Accessibility links

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი


2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდა.

საქართველოს მასშტაბით განთავსებული დაზიანებული მანქანები, როგორც ირკვევა შს სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილები იყო და მათ სხვადასხვა ადგილებში განთავსებისთვის 34 696 ლარი დაიხარჯა, დემონტაჟსა და დასაწყობებაში 4 846.

კამპანიის შესახებ ხალხის ინფორმირებისთვის გამოიყენებოდა ყველა პლატფორმა: ვებ-საიტი და სოციალური მედია, “ინფლუენსერები”, გარე რეკლამა ბანერებზე, რადიო და სატელევიზიო ეთერები. დაიბეჭდა მაისურები და ფლაერები.

კამპანიისთვის დამზადდა საიტი და წარმოებდა სოციალური მედია კამპანია. ვებ-საიტის შექმნა 4 800 ლარი დაჯდა, სოციალურ რეკლამაში კამპანია და მისი რეკლამირება 25 532 ლარი.

შსს-სგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მასში ჩართულები იყვნენ “ინფლუენსები” და მათი აქტივობები შსს-ს 25 000 ლარი დაუჯდა.

გარე რეკლამის თანხები 100 000 ლარს სცილდება, ტელევიზიაში საეთერო დროის ყიდვის თანხები 200 000 ლარს სცილდება, რადიო რეკლამაში დაიხარჯა 40 000-ზე მეტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკის თანახმად საქართველოში წელიწადში 30 000-ზე მეტი ავსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება (ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის მიხედვით), მათგან დააახლოებით 6 000-ის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. მხოლოდ 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 481 და დაშავდა 7921 ადამიანი. დაღუპულთა რაოდენობა 2019 წელს 5%-ით გაიზარდა, საგზაო შემთხვევების კი 9,5%-ით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG