Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრება თუ არა „ჭურვების შიმშილი“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს?


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელი ჯარისკაც ნაღმტყორცნებიდან ჭურვს ესვრის რუსულ პოზიციებს ბახმუტის სიახლოვეს. 16 მარტი, 2023 წ.
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელი ჯარისკაც ნაღმტყორცნებიდან ჭურვს ესვრის რუსულ პოზიციებს ბახმუტის სიახლოვეს. 16 მარტი, 2023 წ.

იმ ფონზე, რაც უფრო აქტიური ხდება საბრძოლო მოქმედება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე, იზრდება ასევე მოთხოვნილება საარტილერიო ჭურვებზე, რომლებსაც მოწინააღმდეგეები დიდი რაოდენობით უშენენ ერთმანეთის პოზიციებს.

უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ საარტილერიო დანადგარები, ავად თუ კარგად, აქვთ, მაგრამ არ ჰყოფნით საარტილერიო ჭურვები მოწინააღმდეგის პოზიციების დასაბომბად, - ამის შესახებ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტებს უამბეს ჰაუბიცა დ-30-ის გათვლის მეომრებმა, რომლებსაც საბრძოლო პოზიციები ქალაქ ბახმუტთან ახლოს აქვთ გამაგრებული.

„ჭურვების შიმშილის“ დასაძლევად ევროკავშირი უკრაინას 12 თვის განმავლობაში მილიონ ჭურვს დაჰპირდა. დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ უკრაინას ამ ეტაპზე ჭურვების საკმაო მარაგი აქვს, მაგრამ მას იზოგავენ იმ კონტრშეტევისათვის, რომლისთვისაც უკრაინის სარდლობა გულმოდგინედ ემზადება.

უკრაინელი არტილერისტების გზავნილი მტრისადმი

ქალაქ ბახმუტის სამხრეთ მიმართულებაზე მდებარე საბრძოლო პოზიციაზე უკრაინელი არტილერისტები ბრძოლისთვის ემზადებიან.

ერთ-ერთი არტილერისტი ჭურვს აწერს ლოზუნგს No pasarán! (ვერ გაივლიან!), რომელიც ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის გარიჟრაჟზე, ვერდენის სისხლისმღვრელი ბრძოლის დროს იშვა. ვერდენის ბრძოლა ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე გამომფიტავი ბრძოლა, რომელიც 11 თვე გრძელდებოდა. მას ხშირად ადარებენ ბრძოლას ქალაქ ბახმუტისთვის, რომელიც 8 თვეა უძლებს მტრის გააფთრებულ შეტევებს.

ამ ვიდეოში უკრაინელი მებრძოლები 122-მილიმეტრიანი დ-30 ჰაუბიცით მოქმედებენ. ეს საარტილერიო ქვემეხი საბჭოთა შეიარაღებაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში მიიღეს და ის ჯერჯერობით კვლავ წარმატებით გამოიყენება ბრძოლის ველზე.

„ომი გვიხდება იმით, რაც გვაქვს. ვფიქრობ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არ არის განსხვავება, მტერს ძველი [იარაღიდან] ესვრი თუ ახლიდან. მთავარია სასროლი იყოს რამე“, - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერისტი.

ფრონტის ამ, დღეისთვის ყველაზე ცხელ უბანზე, უკრაინელი არტილერისტების მთავარ მიზანს მოწინააღმდეგის ქვეითი ჯარი წარმოადგენს. „თუ სხვა მიმართულებაზე უფრო მეტად მოწინააღმდეგის ტანკები და არტილერია მოქმედებს, აქ ძირითადი მასა მათი ქვეითი ჯარია. ისინი ძალიან მჭიდრო მასად გვაწვებიან“, - ამბობს უკრაინელი მებრძოლი, რომელიც ფიქრობს, რომ მოწინააღმდეგე ზოგავს ტექნიკას და, ადამიანებისგან განსხვავებით, არ გამოჰყავს ის წინა პოზიციებზე.

ბოჰდანი, უკრაინის საარტილერიო ქვედანაყოფის მებრძოლია. ის რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე პრაღაში კურიერად მუშაობდა. როგორც კი ომი დაიწყო, ბოჰდანი დაუყოვნებლივ დაბრუნდა უკრაინაში. ისე მოხდა, რომ მისი უმცროსი ძმაც სამხედრო მოსამსახურეა, ოღონდ ქვეით ჯარში მსახურობს და ამჟამად უშუალოდ ქალაქ ბახმუტში იმყოფება.

„ყოველ წუთს მასზე ვფიქრობ. ის ხომ ჩემი ძმაა. ისინი მთლად ცეცხლის გულში იმყოფებიან. იქ ყოფნა ფიზიკურადაც და მორალურადაც ძალიან მძიმეა. და თუ ჩვენ მათ არ გადავფარავთ, დიდი დანაკარგი, დიდი მსხვერპლი ექნებათ“, - ამბობს ბოჰდანი.

რა იწვევს და როგორ უმკლავდება უკრაინა ე.წ. ჭურვების შიმშილს?

ბოჰდანი განიცდის, რომ ჭურვების სიმცირის გამო არტილერისტებს ყოველდღიურად სულ უფრო უჭირთ მისი ძმისა და ძმის იმ თანამებრძოლების საცეცხლე მხარდაჭერა, რომლებიც სანგრებიდან ცდილობენ მტრის შეკავებას.

უკრაინის აეროდაზვერვა მუდმივად აფიქსირებს ახალ სამიზნეებს, რომლებიც უნდა განადგურდნენ. ამიტომ საბრძოლო მასალის უკმარისობის კომპენსირებას უკრაინელი არტილერისტები ზუსტი სროლებით ცდილობენ. უკრაინის არტილერია თავის ქვეით ჯარს არა მხოლოდ თავდაცვაში, არამედ მოწინააღმდეგის პოზიციებზე იერიშზე გადასვლაშიც ეხმარება. ამისთვის კი საჭიროა ბევრი საარტილერიო გასროლის განხორციელება. ასეთი ინტენსივობის ბრძოლამ კი შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს ე.წ. ჭურვების შიმშილი, ამბობენ ფრონტის წინა ხაზზე მყოფი უკრაინელი სამხედროები, რომლებიც სარდლობისგან მოითხოვენ საბრძოლო მასალის შეუფერხებელ მიწოდებას: „რაც მეტი, მით უკეთესი და გამარჯვებაც მალე დადგება. მე მხოლოდ ასე ვიტყოდი“, - ამბობს ბოჰდანი.

იმის შესახებ, თუ სად და როგორ ეძებს კიევი ჭურვებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რადიო თავისუფლებას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეგორ ჩერნოვმა უამბო. მან, პირველ ყოვლისა, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, რომელიც 12 თვის განმავლობაში უკრაინისათვის 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის მიცემას ითვალისწინებს.

„რა თქმა უნდა, ეს არის არსებითი დახმარება. მილიონი ჭურვი ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა. მაგრამ, თუ ჩვენ დავიანგარიშებთ იმ დანახარჯს, რაც დღეისთვის გვაქვს - დღეში დაახლოებით 5-7 ათასი ერთეული [ჭურვი], მაშინ მილიონი არც ისე დიდხანს გვეყოფა. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ 5-7 ათასი ეს ოთხ-ხუთჯერ ნაკლებია იმაზე, რასაც რუსეთის ფედერაცია ისვრის. ისინი დღეში 20-25 ათას ჭურვს ისვრიან. მაგრამ პრობლემები მათაც აქვთ. თუ ადრე ისინი 60-70 ათასს [ჭურვს] ისროდნენ, ახლა ეს 20-25 ათასს, ზოგჯერ 20 ათასს უდრის. ისევ და ისევ, არ შეიძლება საბჭოთა ჭურვებისა და საბჭოთა ტექნიკის შედარება უფრო მაღალი სიზუსტის ამერიკულ და ევროპულ, დასავლეთის ნიმუშებთან. იმავე Caesar-ის (ფრანგული წარმოების 155-მილიმეტრიანი ჰაუბიცა - რ.თ.) ორ ჭურვს შეუძლია ისეთი მიზნის განადგურება, რომელზეც საბჭოურ D-30 ჰაუბიცას ათობით ჭურვის დახარჯვა მოუწევს“, - ამბობს ეგორ ჩერნოვი.

155-მილიმეტრიანი ჰაუბიცა Caesar-ი უკრაინაში უკვე 2022 წლის 15 ივნისიდან არის შეიარაღებაში.

სწორედ 155-მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო ჰაუბიცის ჭურვის ნამსხვრევით დაიჭრა გასული წლის ბოლოს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და კორპორაცია „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი, დმიტრი როგოზინი.

დმიტრი როგოზინი 21 დეკემბერს დაიჭრა ანექსირებულ დონეცკში. შენობას, რომელშიც მის გარდა იმყოფებოდნენ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მთავრობის რუსეთის მიერ დანიშნული თავმჯდომარე ვიტალი ხოცინკო და სხვა პირები, ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა მინიმუმ ორი ადამიანი. როგოზინი და ხოცინკო დაიჭრნენ.

„ჭურვების „გარკვეული შიმშილი“ - ეს ნორმალურია“

სხვადასხვა ქვეყანამ - დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ჩეხეთმა გადასცეს უკრაინას როგორც საბჭოთა წარმოების, ისე დასავლეთის მოდელის საარტილერიო დანადგარები და ათასობით ჭურვი.

დასავლეთის ქვეყნები კვლავაც აგრძელებენ უკრაინის სამხედრო დახმარებას, რამაც შესაძლებლობა უნდა მისცეს კიევს აწარმოოს წარმატებული კონტრშეტევა ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

მაგრამ საარტილერიო ჭურვების დეფიციტის თაობაზე არსებული ცნობების ფონზე აქტუალურია შეკითხვა, თუ რამდენად არის შესაძლებელი ასეთი კონტრშეტევა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს სამხედრო საქმე და სამხედრო ტექნიკა. ჩვეულებისამებრ, შეტევის წინ გროვდება ხოლმე საბრძოლო მასალები, რადგან შეტევის დროს მათი გამოყენება რამდენჯერმე იზრდება. ამიტომ ამ ეტაპზე მცირდება საბრძოლო სამუშაო და ეს ჭურვები, რომლებიც მოკავშირეებისგან რეგულარულად მოდის, საწყობებში გროვდება, შესაბამისად, ნაკლებად მიეწოდება ფრონტს, რათა კონტრშეტევის დროს დასახული ამოცანების შესასრულებლად, ჭურვების საჭირო რაოდენობა არსებობდეს. ამიტომ ჭურვების „გარკვეული შიმშილი“ და საბრძოლო მასალების რაოდენობის გარკვეული სიმცირე - ეს ნორმალურია“, - ამბობს დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი მიხაილ ჟიროხოვი.

ვალერი ზალუჟნიმ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, დეკემბერში თქვა, რომ მის ქვეყანას 300 ტანკი, 600-700 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 500 ჰაუბიცა სჭირდება წარმატებული კონტრშეტევისთვის.

  • უკრაინის არმია მზად იქნება გაზაფხულზე შეტევაზე გადასასვლელად, რომლის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი იქნება „სამხრეთ ფრონტის გარღვევა“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
  • როგორც Deutsche Welle იუწყება, სკიბიცკიმ ხაზი გაუსვა, რომ შეტევის დაწყების მომენტი დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის დასავლეთიდან იარაღის მიწოდებაზე.
  • სკიბიცკი აცხადებს, რომ მომავალი შეტევის მიზანია „უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გათავისუფლება“ და 1991 წლის საზღვრების აღდგენა. მანამდე ეს სკიბიცკის უშუალო უფროსმა, გენერალმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG