Accessibility links

გემის კაპიტნობაზე მეოცნებე უინტერნეტო ბავშვები


ათიათასობით მოსწავლეს საქართველოში ან ინტერნეტი არა აქვს, ან კომპიუტერი, ან ორივე ერთად. ბავშვები ვერ ახერხებენ დისტანციურად ისწავლონ. მოხალისეები მათთვის, ინტერნეტისა და ლეპტოპის შესაძენად, შემოწირულებას აგროვებენ.

ქეთა იორდანაშვილი ქართლში ცხოვრობს. მალე სკოლას დაამთავრებს. მას დიზაინერის პროფესიის ათვისება უნდა. ქეთას სურვილი რეალობას მას შემდეგ მიუახლოვდა, რაც ლეპტოპი უყიდეს და ინტერნეტი ჩაურთეს.

„ვმეცადინეობ, ტესტებს ვავსებ. მე დიზაინერობა მინდა და Youtube-იდან ბევრ რამეს ვსწავლობ, დაჭრას, შეკერვას... სხვა რამესაც. ფანდურზე დაკვრა ჩემით ვისწავლე, ინტერნეტით“, - ამბობს ქეთა.

უკვე სამი წელია არსებობს პროექტი, რომელსაც 1500-ზე მეტი ყოველთვიური შემომწირველი და კორპორაციული პარტნიორი ჰყავს. პროექტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებზე არის ორიენტირებული.

„ისინი, ვინც თავად აქტიურად მისდევენ თანამედროვე ცხოვრების სტილს, იყენებენ ტექნოლოგიის სიკეთეებს, აქვთ სტაბილური შემოსავალი და საშუალება, 5-20 და მეტი ლარი შესწირონ, აუცილებლად უნდა გახდნენ დონორები“, - ამბობს ერთ-ერთი შემომწირველი ნინო ქაშიბიძე.

ინტერნეტის ჩართვა უკვე 600-ზე მეტი მოსწავლისთვის მოახერხეს. თუმცა, საქართველოში ინტერნეტისა და კომპიუტერის გარეშე 78 ათასამდე ბავშვია დარჩენილი. გარდა ამისა, ახლა დისტანციური სწავლების გამო, პროექტს დახმარების თხოვნით 10-ჯერ მეტი ადამიანი მიმართავს.

პროექტისთვის თანხის შესაწირად მსურველი საიტზე www.charte.ge უნდა შევიდეს და დააჭიროს ღილაკს „მე ჩავრთავ“. შემდეგ ირჩევს თანხას, რომელიც ყოველთვე ჩამოეჭრება. აქვე უნდა შეიყვანოს პირადი და საბანკო მონაცემები. საიტზე იპოვის ანგარიშის ნომერსაც, რომლითაც მსურველს შეუძლია ერთჯერადად დაუფინანსოს ბავშვს ლეპტოპი ან ინტერნეტის გადასახადი.

„თუ აღარ უნდა აქციაში მონაწილეობა, შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს და ფული აღარ ჩამოეჭრება“, - ამბობს პროექტის წარმომადგენელი მარი გელაშვილი.

იმ უამრავი ბავშვიდან, რომელიც ინტერნეტს ელოდება, ერთ-ერთი 17 წლის გიგაა. ბიჭს დიდი ოცნება აქვს, გემის კაპიტნობა უნდა და ბათუმში შავი ზღვის უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას. 17 წლის ლიდას მეზღვაურობა აქვს გადაწყვეტილი; 16 წლის საბას კულინარობა სურს, 14 წლის მარიამს ექიმობა... ყველა ეს ბავშვი დღეს ინტერნეტისა და კომპიუტერის გარეშეა დარჩენილი და დასაფინანსებელი მოსწავლეების მრავალათასიან რიგში თავის ჯერს ელოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG