Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი „წიქარა“


გამომცემლობა „ზოლიანმა კატამ“ საკულტო ზღაპარი „წიქარა“ გამოსცა. წიგნის ყველა გვერდი ილუსტრირებულია.

„წიქარა“ - ზღაპარი გაუთავებელ დევნაზე, სადაც თავი ყველაზე უბრალო საგნებით უნდა გადაირჩინო, უნდა გადაიარო ხიდი, ზღვა, მთა, ცხრაკლიტულის ცხრა დაბრკოლება. ამ ზღაპარში ყველაფერია, რაც შეიძლება იმ ხალხს მოაფიქრდეს, რომელიც მუდმივად იდევნებოდა.

ილუსტრაციები თავდაპირველად „წიქარას მუზეუმისთვის“ მომზადდა, „წიქარას მუზეუმი“ კი - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის. შემდეგ გადაწყდა წიგნის გამოცემაც.

„უფრო თანამედროვე ზღაპრები მირჩევნია ხოლმე გამოსაცემად, მაგრამ „წიქარას“ ილუსტრაციები მომეწონა... შემდეგ იმდენად ჩამითრია „წიქარამ“, რომ გადავწყვიტე ხალხური ზღაპრების ანთოლოგიაც გავაკეთო“, - ამბობს„ზოლებიანი კატას“ ხელმძღვანელი ნიკი თარხან-მოურავი.

წიქარა ზღაპრის ამ ვერსიაში ცოცხალი რჩება. მხატვარი გიორგი ჯინჭარაძე ამბობს, რომ „წიქარას“ მრავალი ვერსია არსებობს და მათ შორის ერთ-ერთი ესეც არის. ილუსტრაციებზე მუშაობის დაწყებამდე დიდხანს იკვლიეს თავად ზღაპრის შინაარსიც.

„არის წარმართული წეს-ჩვევები და რიტუალები, რომლის მიხედვითაც აიგო ეს ზღაპარი. მაგალითად, ხარის შეთქმა. ძველად თუ ბავშვი ავად გახდებოდა, მას ხარს შეუთქვამდნენ. „წიქარა“ გამოიჩევა იმით, რომ არ ჰგავს სხვა ქართულ ზღაპრებს და ამასთან გასწავლის მეგობრობას, თავგანწირვას“, - ამბობს გიორგი ჯინჭარაძე.

ილუსტრაციებში სვანური და რაჭული ორნამენტებია და კიდევ ცხრაკლიტული. სანამ დახატავდნენ, ეძებეს, მანამდე არსებობდა თუ არა ცხრაკლიტულის სხვა ნახატი, მაგრამ ვერ მიაკვლიეს.

წიგნი ოცდარვაგვერდიანია და, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლოა სხვა ენებზეც ითარგმნოს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG