Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბევრი რამ ჰქონიათ დასამალი" - როგორ მოქმედებს ე.წ. აგენტების კანონი მიღების გარეშეც


აქცია რუსთაველის გამზირზე - „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონის წინააღმდეგ. 9 მარტი, 2023 წელი.
აქცია რუსთაველის გამზირზე - „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონის წინააღმდეგ. 9 მარტი, 2023 წელი.

„ქართული ოცნება“ და მისი მოკავშირეები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იხსენებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, რომლის ჩაგდებაც უმრავლესობას, 2023 წლის გაზაფხულზე, მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ მოუწია. მმართველმა პარტიამ მაშინ პირობა დადო, რომ სადავო კანონს აღარასდროს მიუბრუნდებოდა.

თვეების შემდეგ, ხელისუფლება კვლავ უპირისპირდება არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ საერთაშორისო დონორებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ს, ანტისახელმწიფოებრივი პროექტების დამფინანსებლად აცხადებენ და ამბობენ, რომ მარტში „აგენტების კანონს“ არასამთავრობო სექტორი ექსტრემისტული, რევოლუციური ზრახვების დასაფარად შეებრძოლა.

ხელისუფლების გაღიზიანება, სულ ბოლოს, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული აქტივისტების ჯარიმების დაფარვის პროცესმა გამოიწვია - რასაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“(GDI) უდგას სათავეში.

ის რასაც „ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას უწოდებს, დემოკრატიის ანბანად მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მესამე სექტორი მიუთითებს, რომ „ოცნება“ „აგენტების კანონის“ მიღების გარეშე მოქმედებს მისი პრინციპებით და იმას აკეთებს, რასაც კანონი ისახავდა მიზნად არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციისთვის.

ვის და რას ედავება ხელისუფლება?

„საზოგადოებისთვის უნდა იყოს სრულად ხელმისაწვდომი ინფორმაცია ენჯეოების დაფინანსების შესახებ. დღეს მაქსიმუმ 5%-ია გახსნილი ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, როცა რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო პარტნიორებს კვლავ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებდა.

მმართველი პარტიის მთავარი სამიზნე ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაცია - „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“(GDI) და მის მიერ დაფუძნებული „გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდია“. ეს ფონდი ჯარიმებს უხდის იმ აქტივისტებს, "რომლებიც მშვიდობიანი ფორმით სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით და ხდებიან ამ უფლების უკანონოდ შეზღუდვის მსხვერპლნი“.

ხელისუფლება აცხადებს, რომ „გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდი“, საერთაშორისო დონორების დახმარებით, საქართველოში ექსტრემიზმსა და რადიკალიზმს აქეზებს, რადგან დაჯარიმებულები ჯარიმის გადახდის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან და მომავალში უფრო თამამად იმოქმედებენ.

როგორც GDI-ში უთხრეს რადიო თავისუფლებას, რამდენიმე ათეული ათასი ლარის ჯარიმა, უკვე 18 აქტივისტს გადაუხადეს. როგორც იურისტები განმარტავენ, სხვების მაგივრად ჯარიმების გადახდა კანონდარღვევა არ არის.

GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფონდი "ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას ცდილობს" იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც „ჯარიმები დაეკისრათ მხოლოდ იმიტომ, რომ გაბედეს და თავისუფლად გამოხატეს საკუთარი აზრი, მათ შორის - აქციებზე“.

მარიკაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც მას ე.წ. აგენტების შესახებ კანონის დამტკიცების მცდელობისას ჰქონდა.

„ცალსახად, ეს თავდასხმები მიზნად ისახავს ჩვენი საქმიანობის კორექტირებას იმგვარად, როგორც ეს ხელისუფლებისთვის იქნება კომფორტული. იგივე ხაზი იყო მარტშიც [როდესაც ე.წ. აგენტების კანონი განიხილებოდა - რ.თ.], როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობდა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ხალხის დახმარების შესაძლებლობა წაერთმია. მაშინაც იმიტომ გვერჩოდა, რომ ვეხმარებოდით საქართველოს მოქალაქეებს და არა მხოლოდ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ედუარდ მარიკაშვილმა, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის [International Visitor Leadership Program] ფარგლებში.

GDI პირველი ორგანიზაცია არ არის, რომელიც აქტივისტებს ჯარიმებს უხდის. მანამდე იმავეს ადამიანის უფლებათა სახლი აკეთებდა. GDI-მ პროცესი მას შემდეგ გააგრძელა, რაც, მარტის აქციების შემდეგ, ადამიანის უფლებათა სახლს ფინანსური შესაძლებლობები ამოეწურა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-მა, ტელეკომპანია „იმედთან“, ჯერ კიდევ 22 ოქტომბერს განმარტა, რომ GDI-ის მიერ დაფუძნებულ ფონდს არ აფინანსებს; მიუხედავად ამისა, მომდევნო დღეების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ლიდერები USAID-ს ფონდის დაფინანსებისა და რადიკალიზმის წახალისების კონტექსტში მაინც მოიხსენიებდნენ.

GDI-ის ვებსაიტზე, ფონდის დამფინანსებელთა შორის, USAID-ის ლოგო, გარკვეული დროის განმავლობაში მართლაც იყო მითითებული. ედუარდ მარიკაშვილი განმარტავს, რომ ეს იყო წმინდა ტექნიკური, პროგრამული ხარვეზით გამოწვეული შეცდომა, რომელიც მალევე გასწორდა. ხელისუფლებისთვის ეს განმარტება არადამაჯერებელია.

GDI-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდს“ აფინანსებს „ღია საზოგადოების ფონდი“ - 5 ათასი დოლარით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის [EWMI] ცენტრალური ოფისი – 5 ათასი დოლარით და ევროპული დემოკრატიის ფონდი (EED) 20 ათასი ევროთი [40 ათასი ევროს მოცულობის პროექტის ნახევარი].

„ხშირ შემთხვევაში, [USAID-ის] ადგილობრივ ოფისს ისე ჰყავს გათამამებული NGO სექტორის მდიდარი წარმომადგენლები, რომ თურმე ბედავენ და მათ გარეშეც კი აწერენ [USAID-ის] ლოგოს სხვადასხვა პროექტზე, სხვადასხვა მავნებლურ პროექტებზე... ანტისახელმწიფოებრივი პროექტები ამერიკელი ხალხის ფულით დააფინანსეს“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

USAID-ის წინააღმდეგ ხელისუფლებას სხვა ბრალდებებიც აქვს:

  • სუსის ვერსიით, თბილისში 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში“. სუსის გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციები "ტრენინგების საქმეს" უწოდებენ.
  • "ოცნება" აცხადებს, რომ USAID-ი ჩაერია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „იმით, რომ მისი დაფინანსებული ორგანიზაცია ავრცელებდა ყალბ შედეგებს პარალელური დათვლისას“, ხოლო „თავად USAID-ის ჩინოვნიკებმა ეს იცოდნენ და უმალავდნენ ქართულ საზოგადოებას“.

ვითარებაში გასარკვევად, რადიო თავისუფლებამ USAID/საქართველოს ოფისს მიმართა შეკითხვებით. პასუხები სტატიაში მიღებისთანავე აისახება.

არჩევნებში ჩარევის ბრალდებების გაძლიერება დროში დაემთხვა ვაშინგტონის მიერ პარტნიორი ქვეყნების გაფრთხილებას, რომ აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი ცდილობს „გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე“ მთელ მსოფლიოში.

„ოცნების“ კიდევ ერთ ბრალდებას, რომ GDI ევროპული დემოკრატიის ფონდის (EED) დაფინანსებას მალავდა, ედუარდ მარიკაშვილი აბსურდულს უწოდებს.

„რეალურად, რა დროშიც ვახერხებთ, იმ დროში ვდებთ ინფორმაციას. EED-სგან იყო ახალი დაფინანსება მიღებული და მალევე გამოვაქვეყნეთ კიდეც. ყველა ინფორმაცია დევს ჩვენს საიტზე. თითქოს ვმალავდით, ეს მოგონილი და აგორებული კამპანიაა“, - ედუარდ მარიკაშვილი გვეუბნება, რომ ფონდი GDI-სთვის დამატებითი საქმიანობაა, რისთვისაც მის მართვაში ჩართული პირები ანაზღაურებას არ იღებენ.

ისევ „აგენტების კანონზე“

„ოცნების“ ლიდერებმა ბოლო დღეებში მრავალჯერ გაიმეორეს, რომ მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საჭიროებას.

გაირკვა, რომ მათ [არასამთავრობო ორგანიზაციებს] ძალიან ბევრი რამ ჰქონიათ დასამალი“ და ისინი დაფინანსებას „ძალიან ხშირ შემთხვევაში იყენებენ თავიანთი რევოლუციური და ექსტრემისტული მიზნების რეალიზებისთვის... სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ეს ამერიკული კანონი საქართველოში, რომ არ გამხდარიყო მათი ფინანსები გამჭვირვალე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს ნოემბრის დასაწყისში.

მარტში ჩაგდებულ ე.წ. აგენტების კანონს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა, „ოცნება“ კვლავ ამერიკულ კანონად მოიხსენიებს - მიუხედავად აშშ-ის წარმომადგენლების არაერთი განმარტებისა, რომ მათ ქვეყანაში მოქმედ კანონს საერთო არაფერი ჰქონდა ე.წ. აგენტების შესახებ კანონთან.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, სამომავლოდ, უცხოელი დონორებისგან დაფინანსებაც შეწყდება.

„ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად და იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ყველა ეს საკითხი გამოაშკარავდება; გამოაშკარავდება ყველა ის სქემა, რომლითაც ხდებოდა რადიკალიზმის დაფინანსება, რომლითაც უცხოური დაფინანსება გამოიყენებოდა რადიკალიზმის წასახალისებლად და, შესაბამისად, დონორების მხრიდან ყოველი ასეთი სქემა ჩაიკეტება“, - უთხრა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, 2 ნოემბერს.

„მართლაც ახია იმ დონორებზე, რომლებიც მარტში ამბობდნენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა“, - ესეც შალვა პაპუაშვილის სიტყვებია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსის“ თავმჯდომარე, ეკატერინე ციმაკურიძე იხსენებს სამი თვის წინ, ეუთოს მიერ ვარშავაში ორგანიზებულ კონფერენციას, რომელზეც აშშ-ის წარმომადგენელმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონის გაცოცხლების საფრთხეზე ილაპარაკა და „ზოგადადაც, საქართველოსთან მიმართებით იყო ეს ხაზი, რომ აგენტების შესახებ კანონი იყო პრობლემა და შეიძლება ეს პრობლემა კვლავ იყოს აქტუალური“.

ვერშემდგარი „აგენტების კანონის“ მიზნების გატარებას ეკატერინე ციმაკურიძე დღეს მიმდინარე მოვლენებშიც ხედავს: „აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს გაანეიტრალოს თავისი მარცხი, რაც იმ კანონპროექტის უკან წაღებით განიცადა და ახლაც მათი ერთ-ერთი მიზანია, ერთი ხელის მოსმით, მოახდინონ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტირება, ყველასი ერთად“.

ციმაკურიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხელისუფლება ცდილობს, ხალხს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობა დაუკარგოს, რადგან „სწორედ არასამთავრობო სექტორი მუდმივად ლაპარაკობს ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე“.

ციმაკურიძე ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში „გამჭვირვალობის პრობლემა არასოდეს ყოფილა“ და „არც ის ინიციატივა [აგენტების კანონის დამტკიცების მცდელობა] ემსახურებოდა გამჭვირვალობის მიზანს“.

2023 წლის მარტში, თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა ხალხმრავალი აქციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც „ქართული ოცნების“ განაყოფის - "ხალხის ძალის" მიერ იყო ინიციირებული და მას აქტიურად უჭერდა მხარს მმართველი პარტია.
"უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევდა ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის მინიმუმ 20 პროცენტი საერთაშორისო დონორების მიერ იყო დაფინანსებული.
ხმაურიანი ხალხმრავალი პროტესტის ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა. ერთი მოსმენით მიღებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა, მეორე მოსმენით, 10 მარტს ჩააგდო.

„ქართულმა ოცნებამ“ მარტში განაცხადა, რომ „აგენტების კანონს“ აღარ მიუბრუნდებოდა; თუმცა ისიც ითქვა, რომ გაგრძელდებოდა ხალხის ინფორმირება ამ კანონპროექტის მიზნებთან დაკავშირებით და იმის დასამტკიცებლად, რომ ეს არ იყო „რუსული კანონი“.

უმრავლესობის წარმომადგენლები მაშინ აცხადებდნენ, რომ თავისი საქმე ვერდამტკიცებულმა კანონპროექტმაც გააკეთა, რადგან ხალხს თვალი აუხილა და სამომავლოდ პრევენციის ინსტრუმენტიც შექმნა.

ირაკლი კობახიძის მაშინდელი განცხადებებიდან:

  • „[კანონპროექტი] ამოქმედების გარეშეც გახდა ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი“;
  • „კანონპროექტის გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან „ბაკურიანის გეგმის“ განხორციელებას, ანუ ენჯეოების ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას“;
  • „მან უკვე მოიტანა ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები - მოხდა შესაბამისი სუბიექტების ლუსტრაცია“.

ე.წ. ბაკურიანის შეხვედრასა და ბაკურიანის გეგმას ხელისუფლება გასული წლიდან ახსენებს; ბოლო პერიოდში „ოცნების“ ყურადღება ე.წ. რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, ტრენინგების თემაზე, სუსში დაწყებულ ახალ გამოძიებაზე ფოკუსირდა.

გამოძიება გრძელდება, თუმცა „ქართული ოცნება“ თუ მისი განაყოფი „ხალხის ძალა“ USAID-ის "დანაშაულზე" მიანიშნებს:

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რამდენიმე კვირაა იმეორებს, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგის „პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება“.
  • „რატომ გვიწყობენ რევოლუციას ჩვენს ქვეყანაში? ამერიკელი მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში გადახდილი ფული რატომ ხმარდება სხვა ქვეყანაში არეულობას და შიდა დაპირისპირებას?“, - „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ეს შეკითხვები ოქტომბრის დასაწყისში, პარლამენტის სხდომაზე დასვა და იქვე დაამატა, რომ „როგორც ჩანს, USAID-ის სხვა პროექტებიც დეტალურად არის შესასწავლიო“.

"ხალხის ძალა" აცხადებს, რომ ხალხი ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მნიშვნელობასა და საჭიროებაში სულ უფრო რწმუნდება:

„ჩვენ გვსურდა, ქართველ ხალხს სცოდნოდა სიმართლე და ამ სიმართლის დასამალად ამერიკის ელჩმა მოტყუებით და შანტაჟით ქართული საზოგადოება ფეხზე დააყენა“, - სუბარმა თქვა ისიც, რომ აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი „აგენტების შესახებ კანონს“ „ფარული ზრახვების“ გამომზეურების საფრთხის გამო ეწინააღმდეგებოდა.

„აგენტების შესახებ“ კანონს, რომლის მსგავსიც წლების წინ რუსეთში შემოიღეს და შემდეგ თანდათან დაამძიმეს, არა მარტო აშშ-ის საელჩო, არამედ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა და მიულოცეს კიდეც საქართველოს, როდესაც უმრავლესობამ ეს კანონი იძულებით ჩააგდო.

„ჩემი აზრით, ეს არის იმ დონის საქმე, როდესაც შეუძლიათ, განვითარების სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში გავლენა მოახდინონ საარჩევნო პროცესებზე“, - ეუბნება ედუარდ მარიკაშვილი რადიო თავისუფლებას სუსში მიმდინარე ე.წ. ტრენინგების საქმის გამოძიების შესახებ და დასძენს, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ვერ იხსენებს დასავლურ ორგანიზაციებზე მსგავსი მასშტაბის თავდასხმას.

GDI-ის ხელმძღვანელი ხელისუფლების სავარაუდო მიზნებად ასახელებს ადამიანების განწყობებზე ზეგავლენას, პროტესტის დანაშაულად გამოცხადებას და მათ შორის - მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, ხალხის რეაქციების სისხლის სამართლის ბერკეტებით „კორექციას".

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG