Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებიდან სამოქალაქო ომში?


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან მეორე დღეს, სამოქალაქო ომისა და რევოლუციის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.

ბატონ ფოფხაძეს უნდა ახსოვდეს, რომ ის თვითონ არის დღეს ხელისუფლებაში და წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე...
სულხან სალაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს რევოლუციური პროცესების განვითარებას და ამ ვითარებაში პროცესი თუ დაიძაბება, სულ რომ არანაირი თანამდებობა არ მეკავოს, მე ვიქნები პირველი ჯარისკაცი, ვინც ამ ქვეყანას მოღალატეებისგან, მწამებლებისგან და კაცთმოძულეებისგან დაიცავს, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც თავის თანაპარტიელს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა.

გედევან ფოფხაძის თქმით, გრიგოლ ვაშაძის არჩევნებში გამარჯვებით გადაიდგმება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებისკენ.

„მე ამაში, ფაქტობრივად, დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ ის რევანშისტული განწყობები და ის ამოცანა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია, რომ ჩამოიყვანოს სააკაშვილი, გამოიყვანოს მერაბიშვილი, გამოიყვანოს ახალაია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის პრობლემას წარმოადგენს. ფიზიკურ ლიკვიდაციას და მსგავს რაღაცებს, ბუნებრივია, არცერთი ქართველი სახლში არ დაელოდება”, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ამ განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე.

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

„ბატონ ფოფხაძეს უნდა ახსოვდეს, რომ ის თვითონ არის დღეს ხელისუფლებაში და წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე“, - სულხან სალაძის თქმით, ვინც უნდა გახდეს პრეზიდენტი, ხელისუფლების ყველა შტომ ერთად უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მართვა ისე, რომ არ დაუშვას რაიმე ტიპის სამოქალაქო დაპირისპირება, მით უმეტეს არ დაუშვას სამოქალაქო ომი.

„თუ ბატონი ფოფხაძე თვლის, რომ ის ნამდვილად წარმოადგენს ხელისუფლებას, მაშინ ის ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, რადგანაც ასეთი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, თეორიულადაც რომ დავუშვათ, პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაში იმყოფება. ვისურვებდი, რომ პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები, მეტად დაფიქრებულიყვნენ, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ვინაიდან ეს არაა კარგი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.

ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების შედეგები გაანალიზონ, გაარკვიონ რამ გამოიწვია ამომრჩევლის ეს რეაქცია, რომ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი უარს ეუბნება უმრავლესობის კანდიდატს, კვლავ გადადიან მუქარაზე...
ხათუნა სამნიძე

ეს არაა კარგი არც ბიზნესისთვის და არც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუმცა აქ საუბარი არაა რამე ტიპის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, ვიდრე საუბარია მხოლოდ განცხადებაზე და არა მოწოდებაზე, რომ დავიწყოთ სამოქალაქო ომი. უბრალოდ, მე ვსაუბრობ კონტექსტსა და ქვეტექსტზე, რა შეიძლება იდგეს ამ განცხადების უკან“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

„ეს არის „ქართული ოცნების“ ისტერიული რეაქცია არჩევნების შედეგებზე“, - ასე შეაფასა “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებები, - „ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების შედეგები გააანალიზონ, გაარკვიონ რამ გამოიწვია ამომრჩევლის ეს რეაქცია, რომ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი უარს ეუბნება უმრავლესობის კანდიდატს, კვლავ გადადიან მუქარაზე“.

ხათუნა სამნიძის თქმით, საზოგადოებამ ისე უარყო ხელისუფლების კანდიდატი, რომ არც საპროტესტო მუხტი გამოუვლენია და არც რევოლუციური განწყობები:

„მშვიდად მივიდნენ ურნებთან და უარი უთხრეს დაუსრულებლად ცხრა წელზე საუბარს და მუქარებზე აწყობილ პოლიტიკას, უთხრეს, რომ უნდათ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა“.

ხათუნა სამნიძე
ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძის თქმით, პოლიტიკოსები უნდა ენდონ საზოგადოებას, რომელმაც უარი თქვა დღევანდელ მდგომარეობაზე და რთული არჩევნის წინაშე დააყენა პოლიტიკური სპექტრი და მთელი ქვეყანა, გედევან ფოფხაძისა და მისი კოლეგების განცხადება კი, სამნიძის აზრით, არის უპასუხისმგებლო, რომლის მიზანია კვლავ დააპირისპიროს ერთმანეთს ისედაც პოლარიზებული საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბროს არჩევნების შედეგების რეალურ მიზეზებზე.

„კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ არ უნდა მიიტაცოს მთელი ძალაუფლება და ხელისუფლების ეს ერთი შტო, პრეზიდენტის სახით არ უნდა ეკუთვნოდეს მმართველ პარტიას“, - უთხრა ხათუნა სამნიძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG