Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელით სახელმწიფო საწარმოებს?


სახელმწიფო საწარმოებში კორუფციისა და სხვა სახის საფრთხის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კვლევა გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტში ასახულია ხარვეზები ამ საწარმოების მართვის სფეროში, ასევე საკანონმდებლო პრობლემები ამ კუთხით. მსგავსი გამოკვლევა ჰქონდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც“, სადაც ასეთსავე ხარვეზებზეა საუბარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში საუბარია საკანონმდებლო პრობლემებზე სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის კუთხით. დოკუმენტის თანახმად, არ არსებობს სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ერთიანი სისტემა. ამ საწარმოებიდან ყველაზე მსხვილია საქართველოს რკინიგზა, ფოსტა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი.

რა ელით სახელმწიფო საწარმოებს?
please wait

No media source currently available

0:00 0:04:37 0:00
გადმოწერა

„ანტიკორუფციული პრინციპები, რომლებიც ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს, სახელმწიფო საწარმოებზე არ ვრცელდება. მაგალითად, სახელმწიფო საწარმოების შემთხვევაში არ გვაქვს, არ ვრცელდება სამსახურში აყვანისა და დათხოვნის წესები, რომლებსაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონი განსაზღვრავს. ჩვენ გვაქვს ინტერესის შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონიც, რომლებიც არ ვრცელდება სახელმწიფო საწარმოებზე“, ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი, გიორგი ნასრაშვილი.

საწარმოები, რომლებიც ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებენ და არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, ექვემდებარებიან შერწყმას, ლიკვიდაციას, გაკოტრებას და წილის პრივატიზებას...
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება

ეს კვლევა ნაწილობრივ ეფუძნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის დასკვნას სახელმწიფო საწარმოების შესახებ. ამ დოკუმენტში, რომელიც მოიცავს პერიოდს 2012 წლიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ასახული პრობლემები ისეთივეა, როგორიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში.

ერთ-ერთი ასეთი არის საწარმოების მიერ მოგების განაწილების პრობლემა. კანონის თანახმად, ამ მოგებას ანაწილებს კომისია, რომელშიც სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. ეს კომისია წელიწადში ერთხელ უნდა იკრიბებოდეს.

„ეს კომისია არ იკრიბებოდა რეგულარულად, წელიწადში ერთხელაც კი. შესაბამისად, მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება ფერხდებოდა“, ამბობს გიორგი ნასრაშვილი.

სახელმწიფო აუდიტის 2015 წლის დასკვნაში საუბარია სხვა პრობლემებზეც, რომლებიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, დღესაც გადაუწყვეტელია:

„სახელმწიფოს მმართველობითი ფუნქციები არ არის განსაზღვრული: საწარმოთა დაარსების და საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები არ არის შემუშავებული და დანერგილი. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საწარმოების სია. საქართველოში არ არსებობს კორპორაციული მმართველობის კოდექსი, სადაც ასახული იქნება საწარმოთა მართვის ძირითადი პრინციპები და საფუძვლები“.

აუდიტის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ ეკონომიკურად ყველაზე მომგებიან სახელმწიფო საწარმოებს ფლობს 2012 წელს დაფუძნებული სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“, რომლის საქმიანობასაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევა ეჭვქვეშ აყენებს.

დარჩენილი საწარმოები საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს - მმართველობაშია, მათი უმეტესობა კი, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2014 წლის მონაცემებით, არ ფუნქციონირებდა.

ამ თემაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „საწარმოები, რომლებიც ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებენ და არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, ექვემდებარებიან შერწყმას, ლიკვიდაციას, გაკოტრებას და წილის პრივატიზებას“. აქვე აღნიშნულია, რომ დღეს სახელმწიფო საწარმოების რიცხვი 139-მდეა შემცირებული.

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

თუმცა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, სულხან სალაძე, რომელიც სახელმწიფო საწარმოების შესახებ კიდევ ერთი კვლევის ერთ-ერთი ავტორია, ამბობს, რომ ამ სფეროში პრობლემების მოსაგვარებლად მხოლოდ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მცდელობა არ კმარა:

„პირველი და მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, რომელიც ამ ტიპის საკითხებს დაარეგულირებს. სახელმწიფო ამბობს, რომ მისი მიზანია შეამციროს სახელმწიფო საწარმოების რაოდენობა, მაგრამ ისინი შემცირებად მიიჩნევენ იმას, თუ ამ საწარმოებს გადასცემენ თვითმმართველობებს. ეს საწარმოები კი, როგორც წესი, არის წამგებიანი. რეალურად, ეს არ არის პრობლემის მოგვარება, რადგან ერთი ხელით პრობლემას ვიშორებთ, თუმცა მეორე ხელში ეს პრობლემა მაინც გვიჭირავს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG