Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეიტრალიტეტი, სუვერენული ეკონომიკა, ევროკავშირის "ყალბი ღირებულებები" - ანტიდასავლური აქციის ინიციატივები და მოთხოვნები


აქციის მიწურულს, ინიციატორმა და ორგანიზატორმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა მოწოდების ტექსტი წაიკითხა.
აქციის მიწურულს, ინიციატორმა და ორგანიზატორმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა მოწოდების ტექსტი წაიკითხა.

მშვიდობის დაცვის ლოზუნგით მოწვეული მიტინგის ორგანიზატორებმა, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ადამიანებს საქართველოს საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლის ინიციატივებით მიმართეს.

კონსერვატორული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს „დაუძინებელ მეგობრებს“ უწოდებს, აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ საჭიროა დაფიქრება, რა უფრო სჭირდება საქართველოს - „რომელიმე სამხედრო კავშირში გაწევრიანების არარეალისტური გეგმები და მიზნები, თუ ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა“.

აქციის მონაწილეებს შაქარიშვილმა პასუხიც თავად შესთავაზა და უთხრა, რომ მშვიდობა, განვითარება და ქვეყნის გაერთიანება მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობებშია შესაძლებელი.

ნატოში გაწევრიანება, ისევე, როგორც ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მიზანია.

შაქარიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ხალხი „უსამართლო გადაწყვეტილებისთვის“ უნდა იყოს მზად, რადგან „[საერთაშორისო პარტნიორები] ცდილობენ ამგვარი გარემოებების გამოყენებას ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მოსამზადებლად“.

„მათ [საერთაშორისო პარტნიორებს] სურთ, რომ ჩვენ დავისაჯოთ იმისთვის, რომ ვუფრთხილდებით მშვიდობას. მათ სურთ, რომ დასაჯონ ყველა ადამიანი, ვისაც, დღეს რომ აქ საქართველოში მშვიდობაა, საკუთარი წვლილი და კონტრიბუცია აქვს - დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული თითოეული ჩვენგანით“, - ამბობს შაქარიშვილი.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი (1999-2004), ირაკლი გოგავა მომიტინგეებს ეუბნება, რომ საერთაშორისო პარტნიორებს „ქართველი ერის დემოგრაფიული ზამთარი“ სურთ, „ლიბერალურმა კაპიტალიზმმა არ გაამართლა“და ამიერიდან საქართველომ უნდა დაიწყოს „სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება“.

„ახლა როცა მოკავშირეები გავხდით ხელისუფლება და ხალხი, იმედი მაქვს, ეს მოკავშირეობა გაგრძელდება და ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხები გადაწყდება“, - თქვა გოგავამ, რომელიც იმეორებს „ქართული ოცნების“ ინფორმაციას, რომ საქართველოს ომში ჩართვა „გლობალური ომის პარტიას“ სურს და ამატებს, რომ ხელისუფლებამ ხალხი ომისგან დაიფარა. მაგრამ ვის წარმოადგენს ეს „გლობალური ომის პარტია“ - არც გოგავას დაუკონკრეტებია.

აქციის მიწურულს, ინიციატორმა და ორგანიზატორმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა მოწოდების ტექსტი წაიკითხა.

ტექსტის ადრესატია ძირითადად ხელისუფლება, რომელსაც სთხოვენ, მაგალითად:

  • „ნაციონალური მოძრაობის“ „დიქტატორულ რეჟიმს“ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულდეს.
  • უნდა გატარდეს სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკა, „რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს და სიღარიბეს აღმოფხვრის“;
  • ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს - „კატეგორიულად მოვითხოვთ შიდა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას“.
  • დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება; შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში; დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს;
  • ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა;
  • პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, „რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია, თავს მოხვეული მაედნები და სხვა ქვეყნის ომში ჩართვა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, დაანონსებული არეულობა, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა, ერთმანეთთან დაპირისპირება არ მოხდეს და ყველაფერი ეს თავიდან ავიცილოთ“.

„ჩვენ არ მოგვწონს ევროპული ღირებულების და იდეების დეგრადაცია, რაც დღეს ევროპაში ხდება. იმის ნაცვლად, რომ ევროპული სახელმწიფოს შენებაში დაგვხმარებოდით, ყალბი ღირებულებების თავზე მოხვევით, რაც გვაქვს, იმის დანგრევას ცდილობთ“, - წერია ტექსტში, რომელიც პაპუაშვილმა წაიკითხა.

მან ილაპარაკა ოკუპაციაზეც, თუმცა რუსეთის მიმართ გაცილებით რბილი ენის გამოყენებითა და კრიტიკის გარეშე.

აქცია დაიგეგმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა „უცნობის კიდობანში“. იდეა მსახიობ ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნოდა. ამ გადაცემაში ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს. გაჩეჩილაძე და მისი სტუმრები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოში კონსტიტუციით გამყარებულ მიზანს - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.

30 აპრილის აქციის მონაწილეებს ორგანიზატორმა ზაზა პაპუაშვილმა, სატელევიზიო ეთერიდან წინასწარ მოუწოდა, რომ აქციაზე მხოლოდ საქართველოს დროშები ყოფილიყო წარმოდგენილი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი თბილისში რეგიონებიდან მიკროავტობუსებით იყო ჩამოსული და იმავე ტრანსპორტით დაბრუნდნენ უკან. ადგილზე რამდენიმე ათეული მიკროავტობუსი დათვალეს. ტელეკომპანია „ფორმულას“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ უთხრა, რომ თბილისში, თანამშრომლებთან ერთად, უფროსის ინიციატივით ჩამოვიდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს გასულ კვირაში უთხრა, რომ ორგანიზატორებს შორის მმართველი პარტია არ არის, მაგრამ ორგანიზატორთა „პატრიოტიზმი“ მხარდაჭერას იმსახურებს.

„ამ აქციასთან დაკავშირებით ცუდის თქმა ნამდვილად არ შემიძლია არაფრის... მათ რაც გამოხატეს თავისი პატრიოტული ემოციები - საწინააღმდეგო კი არა, პირიქით - მხარი შეიძლება დაუჭიროს ბევრმა ადამიანმა და ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი არა გვაქვს ისევე, როგორც არცერთ აქციასთან, მით უმეტეს, თუ ის პატრიოტულ ემოციებზე იქნება დამყარებული“, - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

XS
SM
MD
LG