აშშ-ის კანონმდებლები 3 თებერვალს შეიკრიბნენ ვაშინგტონში, USAID-ის ცენტრალური ოფისის წინ ილონ მასკის, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კაცის, როგორც თავად უწოდებენ, „უკანონო ქმედების“ დასაგმობად.
მასკი პრეზიდენტ ტრამპის დავალების შესაბამისად, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის სახელით (DOGE) ეძებს ბიუჯეტის ხარჯვისა და ბიუროკრატიის შემცირების გზებს.
დემოკრატმა კანონმდებლებმა საპროტესტო შეკრება გამართეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს 2 თებერვალს ელფოსტით აცნობეს, რომ შეეძლოთ მომდევნო დღეს სამსახურში არ გამოცხადებულიყვნენ და დაბლოკეს მათი წვდომა სამთავრობო ელფოსტასა და USAID-ის პლატფორმებზე, რაც სააგენტოს დაშლის პროცესზე მიუთითებდა.
„შაბათ-კვირას USAID-ი დავამუშავეთ, როგორც ხის სათლელში”, – დაწერა მასკმა პლატფორმა X-ზე 3 თებერვალს.
კანონმდებლებმა სააგენტოს შენობის წინ გამართულ აქციაზე USAID-ის საქმიანობა დაიცვეს და განაცხადეს, რომ სააგენტოს დაშლის მცდელობა კონგრესის უფლებამოსილებას ეწინააღმდეგება.
„ჩვენ არ გვყავს მთავრობის მეოთხე შტო სახელად ილონ მასკი, და ეს მალე ძალიან ნათელი გახდება“, – განაცხადა კონგრესმენმა ჯეიმი რასკინმა.
მან ასევე აღნიშნა: „არ ვიცი, რა მოტივაცია აქვს მასკს, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო იმ კანონებთან, რომლებიც აშშ-ის ხალხმა კონგრესის მეშვეობით მიიღო. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ USAID-ს“.
დემოკრატმა სენატორმა კონექტიკუტიდან, კრის მერფიმ, USAID-ის დაშლის მცდელობა საკონსტიტუციო კრიზისად შეაფასა და პირობა დადო, რომ მას წინააღმდეგობას გაუწევს.
„ხალხი წყვეტს, როგორ უნდა დაიხარჯოს მათი გადასახადების ფული. ამას ილონ მასკი ვერ გადაწყვეტს“, – თქვა მან რასკინთან ერთად გამოსვლისას.
ეს არის მცდელობა, „მთავრობა გადასცენ რამდენიმე არარჩეულ მილიარდერსა და კორპორაციულ ინტერესებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა მერფიმ.
USAID-ი დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელიც კონგრესმა 1961 წელს შექმნა და დღეისთვის მსოფლიოს გარშემო დაახლოებით 10 000 თანამშრომელი ჰყავს. სააგენტოს ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი დოლარი გადაეცემა კონგრესისგან, რათა დააფინანსოს პროგრამები მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებში.
პროგრამები მოიცავს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას, ჯანდაცვის სფეროს განვითარებას, სტიქიური უბედურებების შემსუბუქებას, დემოკრატიის ხელშეწყობასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
კონგრესის კვლევითი სამსახურის (CRS) ბოლო ანგარიშის მიხედვით, USAID-მა 2023 საფინანსო წელს მართა 40 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა, რომელიც დაახლოებით 130 ქვეყანაში სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად გამოიყო. დახმარების უმსხვილესი მიმღებები იყვნენ უკრაინა, ეთიოპია და იორდანია, ასევე ავღანეთი, რომელიც კვლავ რჩება USAID-ის უმსხვილეს დახმარების მიმღებთა ათეულში.
3 თებერვალს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესს წერილით აცნობა სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ზოგიერთი ნაწილი შესაძლოა სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდეს, ხოლო დანარჩენი გაუქმდეს. მან დაადასტურა, რომ დროებით ასრულებს USAID-ის დირექტორის მოვალეობას, თუმცა აღნიშნა, რომ ამ უფლებამოსილების ნაწილი სხვა პირებზეა გადაცემული და თავად სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობაში არ ერევა.
რუბიოს თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტთან შერწყმის გადაწყვეტილება „არა პროგრამების დასრულებას“, არამედ პოლიტიკის კოორდინაციას უკავშირდება, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით უნდა მოხდეს.
სამხრეთ ამერიკაში, ელ სალვადორში ვიზიტის დროს, რუბიომ განაცხადა, რომ ის წლების განმავლობაში უკმაყოფილო იყო USAID-ის რეაგირების არარსებობით სახელმწიფო დეპარტამენტის მითითებებზე. მისი თქმით, სააგენტო „უნდა იყოს სრულად შეთანხმებული ამერიკის საგარეო პოლიტიკასთან.“
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ USAID-ის დაფინანსება ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფულით ხდება, თუმცა სააგენტო „გლობალურ საქველმოქმედო ორგანიზაციად გადაიქცა, რომელიც ეროვნული ინტერესებისგანაა გამიჯნული.“
3 თებერვალს Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუბიომ თქვა: „ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიქნებით ყველაზე გულუხვი ქვეყანა დედამიწაზე, მაგრამ ისე, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდეს.“ ინტერვიუს ტექსტი სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დემოკრატმა სენატორმა ვაშინგტონიდან, პეტი მურეიმ, ილონ მასკი დაადანაშაულა USAID-ის წინააღმდეგ ქმედებებში იმ ფონზე, როდესაც SpaceX-ს თავდაცვის სამინისტროდან მრავალმილიონიანი კონტრაქტებით დიდი სარგებელი აქვს.
კაპიტოლიუმში გამართულ პრესკონფერენციაზე მურეიმ განაცხადა, რომ USAID-ისთვის უკვე დამტკიცებული დაფინანსების შეჩერებამ „ნდობა უპრეცედენტოდ შეამცირა“ და დასძინა, რომ გაურკვეველია, შემდეგ რომელ სააგენტოს შეიძლება შეეხოს მსგავსი ნაბიჯები.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სააგენტოს რეფორმა აუცილებელია და გამოაქვეყნა განცხადება USAID-ში „ფულის ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების ფაქტებზე“. მათ შორისაა 1,5 მილიონი დოლარის დახარჯვა სერბეთში, „სამსახურში მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობისთვის", ასევე კოლუმბიაში „ტრანსგენდერული ოპერის“, პერუში „ტრანსგენდერული კომიქსისა“ და გვატემალაში „სქესის შეცვლის ოპერაციებისა და LGBT აქტივიზმის“ დაფინანსება.
„ეს სია მართლაც უსასრულოა – და ეს ყველაფერი ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა, – ნათქვამია განცხადებაში, - პრეზიდენტ ტრამპის პირობებში, ფულის ფლანგვას, თაღლითობასა და ბოროტად გამოყენებას ბოლო მოეღება.“
ფორუმი