Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი კრემლს COVID-19-ზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს


ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთის მთავრობის მხარდამჭერი მედია კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. მოსკოვი ცდილობს ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა გახლიჩოს, მათში პანიკა და ევროპული სამედიცინო სისტემის მიმართ უნდობლობა დათესოს. ასეთ მოსაზრებას შეიცავს ევროპის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ანგარიში, რომლის ტექსტის მოპოვება შეძლო რადიო თავისუფლებამ.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, COVID-19-ის გავრცელებას თან ახლავს მასიური „ინფოდემიკა“, - ინფორმაციის სიჭარბე, - რომლიდანაც ზოგი სწორია, ზოგი - მცდარი. ეს პრობლემას ქმნის სანდო ინფორმაციის მოპოვებაში.

ინფორმაცია ძირითადად ვრცელდება ევროპულ ენებზე - ინგლისურად, ესპანურად, ფრანგულად და გერმანულად, ნათქვამია ანგარიშში. ევროკავშირის სპეციალისტები აცხადებენ, რომ აღმოჩენილია დეზინფორმაციის გავრცელების, სულ მცირე, 80 შემთხვევა.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, მოსკოვი ყალბ ცნობებს ერთ თემაზე კი არ ავრცელებს, არამედ ერთმანეთს უპირისპირებს ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიებს, რათა საინფორმაციო ქაოსი შეიქმნას.

ევროკავშირის ცნობით, როგორც კარდიფის უნივერსიეტის დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლებმა დაადგინეს, დეზინფორმაციის გავრცელებაში კრემლმა ევოლუცია განიცადა. ისინი თავად კი არ არიან დეზინფორმაციის ავტორები, არამედ კრემლთან დაახლოებული აქტორები ცდილობენ უკვე გავრცელებული დეზინფორმაციის გაძლიერებას და მისი გავრცელებისთვის ხელის შეწყობას. ეს ტაქტიკა მათ საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა და განაცხადონ, რომ მხოლოდ სხვების მიერ ნათქვამს აშუქებენ.

ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, სოციალურ მედიაში კორონავირუსის თემაზე წარმოებული დისკუსიების დაახლოებით 7 პროცენტი დეზინფორმაციაა. თუმცა, დოკუმენტის ავტორთა თქმით, უწყებას არ შეუძლია ამ მონაცემის დანამდვილებით დადასტურება.

ანგარიშის თანახმად, კვლევამ დაადგინა, რომ დეზინფორმაციაში გამოყენებული მთავარი ვერსიებია მტკიცებები, თითქოს კორონავირუსი ევროპაში მიგრანტებმა ჩაიტანეს, ან რომ ეს არის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა თუ ჩინეთის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღი.

ევროკავშირის თანახმად, საეჭვო ინფორმაციის გამავრცელებელთა შორის სხვა უცხოური წყაროებიც არიან. დოკუმენტში მაგალითებად მოყვანილია ჩინეთის კომუნისტური პარტია; ალბანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამჟამინდელი მთავრობის კრიტიკისას მცდარ ინფორმაციას ავრცელებდა; ხოლო ისრაელში გავრცელებულია ვერსია, რომ კორონავირუსი არის „ევროპიდან მომდინარე მორიგი კრიზისი“.

დეზინფორმაციის წყაროებს შორის დასახელებულია ისეთი შემთხვევებიც, როცა მის გამავრცელებლებს არ ამოძრავებთ პოლიტიკური მოტივები. ასეთ წყაროებს შორის ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებიც არიან.

ევროკავშირის თანახმად, ის თანამშრომლობს ონლაინ პლატფორმებთან. მაგრამ მათ უფრო მეტი უნდა გააკეთონ და მკვლევრებს და სხვებს სისტემატურად მიაწოდონ სტატისტიკური მონაცემები.

ევროკავშირის დოკუმენტში დასკვნის სახით ნათქვამია, რომ შეუძლებელია კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის მოცულობისა და ზეგავლენის დამოუკიდებლად შეფასება. საამისოდ ბრიუსელი კონსულტაციებს მართავს სფეროს მკვლევრებთან და ონლაინ პლატფორმებთან.

კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა ევროკავშირის შესაძლო ბრალდებებს დაუსაბუთებელი უწოდა. თებერვლის ბოლოს ფეიკების გავრცელების შესახებ AFP იტყობინებოდა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ამ ინფორმაციას „საგანგებოდ შემოგდებული“ სიყალბე უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG