Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვთა ძალადობის ლაბირინთში დაკარგული სახელმწიფო


ვინ იცავს და როგორ იცავს ძალადობის მსხვერპლს და ასევე სავარაუდო მოძალადე მოზარდებს, რომელთა ვიდეოც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოციალური ქსელის საშუალებით და რომელზე გამოძიებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი მუხლით დაიწყო? როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ძალადობის შემცველი ვიდეოს გავრცელების თაობაზე დაწყებული გამოძიების დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მანამდე კი სავარაუდო მოძალადეების სკოლიდან გარიცხვას ითხოვენ სკოლის მოსწავლეების მშობლები. სოციალური მომსახურების სააგენტო ამბობს, რომ საქმის შესწავლის შემდეგ ისინი უკვე გამოეთიშნენ პროცესს, შს მინისტრის მოადგილე კი ირწმუნება, რომ პროცესში ფსიქოლოგებთან ერთად სოციალური მუშაკებიც აქტიურად არიან ჩართული.

გადმოწერა

საქართველოს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მშობლები იმ ბავშვების სკოლიდან გარიცხვას ითხოვენ, რომლებმაც, სავარაუდოდ, მოზარდ ბიჭზე იძალადეს და შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მშობლების ნაწილმა 24 აპრილს ამ მოთხოვნით სკოლის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა. სკოლის დირექტორი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დირექცია არ აპირებს მოზარდების სკოლიდან გარიცხვას, რადგან მათ, ისევე როგორც ძალადობის მსხვერპლ მოზარდს, დახმარება სჭირდებათ. როგორც ის ამბობს, მისთვის არაფერი იყო ცნობილი მოზარდებს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ:

რაც შეეხება ბავშვის მდგომარეობას, ეს ბავშვი თვე-ნახევარია ჩართულია მანდატურის სამსახურში, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში. მე ვერ გეტყვით მისი პრობლემების შესახებ...
ეთერ ცხაკაია

„კადრები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ სოციალური ქსელით, იყო შოკის მომგვრელი და ძალიან მოულოდნელი. ჩვენ, სამინისტროს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი, სოციალური სამსახური, ვიკვლევთ ამ ფაქტს, ჩართულია აბსოლუტურად ყველა რგოლი, მოხდება პრობლემის იდენტიფიცირება და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ისე ვიმოქმედებთ, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს. ამ საქმეში მხოლოდ ერთი მხარე არ არის დაზარალებული. აქ ორივე მხარე დაზარალებულია“.

მიუხედავად დირექტორის თქმისა, რომ მისთვის არაფერი იყო ცნობილი მოზარდებს შორის არსებული დაპირისპირებისა და, ზოგადად, ძალადობის მსხვერპლი მოზარდის პრობლემების შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ უკვე რამდენიმე ხანია, მოზარდი ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება:

„რაც შეეხება ბავშვის მდგომარეობას, ეს ბავშვი თვე-ნახევარია ჩართულია მანდატურის სამსახურში, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში. მე ვერ გეტყვით მისი პრობლემების შესახებ“.

ეს კონკრეტული ფაქტი, გარდა ბულინგისა, შეიცავს დანაშაულის ფაქტებს, საუბარია შესაძლო სექსუალურ ძალადობასა და ვიდეოჩანაწერის არაკანონიერად გავრცელებაზე და ჩვენ ამის გამო ორი მუხლით დავიწყეთ გამოძიება...
ნათია მეზვრიშვილი

ვიდეო, რომლის შესახებ გამოძიებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 აპრილს დაიწყო, YouTube-ზე პირველად 2017 წლის სექტემბერში აიტვირთა. მოზარდ ბიჭს თანატოლები აიძულებენ მოჰყვეს ამბავს, სავარაუდოდ, მასთან დამყარებული სექსუალური ხასიათის კავშირის შესახებ. ბიჭი ტირის და თან თანატოლების კითხვებს პასუხობს. ვიდეო მეორედ YouTube-ზე 19 აპრილს აიტვირთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით, რაც 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 140-ე მუხლი გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. 157-ე პრიმა მუხლი ეხება პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ საქმეზე მიმდინარეობს აქტიური გამოძიება და დეტალები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი:

„ეს კონკრეტული ფაქტი, გარდა ბულინგისა, შეიცავს დანაშაულის ფაქტებს, საუბარია შესაძლო სექსუალურ ძალადობასა და ვიდეოჩანაწერის არაკანონიერად გავრცელებაზე და ჩვენ ამის გამო ორი მუხლით დავიწყეთ გამოძიება. ამ პროცესში ჩართულნი არიან სოციალური მუშაკებიც და ფსიქოლოგებიც, რომლებიც მოზარდებთან მუშაობენ. უახლოეს დღეებში დეტალები გახდება ცნობილი“.

სოციალური სამსახური ცდილობს საკუთარი ფუნქციები გადააბაროს შს სამინისტროს და ეს უკვე ტენდენციაა...
ანა არგანაშვილი

მიუხედავად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებისა, რომ პროცესში ჩართულნი არიან სოციალური მუშაკები, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ეთერ ცხაკაია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტო აღნიშნულ საქმეში აღარ არის ჩართული:

„რეფერირება მოვახდინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც, როგორც ვიცი, მიმდინარეობს ძიება. ამ ეტაპზე სააგენტოს კომპეტენცია არ იკვეთება. თუ საჭირო იქნება ან სხვა სერვისში გადაყვანა, ან საპროცესო წარმომადგენლის უზრუნველყოფა, ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მოგვმართავენ და ჩვენ ჩავერთვებით. ამ ეტაპზე სააგენტო არ ერთვება. მან თავისი ფუნქცია რეფერირების დონეზე დაასრულა“.

„სოციალური სამსახური ცდილობს საკუთარი ფუნქციები გადააბაროს შს სამინისტროს და ეს უკვე ტენდენციაა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ანა არგანაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი. მისი სიტყვებით, ეს ტენდენცია უკვე სახიფათო სახეს იძენს და გაუგებარია სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტება, რომ მან საქმის შესწავლის შემდეგ პროცესი მთლიანად გადააბარა შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ანა არგანაშვილი
ანა არგანაშვილი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰყავს ფსიქოლოგები. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურები განახორციელოს სისხლის სამართლის პროცესის ნაწილში. სოციალურ სამსახურს სიტყვა „რეფერირება“ არასწორად აქვს გაგებული. რეფერირება თავისი მნიშვნელობით ნიშნავს გადამისამართებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს სისტემიდან ბავშვის გაყვანას. ანუ სოციალური დაცვის სისტემაში უნდა ჰქონდეს მას სერვისები, სადაც უნდა გადაამისამართოს მოზარდები. ნებისმიერი ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვი საჭიროებს დახმარებას და ეს მომსახურება ვერ ექნება შსს-ს“.

რაც შეეხება სკოლის მოსწავლეების მშობელთა მოთხოვნას, სავარაუდო მოძალადე არასრულწლოვანნი სკოლიდან გაირიცხონ, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პროცესში მაქსიმალურად ჩაერთოს სკოლა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რათა პროცესს სწორი მიმართულება მისცეს და კრიზისული ინტერვენცია განახორციელოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG