Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავა „საპარტნიორო ფონდსა“ და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის


აკ.ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა
აკ.ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა

როდის შეისწავლის და შეისწავლის თუ არა სახელმწიფო აუდიტის სამსახური რესპუბლიკური საავადმყოფოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც აუდიტის სამსახურში განუმარტეს რადიო თავისუფლებას „საპარტნიორო ფონდს“ სამსახურისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს. მიმართვის შემთხვევაში, აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმი იმსჯელებს შეიტანოს თუ არა აუდიტის გეგმაში აღნიშნული ობიექტის შესწავლა. აუდიტის სამსახურის განმარტებითვე, შესამოწმებელი ობიექტების გეგმა წლის ბოლოს მტკიცდება.

კლინიკის დირექტორს ავთანდილ იმედაძეს რამდენჯერმე მიეცა გონივრული ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად
საპარტნიორო ფონდი

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, რომლის ბალანსზეც უკვე რამდენიმე წელია იმყოფება საუნივერსიტეტო კლინიკა (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო), შეუძლებელი გახდა ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება, რის მიზეზადაც კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა. როგორც „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიის „კლინიკების განვითარების კომპანიისა“ და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მომზადდა არაერთი რეკომენდაცია კლინიკაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით. „კლინიკის დირექტორს ავთანდილ იმედაძეს რამდენჯერმე მიეცა გონივრული ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად და ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა, მათი უმრავლესობა კლინიკის მენეჯმენტის მხრიდან, რეაგირების გარეშე დარჩა. ამ დროისთვის კლინიკის დირექტორის მიერ არ ხდება ქმედითი ღონისძიებების გატარება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „საპარტნიორო ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“, - წერია „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფონდის ინფორმაციითვე, კლინიკაში არსებული მძიმე ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ 17 სექტემბერს კლინიკის თანამშრომლებს პირადად გააცნო.

ეს არის მოგონილი ბრალდება, რომელიც მიმართულია პირადად ჩემი, თანამშრომლებისა და კლინიკის დისკრედიტაციისკენ
ავთანდილ იმედაძე

​რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე აქეთ სდებს ბრალს საპარტნიორო ფონდის დირექტორს, დავით საგანელიძეს და რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ, საავადმყოფო „საპარტნიორო ფონდის“ ბალანსზე გადავიდა, საავადმყოფოში ვითარება სულ უფრო და უფრო უარესდება. აღებული ვალდებულება, რომ ფონდს საავადმყოფოში განეხორციელებინა ინვესტიციები, არ შესრულებულა. ავთანდილ იმედაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია „საპარტნიორო ფონდის“ მიზანი, ჩირქი მოსცხოს საავადმყოფოს. საავადმყოფოს გენერალური დირექტორი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ არანაირი ფინანსური დარღვევები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ არსებობს: „ეს არის მოგონილი ბრალდება, რომელიც მიმართულია პირადად ჩემი, თანამშრომლებისა და კლინიკის დისკრედიტაციისკენ. საჯაროდ ვთხოვ ყველას, რაც კი რამ ორგანო არსებობს ქვეყანაში, რომელიც შეისწავლის კლინიკის ფინანსურ მდგომარეობას, აუდიტის სამსახური, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, შემოვიდნენ და შეისწავლონ. საჯარო უნდა გახდეს ის ვითარება და მდგომარეობა, რაზეც ბატონი დავით საგანელიძე ლაპარაკობს. უნდა გახდეს საჯარო, რა დარღვევებზე ლაპარაკობს ის, რადგან ასეთი დარღვევები ბუნებაში არ არსებობს“.

ავთანდილ იმედაძის თქმით, უთანხმოება დავით საგანელიძესა და ავთანდილ იმედაძეს შორის კლინიკაში „საპარტნიორო ფონდის“ შესვლის დღიდან, სამი წლის წინ დაიწყო. თუ რა ინტერესები შეიძლება ამოძრავებდეს „საპარტნიორო ფონდს“ კლინიკის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ, ავთანდილ იმედაძე ამბობს, რომ ეს „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორის მენტალიტეტს უკავშირდება:

გადმოწერა

ავთანდილ იმედაძის თქმით, კლინიკის საბჭომ 17 სექტემბერს წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრს, რომელიც ამასთანავე „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, რათა დაინტერესდეს კლინიკის გარშემო განვითარებული მოვლენებით და ჩაერთოს სიტუაციის შესწავლაში.

„საპარტნიორო ფონდს“ აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მთავრობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებში გადაეცა. გასულ წელს სს. „საპარტნიორო ფონდმა“ 100% წილობრივი მონაწილეობით შპს „კლინიკების განვითარების კომპანია“ (“Clinics Development Company” LLC) დააფუძნა და საკუთრებაში გადასცა რესპუბლიკური საავადმყოფო. „კლინიკების განვითარების კომპანიის“ მიზანია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, ასევე, სახელმწიფო კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში, არსებული კლინიკების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების, მოდერნიზაციის და რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG