზეწოლისთვის, რათა მან ოფიციალურად აღიაროს საზღვარი პაკისტანთან, რომელსაც უარყოფს.

ამ სიტყვიერმა დაპირისპირებამ გამოააშკარავა მზარდი დაძაბულობა ავღანელ თალიბებსა და პაკისტანს შორის. ისინი დიდი ხნის მოკავშირეები იყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა უთანხმოება აქვთ. მათ შორის მზარდი უთანხმოების მოგვარებას არ უჩანს კარგი პირი. ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენიმე სისხლიანი შეტაკება მოხდა პაკისტანისა და თალიბანის ძალებს შორის, რის შედეგადაც ისლამაბადმა საზღვარი ჩაკეტა.

რას უნდა მოველოდეთ? პაკისტანი და თალიბანი, როგორც ჩანს, კონფრონტაციის გზაზე დარჩებიან. რამდენადაც მათი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა, ისინი, სავარაუდოდ, კვლავაც მოწინააღმდეგეებად დარჩებიან.

ამასობაში, პაკისტანის მიერ ავღანელების მასობრივი გაძევება, რომელიც კვლავაც გრძელდება, სავარაუდოდ, გააუარესებს მსოფლიოში ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კრიზისს ავღანეთში.

რადიო თავისუფლების ავღანურმა სამსახურმა კომენტარისთვის მიმართა თალიბანს, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

ამ დროს თურქეთი კიდევ ერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაიწყო ავღანელების დიდი რაოდენობის დეპორტაცია მათ სამშობლოში - ბოლო კვირებში ქვეყანა თითქმის 4000-მა ადამიანმა დატოვა.

ანკარამ განაცხადა, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში დაახლოებით 3900 ავღანელი იქნა დეპორტირებული ქაბულში საგანგებო რეისებით.

და არა მხოლოდ თურქეთიდან - ავღანელების ფართომასშტაბიან დეპორტაციას პაკისტანიდან ემატება ირანიც. გასული თვის განმავლობაში, დაახლოებით 400 000 ავღანელი იქნა რეპატრიირებული ამ ორი ქვეყნიდან.

„სტამბოლში დამიჭირეს; მაგრად მცემეს“, თქვა ავღანეთის არმიის ყოფილმა ჯარისკაცმა, რომელიც თურქეთის უდიდეს ქალაქში დააკავეს ორი თვის წინ. ის თურქეთში 18 თვის წინ გაიქცა, რადგან ეშინოდა, რომ თალიბანი მის დევნას დაიწყებდა წარსული სამუშაოს გამო.

„შემდეგ ორი თვე ვყავდით ბურსაში, ბანაკში, - დასძინა მან, - ჩემთან ერთად, ასევე ძალით გააძევეს ბევრი ახალგაზრდა ავღანელი, რომლებიც ადრე სამხედრო სამსახურში იყვნენ“. მილადმა, ახალგაზრდა ავღანელმა კაცმა, თქვა, რომ ის დაბრუნდა ავღანეთში ამ კვირაში, ირანის გავლით რთული სახმელეთო მოგზაურობის შემდეგ, როცა ნოემბრის დასაწყისში თურქეთიდან გაასახლეს. „უკან დაბრუნებისას, ბევრჯერ გვცემეს, - თქვა მან, - არც წესიერი საჭმელი გვქონდა“.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში მცხოვრები ავღანელი იმიგრანტი მუშის ოჯახი დამსაქმებლებს ადანაშაულებს მის მოკვლაში და დანაშაულის დასაფარად შემდეგ დაწვაში.

15 ნოემბერს რადიო თავისუფლებას ქამარ გულმა უამბო, რომ ერთ საღამოს, მისი ქმარი ვაზირ მოჰამად ნურთანი სამსახურიდან არ დაბრუნებულა. ეს მოხდა 9 ნოემბერს. ოჯახი თურქეთის დასავლეთ შავი ზღვის პროვინცია ზონგულდაქში ცხოვრობს. ქალის თქმით, 10 ნოემბერს მან პოლიციას ქმრის გაუჩინარების შესახებ შეატყობინა და „მეორე დღეს, დაახლოებით შუადღისას მაცნობეს, რომ ცხედარი იპოვეს“, - ჰყვება ქვრივი, რომელმაც ქმარი ამოიცნო.

50 წლის ნურთანი ზონგულდაქში ქვანახშირის არალეგალურ მაღაროში მუშაობდა. ის იყო თავისი ხუთსულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
50 წლის ნურთანი ზონგულდაქში ქვანახშირის არალეგალურ მაღაროში მუშაობდა. ის იყო თავისი ხუთსულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

თურქული მედიის ცნობით, პოლიციამ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექვსი ადამიანი დააკავა, მათ შორის - არალეგალური მაღაროს მფლობელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა აღიარეს მკვლელობა. მათი ნაამბობით, მას შემდეგ, რაც მუშაობის დროს ვაზირი ცუდად გახდა და გული წაუვიდა, მაღაროს მფლობელებმა ის საავადმყოფოში არ წაიყვანეს. ამის ნაცვლად, მოკლეს, რათა ხელისუფლებას უკანონო მაღარო არ აღმოეჩინა.

პოლიციას ამ საქმეზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ირანში ორი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, ნურთანი წლის დასაწყისში მეზობელ თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ავღანელი ემიგრანტისთვის ირანში ცხოვრება გაჭირდა.

ის არ არის პირველი ავღანელი, რომელიც მეზობელ ქვეყანაში მოკლეს. ირანიდან თურქეთში გადასული ავღანელების დახვრეტის შესახებ ცნობები ადრეც გავრცელებულა.

ანკარაში 3,2 მილიონზე მეტი რეგისტრირებული სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც 2021 წლის აგვისტოში თალიბანი ხელისუფლებაში დაბრუნდა, ამ ქვეყანაში ირანის გავლით ავღანელების დიდი რაოდენობა ჩავიდა.

თურქეთში ზოგიერთი ავღანელი თავშესაფარს და სამუშაოს ეძებდა, ზოგი კი მისი გავლით მეზობელ საბერძნეთში და შემდეგ, ევროპის კავშირის სხვა ქვეყნებში გარბოდა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს, UNHCR-ის თანახმად, თურქეთი მასპინძლობს მსოფლიოში ლტოლვილთა ერთ-ერთ უდიდეს თემს, რომელიც მოიცავს დაახლოებით 3,6 მილიონ სირიელს და 300 000-ზე მეტ სხვა ეროვნების ადამიანს, რომელთა უმრავლესობა ავღანელები არიან.

გასულ წელს, თურქეთმა, დაახლოებით 50 000 ავღანელი დააბრუნა უკან, თავიანთ ქვეყანაში.

2022 წლის ანგარიშში, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა ანკარა იმის გამო, რომ ის რეგულარულად აძევებდა ათობით ათას ავღანელს - რომელთაგან ბევრს საბუთები არ აქვს. თურქეთი ავღანელებს ან ირანში აძევებდა სახმელეთო საზღვრით, ან პირდაპირ ავღანეთში „საერთაშორისო სამართლით მათი დაცვის მოთხოვნების ყოველგვარი განხილვის გარეშე“.

სტატია მომზადებულია აბუბაქალ სიდიყის, ჯავიდ ჰასანზადას, ხუჯასთა ქაბირისა და ფაიეზა იბრაჰიმის მასალების მიხედვით

XS
SM
MD
LG