Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არარსებული მკვდრები


„ვიღაცას რომ არ გადაეწყვიტა, მსოფლიოს კორონავირუსის მხვერპლთა რეკორდულად დაბალი რიცხი ვაჩვენოთო, რუსეთის რეალური ციფრებით შესაძლებელია გვეამაყა კიდეც. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ლეტალობა 1 პროცენტი გვექნება და ჟურნალისტების დაშინება დავიწყეთ“, - ამბობს მიხაილ ტამი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, რომელიც რუსეთში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ სტატისტიკას აანალიზებს.

რუსეთში არ წყდება დავა იმის შესახებ, არის თუ არა სტატისტიკური მონაცემები ხელოვნურად შემცირებული. ეს საკითხი საერთაშორისო სკანდალის მიზეზადაც იქცა. საგარეო საქმეთა სამინისტრო სანქციებით ემუქრება უცხოურ გამოცემებს, რომლებიც ამ თემაზე სტატიებს აქვეყნებენ და ეჭვობენ, რომ რუსეთის ოფიციალური მონაცემები მცდარია.

ამ დროს კი მოსკოვში თითქმის აღიარეს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილებში არ ითვლიან იმ პირების 60 პროცენტს, რომლებსაც ეს ვირუსი ჰქონდათ. დაღესტნის ჯანმრთელობის მინისტრმა განაცხადა კიდეც, რომ კორონავირუსით გარდაცვალების რამდენიმე ათეული ფაქტის გარდა, არისთითქმის 700 სიკვდილის შემთხვევა - ეს ადამიანები საავადმყოფოს მიღმა პნევმონიით დაიღუპნენ. თითქმის ყოველდღე ვიგებთ ახალ-ახალი ფაქტების შესახებ, როცა გარდაცვალების მიზეზად COVID-19 არ იყო მითითებული.

შესაძლებელია კი ამ პირობებში რუსული ოფიციალური სტატისტიკიდან რაიმე სარგებლის ნახვა; გვაძლევს კი ის საშუალებას ვიმსჯელოთ, როგორ ვითარდება პანდემია და მცირდება თუ არა დაავადების რიცხვი. ამ საკითხებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება მიხაილ ტამს გაესაუბრა.

- საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ ითვლიან COVID-19-ის შემთხვევებს რუსეთში, პოლიტიკურ თემად იქცა. უკვე იმ ჟურნალისტების გაყრაზეც არის საუბარი, რომელთა გამოცემებმაც ამ სტატისტიკაში ეჭვი შეიტანეს. აქვს რუსეთის მთავრობას ასეთი რეაქციის მიზეზი? მართლა არის რამე უცნაური სტატისტიკაში?

- ასეთი ნერვიული რეაქციის გაგება ძნელია: გამოცემებს, რომლებმაც მოულოდნელად მსგავსი თავდასხმა იწვნიეს, საკუთარი გათვლები კი არ გამოუქვეყნებიათ! მათ, უბრალოდ, ოფიციალური ინფორმაცია გადაბეჭდეს. ასევე, ჰყვებოდნენ იმის შესახებ, რაც მათ გარეშეც, დიდი ხანია, ცნობილია.

რუსეთში სიკვდილიანობის სტატისტიკას სამი თავისებურება ახასიათებს. პირველი: ჩვენთან გარკვეულწილად ხელოვნურადაა გაყოფილი იმ პირების რიცხვი, რომლებიც COVID-19-ისგან გარდაიცვალნენ და რომლებსაც ჰქონდათ COVID-19, მაგრამ სიკვდილის მიზეზი სხვა რამე გახდა. ეს საკამათო მიდგომაა. რეგიონებიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ ვხედავთ, რომ განსხვავება ორჯერ მეტი გამოდის, ანუ იმ პირების ნახევარზე მეტი, რომლებიც ამ დიაგნოზით იხოცებიან, სტატისტიკურ მონაცემებში არ ხვდება.

როგორც გვიხსნიან, ამ ადამიანებს ანატომიური კვლევა ჩაუტარეს და დაასკვნეს, რომ ისინი სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ. ხალხი სხვა რაღაცის გამო ასე ხშირად არ კვდება. მაშინ გამოდის, რომ ამ ჯგუფში ამ სახის ლეტალობის შემთხვევები 20-30-ჯერ მეტია, ვიდრე იმავე ასაკის ჯანმრთელ ადამიანებში.

როცა მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტმა აღიარა, რომ კორონავირუსით დაავადებულთა 60 პროცენტზე მეტი სიკვდილიანობის სტატისტიკაში არ ხვდება, დააზუსტა, რომ კორონავირუსით დაავადებამ მათ შემთხვევაში მხოლოდკატალიზატორის როლი შეასრულა სხვა დავადების გასააქტიურებლად. სიტყვა „კატალიზატორი“ აქ იმას ნიშნავს, რომ თუ არა კორონავირუსი, ეს ხალხი არ დაიხოცებოდა, ამიტომ არ მესმის, რატომ არ უნდა გავითვალისწინოთ ისინი სტატისტიკურ მონაცემებში.

მეორე არის ის, რაც ჩვენ დაღესტანში ვნახეთ, როდესაც იქაურმა მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვალების 30 ფაქტის მიღმა არის კიდევ 700-მდე ადამიანი, რომლებიც სახლებში პნევმონიისგან დაიხოცნენ. მინისტრი ფიქრობს, რომ ეს იგივე კორონავირუსის შემთხვევებია, მაგრამ დამტკიცება არ შეუძლია. იგივე ხდება სანკტ-პეტერბურგში. მართალია, იქ რიცხვებს შორის განსხვავება ნაკლებია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ქალაქში მაინც არის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები, რომლებიც არ გამოვლენილა და მათი რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს რამდენჯერმე აჭარბებს.

რუსეთის სტატისტიკის მესამე განსაკუთრებულობა ისაა, რომ არსებობს რეგიონები, სადაც COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ძალიან დაბალია იმისთვის, რომ რაიმე დასკვნა გააკეთო. დაავადებულთა სტატისტიკა, უბრალოდ, შეთითხნილია და ამ ფონზე არც სიკვდილიანობის მაჩვენებელი იწვევს ნდობას.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოსკოვში ცოტათი გაიზარდა, ამავე დროს იმავე ტემპითშემცირდა რეგიონებში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს მაჩვენებელი - ოთხმოცდარამდენიღაცა ადამიანი დღეში.

- თუ ამ მონაცემებს შევასწორებთ, რუსეთის სტატისტიკა სხვა ქვეყნებისას დაემსგავსება?

- თუკი დაღესტანში ოფიციალურად დასახელებულ რიცხვს ავიღებთ, - 13 ათასი დაავადებული და 700 გარდაცვლილი (პრევმონიისგან გარდაცვლილები), - სხვა ქვეყნებთან შედარებით ესეც საკმაოდ რეალური რიცხვია. იგივე ხდება სხვა რეგიონებთან მიმართებაშიც, სადაც ცხადია, რომ მონაცემები შეთითხნეს, ანუ, საერთაშორისო სტანდარტებით, რუსეთში ლეტალობის მეტ-ნაკლებად ნორმალური მაჩვენებელია. ვიღაცას რომ არ გადაეწყვიტა, მსოფლიოს კორონავირუსის მსხვერპლთა რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი უნდა ვაჩვენოთო, რუსეთის რეალური ციფრებით შეიძლებოდა გვეამაყა კიდეც, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ლეტალობა 1 პროცენტი გვექნება და ჟურნალისტების დაშინება დავიწყეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG