Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფრენა-ჩამოფრენის წესები: რა როდის გვეცოდინება?


დალი მაკარიძემ უკვე ოთხჯერ შეაცვლევინა ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ თავისი ფრენის თარიღი - ის თბილისიდან მიუნხენში 5 მარტს უნდა გაფრენილიყო. უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ნაყიდი ჰქონდა, მაგრამ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ყველაფერი არია.

დღესაც გაურკვევლობაშია და ბევრ კითხვაზე არა აქვს პასუხი:

  • დასჭირდება თუ არა კორონავირუსზე ტესტირება გამგზავრების წინ?
  • კონკრეტულად რომელიც ტესტი უნდა გაიკეთოს?
  • თუკი „ლუფტჰანზით“ გაფრენაზე უარს იტყვის, აუნაზღაურდება თუ არა ბილეთში გადახდილი თანხა?

მან ახლა მხოლოდ ის იცის, რომ ავიაკომპანიას, როგორმე ისევ უნდა გადააწევინოს ფრენის თარიღი 1 აგვისტომდე.

მას შემდეგ, რაც საქართველოში საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა, დალის მსგავსად, სხვა ასობით ადამიანი დარჩა გაურკვევლობაში.

მათ ასევე არ იციან, რა წესები ამოქმედდება პირველი აგვისტოდან. რეგულარული რეისით ჩამოსულები ორკვირიან კარანტინში მაინც მოხვდებიან თუ არა? კოვიდ-19-ზე ტესტის გაკეთება წამოსვლის წინ იქნება სავალდებულო თუ საქართველოში გაუკეთებენ? რომელი ქვეყანა მოითხოვს კორონავირუსზე ჩატარებული კვლევის პასუხს და ა.შ.

ყველაფერი სიის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა

საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბევრი წესი შეიცვლება მას შემდეგ, რაც ევროკავშირი გამოაქვეყნებს იმ მესამე ქვეყნების საბოლოო შეთანხმებულ სიას, ვისთანაც გახსნის საჰაერო მიმოსვლას.

საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს გადასაწყვეტი იქნება, რა პირობებით შეუშვებს ის ევროკავშირის მოქალაქეებს ქვეყანაში.

ევროკომისია თავდაპირველად განიხილავდა სიას, სადაც 47 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც შედიოდა. 24 ივნისს საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ამოიღეს სიიდან.

საბოლოო ჯამში, სარეკომენდაციო სიაში, რომელიც 47-დან 15 ქვეყნამდე შემცირდა, საქართველო კვლავ დაბრუნდა.

ახლა ამ საბოლოო სიის გამოქვეყნებას ელიან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროშიც.

დღეს ამ უწყების ვებსაიტზე იძებნება 19 მარტს გამოქვეყნებული, ქვეყანაში შემოსულ მგზავრთა მართვის სქემა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ მგზავრი მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან შემოდიოდა, მას უნდა შეევსო სპეციალური კითხვარი თავისი მოგზაურობის ისტორიის შესახებ და უნდა წარმოედგინა კორონავირუსზე შემოწმების ცნობა. ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მგზავრი უნდა შემოწმდეს და შემდეგ სავალდებულო 14-დღიან კარანტინში წავიდეს.

„წესები შეიძლება შეიცვალოს, თუმცა კონკრეტულად რა და როგორ - ამაზე ვმუშაობთ“, - გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კი რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ჯერჯერობით სააგენტო მხოლოდ იმ განცხადებებით შემოიფარგლება, რაც მათ ოფიციალურ ვებსაიტსა და ფეისბუკგვერდზე დევს და დამატებით კომენტარებს ამ საკითხზე არ გააკეთებს.

სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას მხოლოდ მიმდინარე ჩარტერული რეისების შესრულების თაობაზე და ბოლო ინფორმაცია, რომელიც მათ ფეისბუკგვერდზე დევს, არის ის, რომ თბილისი-ბერლინის ჩარტერული რეისი „Georgian Airways“-ის თვითმფრინავით 3 ივლისს შესრულდება.

მგზავრები ჩივიან ჩარტერულ რეისზე ბილეთების მაღალ ფასზეც, თუმცა, როგორც სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ვერიკო ბახტაძემ გვითხრა, საფასო პოლიტიკაში საავიაციო ხელისუფლება არ ერევა და პრეტენზიის შემთხვევაში, მგზავრებმა შეკითხვები კონკრეტულ ავიაკომპანიას უნდა დაუსვან.

რაც შეეხება კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ძირითად საჰაერო წესებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, აქ სავალდებულო ჩამონათვალს შორისაა:

  • აეროპორტის შენობაში შესვლისას მგზავრთა თერმოსკრინინგი;
  • ვირუსის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მგზავრი არ დაიშვება ტერმინალში და, შესაბამისად, რეისზე.
  • სავალდებულოა ხშირი დეზინფექცია იმ ადგილების, რასაც მგზავრი ეხება.
  • მგზავრი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის ნორმები და ეკეთოს დამცავი ნიღაბი.
  • ნიღბები უნდა ეკეთოს ყველას - თვითმფრინავშიც.
  • 4 საათის შემდეგ ნიღაბი უნდა გამოიცვალონ.
  • თვითმფრინავში უნდა დასხდნენ დისტანციით - გამონაკლისია მხოლოდ ერთი ოჯახის წვერები.
  • თუ ფრენა სამ საათზე ნაკლებია, კვება აკრძალულია, თუ მეტი - წინასწარ დალუქული საჭმელი და სასმელი უნდა დარიგდეს.
  • ფრენის მერე საჰაერო ხომალდი სველი წესით უნდა დასუფთავდეს და ა.შ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თავის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს სპეციალური ჩარტერული რეისების უახლოესი დღეების განახლებულ განრიგს და იქვე მიუთითებს, რომ ბილეთებთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად მგზავრმა შესაბამის ავიაკომპანიას უნდა მიმართოს.

ამ განრიგის თანახმად, ჩარტერული რეისები სრულდება თელ ავივის, ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით.

მოქალაქეების კითხვაზე, როგორ მოიქცნენ სხვა ქვეყნებში წამსვლელი ადამიანები, ვისაც საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები უკვე შეექმნათ, აეროპორტების გაერთიანების პასუხია, რომ მათ უნდა მიმართონ საელჩოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს.

საინფორმაციო პოსტის ქვეშ ათობით მოქალაქე წერს, რომ ვერ უკავშირდებიან საელჩოებს და ვერ იღებენ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს. ამ გაურკვევლობაში კი მათ მუდმივად უწევთ ფრენის თარიღის გადაწევა, ბილეთების დაბრუნება, ხელახლა ყიდვა და ა.შ.

აეროპორტების გაერთიანებაშიც გვითხრეს, რომ ვერ აუდიან მოქალაქეების გზავნილებზე პასუხის გაცემას, თუმცა მათ უწევთ მთავრობის გადაწყვეტილების შესრულება და მოლოდინი, თუ რა შეიცვლება სასიკეთოდ. მათ, ჯერჯერობით, დამატებითი ინსტრუქცია არ მიუღიათ.

ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რომელი ქვეყანა მოითხოვს იქ ჩასვლის შემთხვევაში ტესტის ჩატარებას კორონავირუსზე.

ევროპაც მსჯელობს, - გვიპასუხეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სარჩელი კარანტინიდან - თავისუფლების აღკვეთისთვის

ორკვირიან კარანტინს გაივლის საქართველოში აშშ-დან ახლახანს დაბრუნებული ანა არგანაშვილიც. მიუხედავად იმისა, რომ მან ჯერ კიდევ საქართველოში წამოსვლის წინ შეავსო თვითიზოლაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი და ყველა შესაბამის უწყებას მისწერა, ინდივიდუალურად განეხილათ მისი საკითხი, მას არავინ გამოხმაურებია.

დადგენილებაში ეწერა, რომ კარანტინი ეხებოდა ყველას, თუმცა იქვე იყო საგამონაკლისო წესებიც შშმ პირებზე, კონკრეტული დიაგნოზის მქონე ადამიანებსა და ბავშვებზე. რადგან ანა ბავშვით ბრუნდებოდა უკან, ჩათვალა, რომ ის ხვდებოდა საგამონაკლისო ნაწილში, თუ ამას დაასაბუთებდა და შეეძლო თვითიზოლაციის წესით ესარგებლა.

ასეც მოიქცა. შესაბამისი უწყებებისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში წერდა, რომ მისი კარანტინში გაშვება იქნებოდა, ერთი მხრივ, სახელმწიფო რესურსების დაუსაბუთებელი ხარჯვა და, მეორე მხრივ, მისი თავისუფლების შეზღუდვა, რადგან ეს სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა:

„თუ ამას სასამართლო არ წყვეტს, მაშინ ძალიან უნდა დამისაბუთო, რატომ მიზღუდავ მე ამ თავისუფლებას. ამიტომ მინდა მივმართო სასამართლოს სარჩელით და ვიკითხო, შეიძლება თუ არა ადამიანს შეუზღუდო თავისუფლება არათუ სასამართლოს გარეშე, არამედ საერთოდ, მსჯელობის გარეშე“, - უთხრა ანა არგანაშვილმა რადიო თავისუფლებას. სარჩელის შეტანას სასამართლოში ის ხვალ გეგმავს.

რეგულარული საჰაერო ფრენების აღდგენის გადავადების საკითხზე კომენტარი 29 ივნისს პრემიერმა გიორგი გახარიამაც გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობა შესაძლებლობის გაჩენისთანავე „ფრთხილად გახსნის საზღვრებს“.

„ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან არაფერი, ამ სატრანსპორტო თვალსაზრისით, არ ემუქრება. თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG