Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანომალიური ხანძრები ნოემბერში 


ეს ხანძრები ანომალიურია - ასეთ დასკვნამდე მივიდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). ორგანიზაციამ საქართველოში ნოემბერში მომხდარი ხანძრების შესახებ მონაცემები შეაჯამა.

როგოც CENN-ის ანგარიშში წერია, ადრე გვიან შემოდგომაზე არათუ მთიან რაიონებში, არამედ ბარშიც კი ხანძარი ძალიან იშვიათი იყო. საქართველოში, ისევე როგორც მთელ კავკასიაში, გვიანი შემოდგომა გრილი, მაღალმთიან რაიონებში კი ცივი და შედარებით ნალექიანია. ასეთ პირობებში ბუნებრივად ხანძრის გაჩენა გამორიცხულად უნდა ჩაითვალოს.

მიუხედავად ამისა, სტატისტიკა ასეთია:

• ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - სოფელ აბარის მიდამოები. ხანძარმა მოიცვა 60 ჰექტარამდე მუხისა და წიფლის ტყე (16-19 ნოემბერი).

• ონის მუნიციპალიტეტი - სოფელ ხიდეშლების ჩრდილო-დასავლეთით, მოიცვა 250 ჰექტარამდე წიფლის ტყის კორომები (17– 19 ნოემბერი).

• მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელ ტსალანარიდან დასავლეთით, მოიცვა 70 ჰექტარამდე ნაძვისა და წიფლის ტყე (17-19 ნოემბერი).

• დუშეთის მუნიციპალიტეტი - ბლოს ხეობის სუბალპურ სარტყელში ხანძარი გავრცელდა ბალახოვან საფარზე. მოიცვა 130 ჰექტარამდე ფართობი (18 – 20 ნოემბერი).

• შიდა ქართლის მუნიციპალიტეტი - ჯამჯამას მთიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით 60 ჰექტარამდე ტერიტორიაზე გავრცელდა ხანძარი, რომელმაც მოიცვა წიფლნარის ტყე (23-25 ნოემბერი).

• ცხინვალის რეგიონში დაფიქსირდა რამდენიმე ხანძრის კერა (11-24 ნოემბერი).

• აფხაზეთში ნოემბერში ხანძარი 19 000 ჰექტარამდე ფართობზე გავრცელდა. ეს ხანძარი თავისი მასშტაბურობით, შესაძლოა, უპრეცედენტოდ ჩაითვალოს მთელ კავკასიაში.


CENN-ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ ხანძრის მიზეზებს უფრო ღრმად შესწავლა სჭირდება, წინასწარ კი შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ან დაუდევრობის გამო გაჩნდა, რადგან ხანძრების 99 პროცენტი სწორედ დაუდევრობის გამო ჩნდება, ან იმის გამო, რომ კლიმატი იცვლება.

„მშრალი შემოდგომაა და შეიძლება ამიტომაც ჩნდება ხანძრები. ზოგადად, არ ვართ მზად მასშტაბური ხანძრებისთვის. ბორჯომში 2008 წელს 1000 ჰა ტერიტორია დაიწვა, აფხაზეთში - 19 ათასი ჰა. ჩვენ კი ბორჯომის ხანძრის ჩაქრობაც გაგვიჭირდა“, - ამბობსCENN-ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი.

მისივე თქმით, ხანძარი განსაკუთრებით სახიფათოა მაშინ, როცა წიწვოვანი ტყე იწვის. ამ დროს წვა უშუალოდ ნიადაგშიც გრძელდება, რის გამოც მიწის საფრისა და მასთან ერთად ტყის აღდგენაც თითქმის შეუძლებელი ხდება. აფხაზეთში წიწვოვანი ტყეებიც დაიწვა. „რუსეთის ავიაციაც აქრობდა აფხაზეთში ხანძარს, მაგრამ საბოლოოდ მაინც წვიმამ ჩააქრო“, - ამბობს რეზო გეთიაშვილი.

შსს-ში აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით თითოეულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG