რას ედავება გამოძიება ბრალდებულებს?
პროკურატურის თანახმად, ბრალდებულმა, 33 წლის გივი გუდაძემ დაურ ბუავას გარდაცვალების გამო დაკავებულ კიდევ ერთ პირს, 23 წლის ვალერია კირილიუკს, ნარკოტიკული საშუალება მეტადონი გადასცა, რომელიც 23 აგვისტოს მან და დაურ ბუავამ მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. ქალმა გონზე მოსვლა შეძლო. დაურ ბუავას ცხედარი კი სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში 27 აგვისტოს აღმოაჩინეს.
გამოძიების თანახმადვე, გივი გუდაძეს სახლში აღმოაჩნდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6,27 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეტადონი. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა. თუკი მას დანაშაული დაუმტკიცდა, ის ციხეში 20 წლამდე ან უვადოდ წავა.
რაც შეეხება ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მეორე პირს, 24 წლის საბა ბოჭორიშვილს, მას გამოძიება ედავება ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენასა და შენახვას. მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 0,24 გრამი ნარკოტიკული საშუალება, გამომშრალი მარიხუანა აღმოაჩინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
პროკურატურის თანახმად, ორივე პირი ნარკოტიკული დანაშაულისთვისაა ნასამართლევი და ისინი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან.
რა აკავშირებთ ბრალდებულებს დაურ ბუავასთან?
საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილი, რომელიც ბრალდებულების ჩვენებებსა და ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს ეყრდნობა, ამბობს, რომ მათ დაურ ბუავა ერთ-ერთ საკვებ ობიექტში გაიცნეს: „ერთმა დაახლოებით 7-8 თვის წინ, მეორემ ერთი თვის წინ. ბრალდებულები ამბობენ, რომ დაურ ბუავასთვის მანამდეც არაერთხელ გადაუციათ ნარკოტიკული საშუალება“.
დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულებმა სწორედ დაურ ბუავასგან გაიცნეს 23 წლის ვალერია კირილიუკი, რომელიც აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების გამო, განსაცდელში მიტოვების მუხლითაა დაკავებული და სასამართლომ მას 31 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის თქმითვე, ბრალდებულების ჩვენებების თანახმად, მათ თავადაც, რამდენიმე საათით ადრე მოიხმარეს ის ნარკოტიკული საშუალება (მეტადონი), რომელიც გივი გუდაძემ ვალერია კირილიუკს გადასცა და ისინიც შეუძლოდ გახდნენ. ერთ-ერთი ბრალდებული საბა ბოჭორიშვილი კი კლინიკაშიც გადაიყვანეს:
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ ისინი ცუდად გახდნენ, მათ არ მოიკითხეს და არ გააფრთხილეს დაურ ბუავა და ვალერია კირილიუკი, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავდა.
მინდა ასეთი კითხვა დავუსვა მათ და თუ აქვთ სურვილი, მიპასუხონ, პირადად რატომ არ გააგებინეს დაურს ან ქალბატონს, რომ ასეთი შედეგი მოჰყვა ამ ნარკოტიკის მოხმარებას, ან ავად გახდომის მომენტში ან კლინიკიდან გამოსვლის მომენტში, ჯერ კიდევ იყო შანსი, რომ ადამიანი გადაერჩინათ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ატარებდა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის“, - მიმართა ბრალდებულებს დავით ყაზარაშვილმა სასამართლოს დარბაზში.
ბრალდებულებმა მის კითხვას არ უპასუხეს.
რაც შეეხება იმას, თუ სად მოიპოვა გივი გუდაძემ ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, დავით ყაზარაშვილი ჟურნალისტებს ეუბნება:
„თქვა, რომ იპოვა. ამბობს, რომ არ ახსოვს, სად იპოვა“.
რა ხდებოდა ნარკოდანაშაულში ბრალდებულების სასამართლოზე?
გივი გუდაძის ადვოკატმა, გოგა მეშველიანმა, სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა დააყენა და მოსამართლეს სთხოვა, ჟურნალისტებს დარბაზი დაეტოვებინათ.
მას მიაჩნია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით „მედიას ამოძრავებს არა საზოგადოებრივი ინტერესი, არამედ პირადი ინტერესის დაკმაყოფილების სურვილი“:
„არ არსებობს იმის ეფექტური კონტროლი, რომ სხვადასხვა ჩამწერი საშუალებებით შემოსული პრესა, ლეპტოპებით, ტელეფონებით, არ არსებობს გარანტია, რომ ისინი ჩვენს პოზიციას არ ჩაიწერენ, რაც დღევანდელი რეგულაციებით, აკრძალულია. ახლაც კი, შუამდგომლობის წარდგენის დროს მეშლება ხელი (მას კლავიატურის ხმა უშლიდა ხელს რ.თ)... და გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა პროცესის ნაწილობრივ დახურვის შესახებ“.
მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, გივი გუდაძეს, რომელმაც გამოძიებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ვალერია კირილიუკს გადასცა, ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიებად მისთვის 20 000 ლარიანი გირაოს დაკისრების შუამდგომლობა დააყენა: "მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სახის ინფორმაციაა წარმოდგენილი, ეს ინფორმაცია არ არის სამართლებრივად მყარი, არ ქმნის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა".
ხოლო პროკურორის კითხვას ბრალდებულების მიმართ, თუ რატომ არ გააფრთხილეს მათ დაურ ბუავა და ვალერია კირილიუკი, რომ ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ ისინი შეუძლოდ გახდნენ, გოგა მეშველიანმა ასე უპასუხა:
„შეიძლება ძალიან არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ როგორც სიცოცხლის უფლება აქვთ ადამიანებს, ისე სიკვდილის უფლება აქვთ... ეს ხდება უბრალოდ საზოგადოების ზემოქმედების გამო. კარგი, დავუშვათ ამან იმ გოგოს გადასცა, იმან ხო გადასცა იმას [დაურს]. მან, გარდაცვლილმა გადაწყვიტა, რა დოზა მიეღო.
ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდაო, რომ ამბობს პროკურორი და ასეთი ადამიანი გარდაიცვალაო, კაცმა არ იცის, ვინ ვის ინტერესებს ახორციელებს ამ ქვეყანაში.
რატომ არ მიიღეს ზომებიო, არ შეეძლოთ მიეღოთ ზომები იმ ადამიანის გადასარჩენად, რომელმაც თავისი სურვილით, თავისი ნებით მიიღო მომაკვდინებელი დოზა ნარკოტიკისა“, - თქვა სხდომაზე გივი გუდაძის ადვოკატმა.
საბა ბოჭორიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების ნაცვლად, „პატიმრობაზე უფრო მსუბუქი ღონისძიების“ გამოყენების შუამდგომლობა დააყენა მისმა ადვოკატმა, გიორგი მეგრელიშვილმა.
მისი თქმით, გამოძიება საბა ბოჭორიშვილით მხოლოდ იმიტომ დაინტერესდა, რომ მას დაურ ბუავასთან უბრალოდ ნაცნობობა აკავშირებდა:
"ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს წარდგენილი აქვს 273-ე მუხლი, რაც ნიშნავს მხოლოდ შენახვას. მას არავისთვის არაფერი გადაუცია, არანაირი შემხებლობა არ გააჩნია დაურ ბუავას გარდაცვალებასთან. უბრალოდ იცნობდა და იმის გამო, რომ მას იცნობდა, მოხდა საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა და აღმოჩნდა მარიხუანა, რომელიც მას ჰქონდა პირადი მოხმარების მიზნით. შესაბამისად, მისი გაიგივება დაურ ბუავას გარდაცვალების საქმესთან, არის შეუსაბამო".
მისივე თქმით, პროკურატურა საბა ბოჭორიშვილს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს ედავება და შესაბამისად, არ არსებობდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა.
„ჯერ ერთი, სწორედ ამიტომ არ უნდა იყოს გამოყენებული უკიდურესი ღონისძიება და არ აქვს მნიშვნელობა, ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება თუ არა. როდესაც მის მიმართ გამოყენებული იყო გირაო წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის, არცერთ ეტაპზე არ შეშლია ხელი მართლმსაჯულებას. ამ საქმესთან დაკავშირებითაც, ბრალდების მხარე დამეთანხმება, რომ სრულად შეუწყო ხელი გამოძიებას და ეს საქმის მასალებითაც დასტურდება. შესაბამისად, მისი მხრიდან, არანაირი რისკი არ არსებობს, რომ რაიმენაირად შეუშლის ხელს გამოძიების მიმდინარეობას თუკი მის მიმართ გამოყენებული იქნება მსუბუქი ღონისძიება“, - მიმართა გიორგი მეგრელიშვილმა მოსამართლეს.
სხდომაზე ბრალდებულებს საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. ისინი მხოლოდ ადვოკატებს დაეთანხმნენ.
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდა კაცების წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს, 12 საათზე გაიმართება.
ამავე დღეს გაიმართება აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების გამო დაკავებული კიდევ ერთი პირის, 23 წლის ვალერია კირილიუკის წინასასამართლო სხდომაც.
მას გამოძიება ახალგაზრდა კაცის განსაცდელში მიტოვებას ედავება. გამოძიების თანახმად, 23 აგვისტოს, ღამის საათებში, დაურ ბუავამ და ვალერია კირილიუკმა (დაურ ბუავას სახლში) მიიღეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ისინი შეუძლოდ გახდნენ.
თითქმის ორი დღის თავზე, 25 აგვისტოს, დილის 9 საათისთვის კი გონზე მოსულმა ვალერია კირილიუკმა ნახა, რომ დაურ ბუავა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, „მძიმედ სუნთქავდა“, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ მას დახმარებოდა, ბინა დატოვა, კარი გარედან გადაკეტა, არ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და საერთო მეგობრებსაც არაფერი გააგებინა. ის გამოძიებამ 29 აგვისტოს, ნაქირავებ ბინაში დააკავა.
ვალერია კირილიუკი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 31 აგვისტოს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მისმა ადვოკატმა თქვა, რომ ქალი „საწოლსაა მიჯაჭვული და მძიმე მდგომარეობაშია“.
პირველ სექტემბერს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე გაიმართა დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი. მას 2 სექტემბერს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
32 წლის დაურ ბუავა სოციალურ ქსელში, წლების განმავლობაში ცნობილი იყო როგორც ვიდეოების ავტორი, რომელიც უმეტესად ქართულ-აფხაზურ მეგობრობაზე საუბრობდა.
ახალგაზრდა კაცი ტყვარჩელიდან თბილისში 2021 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად და უკან აღარ დაბრუნებულა.
2022 წლის მაისში აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა მას „სახელმწიფოს ღალატში“ დასდო ბრალი.
დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახური თვლიდა, რომ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა, „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“.
რადიო თავისუფლება დაურ ბუავას 2021 წლის ნოემბერში შეხვდა. ამ დროს გადაღებულ ვიდეოში ის ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს სურს აუხსნას, რომ საქართველო ომზე არ ფიქრობს და როგორ შეიძლება მშვიდობიანი თანაცხოვრება.
2022 წლის დეკემბერში, დაურ ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვარაუდები, რომ შესაძლოა, დაურ ბუავა, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, განზრახ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი იყოს. საქმის პროკურორი ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება და "ნებისმიერი ვერსია გადამოწმდება".
ფორუმი