Accessibility links

„ვიყიდი, გამიუქმდება, ვიყიდი, გამიუქმდება“... როდის აღდგება საჰაერო მიმოსვლა?


საჰაერო მიმოსვლა და საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა 1 ივლისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ისევ ძალაშია თუ არა ეს დათქმა, ძნელი სათქმელია. საკითხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაირკვევა.

უკვე შეიცვალა გეგმები ისრაელთან დაკავშირებით, საიდანაც ტურისტების მიღებას პირველ რიგში ვარაუდობდნენ. ქვეყნის შიგნით ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ისრაელი თავად ამბობს უარს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ვიზიტორების რაოდენობა ისრაელიდან 2019 წელს სიდიდით მეექვსე ადგილას იყო, აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, თურქეთისა და ევროკავშირის ქვეყნების შემდეგ.

„ისრაელიდან ბევრი გვწერს. აგვისტოში, სექტემბერში უნდათ ჩამოსვლა, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცით - ან კოვიდ პასპორტი როგორი უნდა იყოს, ან სხვა რეგულაციები. ალბათ, 20 ივლისისთვის უფრო ვიქნებით მზად ტურისტების მისაღებად. აქაც ბევრია ჩარჩენილი, ვისაც წასვლა უნდა და, სავარაუდოდ, პირველი სპეციალური რეისებით ეს ხალხი დაბრუნდება სამშობლოში“, - ამბობს ტურისტული კომპანია Flytravel – ის მენეჯერი, კახა ჯიმშაშვილი.

მისი თქმით, პირდაპირი რეისების აღდგენამდე ისრაელის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას კიევის ან ბაქოს გავლით გეგმავენ, თუმცა ამ ეტაპზე არც უკრაინასთან და არც აზერბაიჯანთან საქართველოს საჰაერო მიმოსვლა აღდგენილი არ აქვს.

„ჩვენი კომპანია ევროკავშირის ქვეყნების ტურისტებზე მუშაობს. ევროკავშირმა ჯერ მხოლოდ შიდა საზღვრები გახსნა და პლუს ქვეყნები, რომლებშიც საქართველო არ მოიაზრება. ანუ ფრენები თუნდაც იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ტურისტი ჩამოვა“, - ამბობს ტურისტული კომპანია „ჯორჯიან ჰოლიდეის“ დირექტორი, მანანა ცირამუა.

ტურისტული კომპანიების ზარალი დღითი დღე იზრდება. Flaytravel-ი იძულებული გახდა გამოცდილი თანამშრომლები დაეთხოვა და ძვირადღირებული ოფისიც შეეცვალა. „ჯორჯიან ჰოლიდეი“ კი, ოქტომბრიდან მოყოლებული, შემოსავლის გარეშეა. „ზარალი ძალიან დიდია“, - აცხადებენ კომპანიაში.

საფრანგეთში დაზღვევა მაქვს. წამლები და გამოკვლევები იქ უფასოდ მეკუთვნის და ახლა იძულებული ვხდები იგივე მედიკამენტები აქ ძალიან ძვირად ვიყიდო.

მთავრობა აცხადებდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკებები წარმატებული იყო, მაგრამ, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას აცნობა, საქართველო ჯერჯერობით მაინც ვერ მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებისთვისაც ევროკავშირი 1 ივლისიდან საზღვრის გახსნის რეკომენდაციას იძლევა. თუმცა ამ ჩამონათვალზე ჯერ ისევ მსჯელობენ და მონაცემებიც ყოველდღიურად იცვლება.

„ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ეჭვს გამოთქვამს, შესწევს თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემას უნარი გაუმკლავდეს კორონავირუსის გავრცელებას“, - უთხრა წყარომ რადიო თავისუფლებას. მისივე თქმით, საკითხის განხილვა პარასკევს გაგრძელდება და, სავარაუდოდ, საქართველოს სიაში შეიყვანენ.

„მე ექიმთან უნდა ჩავსულიყავი პარიზში კონსულტაციაზე, ვერ მივდივარ. ტურიზმის დეპარტამენტს კითხვა გავუგზავნე ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და მომწერეს, ჯერ ბილეთებს ნუ იყიდითო. საფრანგეთში დაზღვევა მაქვს. წამლები და გამოკვლევები იქ უფასოდ მეკუთვნის და ახლა იძულებული ვხდები იგივე მედიკამენტები აქ ძალიან ძვირად ვიყიდო, გამოკვლევებშიც ფული გადავიხადო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინომ (სახელი შეცვლილია).

ნიკი თარხან-მოურავმა, რომელიც ბრიტანეთში ცხოვრობს, უკვე რამდენჯერმე იყიდა ბილეთი. გაუქმებული ფრენების გადახდილი ფული მას ჯერ არ დაბრუნებია.

„ვიყიდი, გამიუქმდება, ვიყიდი, გამიუქმდება... საელჩოს საერთოდ არ აინტერესებს აქაური მოქალაქეები, რომლებსაც საცხოვრებელი არა აქვთ და ზოგი სად ცხოვრობს და ზოგი - სად. ბევრმა სამსახურიც დაკარგა. თავის დროზე ფრენები რომ დაინიშნა, ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ბილეთების ფულის დაბრუნება არ უნდოდათ და ისევ იმ ხალხზე დაჯავშნეს, ვისაც ადრე ჰქონდა ნაყიდი. - ყვება ნიკი თარხან-მოურავი და დასძენს, რომ საქართველოში ჩამოსვლის მსურველი ძალიან ბევრია, თუნდაც ჩამოსვლისას მათ კარანტინის გავლა მოუხდეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG