Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ ბუკოვსკის უკანასკნელი გაძევება


27 ოქტომბერს, კემბრიჯში გარდაიცვალა ვლადიმირ ბუკოვსკი, დისიდენტი, რომელმაც საბჭოთა ტყვეობაში (ციხეებში, ბანაკებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში) საერთო ჯამში 12 წელი გაატარა. „წავიდა კაცი, რომელმაც მსოფლიოს თვალი აუხილა საბჭოთა სადამსჯელო მედიცინაზე“, - ასე გამოეხმაურა ყოფილი საბჭოთა დისიდენტი ლევან ბერძენიშვილი თავისი უფროსი კოლეგის, ვლადიმირ ბუკოვსკის გარდაცვალებას.

„რუსეთი ჩეკისტების ანკესზე! - რუსეთის ასეთი სახე იშვიათი სიზუსტით აღწერს ბოლო ათწლეულების მდგომარეობას. დიახ! რუსეთი წამოეგო ჩეკისტების ანკესს და ახლა გაშეშებული ჰკიდია ნემსკავზე, როგორც თავისივე მმართველი-ჯალათების მიერ შუა საუკუნეების საწამებელ ძელზე გასმული, ნაგვემი და ტყავგაცლილი ადამიანი“, - ვლადიმირ ბუკოვსკიმ რუსეთში შექმნილი ვითარება ასე აღწერა ჯერ კიდევ 2007 წელს, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მანიფესტი გამოაქვეყნა.

„როგორც უნდა სცადონ ჩეკისტების იდეოლოგებმა და მათმა პოლიტსანტექნიკოსებმა ვითარების სხვაგვარად წარმოჩენა, ფაქტები შეუვალია: ძალაუფლება მთლიანად უზურპირებულია ჩეკისტების მიერ!“

თავის მრავალთაგან ერთ-ერთ წიგნსაც შესაბამისი სათაური შეურჩია: „ლავრენტი ბერიას მემკვიდრეები: პუტინი და მისი გუნდი!“

ცხადია, არჩევნებამდე არ მიუშვეს, რეგისტრაციაშიც კი არ გაატარეს და, როგორც საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი დისიდენტი, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, მეორედ გააძევეს სამშობლოდან!

პირველ გაძევებამდე, ანუ 1976 წლამდე, საბჭოთა რეჟიმმა ოთხჯერ დააპატიმრა დისიდენტური საქმიანობისათვის. პირველივე პატიმრობის დროს დაუსვეს შიზოფრენიის ყალბი დიაგნოზი, რის გამოც დაუნიშნეს იძულებითი მკურნალობის კურსი და არაერთი თვე გაატარებინეს ფსიქიატრიულ კლინიკებში. სწორედ ამ კლინიკებში: ლენინგრადის სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ლუბერეცის ფსიქიატრიულ კლინიკასა და სერბსკის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში ნანახმა და საკუთარ თავზე გამოცდილმა შესძინა განსაკუთრებული ძალა ვლადიმირ ბუკოვსკის მიერ უცხოელი ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუებს, რომლებმაც საქვეყნოდ ამხილეს საბჭოთა სადამსჯელო მედიცინის საზარელი სახე.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, ვლადიმირ ბუკოვსკის საბჭოთა ადამიანების თავისუფლებისათვის იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ყველა დანარჩენ დისიდენტს ერთად აღებულს.

ჯამში 12 წელი იჯდა ციხეში. იმდენად მიუღებელი იყო საბჭოთა სისტემისთვის, რომ მასზე გამუდმებით ქვეყნდებოდა მასალები, რომ იყო ხულიგანი, არანორმალური... და აი, ამ ხულიგანს მოულოდნელად ცვლიან ლუის კორვალანში, ჩილეს კომპარტიის გენერალურ მდივანში. ამ გაცვლაზე საბჭოთა კავშირში სახუმარო ლექსიც კი დაიწერა:

Обменяли хулигана
На Луиса Корвалана!
Где б найти такую блядь,
Чтоб на Брежнева сменять?..

წლების შემდეგ ვლადიმირ ბუკოვსკი რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენებს ციურიხში შემდგარი ამ გაცვლის ზოგიერთ დეტალს: როგორ მოკრა თვალი საბჭოთა თვითმფრინავის ტრაპზე აფოფხებულ პატარა კაცს და როგორ გულწრფელად შეებრალა იგი:

„ნუთუ არ იცის, სად მიდის? რის პინოჩეტი, მას იქ ისეთები ელის! გულწრფელად შემებრალა და მართალიც გამოვდექი. ვერ გაძლო საბჭოთა კავშირში! 1983 წელს გაუკეთეს პლასტიკური ოპერაცია, მისცეს ყალბი დოკუმენტები და შეგზავნეს ჩილეში იატაკქვეშა ბრძოლის საწარმოებლად. წლების შემდეგ, როცა იატაკქვეშა ბრძოლა აზრს დაკარგავს, წერილებს გაგზავნის კრემლში და მოსკოვში ჩასვლას, ძველი იერის დასაბრუნებლად მეორე პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას და ნამდვილი დოკუმენტების დაბრუნებას მოითხოვს. მართლაც გაუკეთებენ ოპერაციას, მაგრამ წარუმატებლად, რაზეც მერე დარჩენილი ცხოვრება ჩიოდა“.

საბჭოთა კავშირიდან გაძევებული ვლადიმირ ბუკოვსკი კი მთელ თავის დროს, ავტორიტეტსა და ინტელექტს საბჭოთა სისტემის მხილებას მოახმარს.

„ეს მხილება იყო უკიდურესად ეფექტიანი, რადგან ვლადიმირ ბუკოვსკი იყო მაღალი სინჯის ინტელექტუალი - სწავლობდა კემბრიჯში, სტენფორდში... ძალიან დამაჯერებელი იყო მისი სტატიები, გამოსვლები, არგუმენტები. საბჭოთა კავშირს ორმა კაცმა მიაყენა ყველაზე დიდი დარტყმა. ერთი იყო სოლჟენიცინი და მისი „არქიპელაგი გულაგი“ და მეორე ვლადიმირ ბუკოვსკი! ეს კაცი იყო სრულიად გამორჩეული პიროვნება, გამორჩეული თავისი სირბილით, ქედმოდრეკილობით, სიმშვიდით, თავმდაბლობით, თუმცა მშვენივრად იცოდა, ვინც იყო. ვლადიმირ ბუკოვსკი შევიდა ისტორიაში, როგორც სახე იდეალური დისიდენტისა“, - უთხრა ლევან ბერძენიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ლევან ბერძენიშვილი ვლადიმირ ბუკოვსკის ორჯერ შეხვდა - პოლონეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კიდევ ჰქონდა შანსი, როცა ცნობილი დისიტენტი საქართველოს სტუმრობდა, მაგრამ არ გაუმართლა, იმ დროს სამშობლოში არ იმყოფებოდა.

„ბევრი ხალხი დაესწრო ლექციას. მახსოვს, ფეხზეც იდგნენ. საინტერესო იყო მისი ხედვა, დამოკიდებულება რუსეთისადმი. თანამედროვე რუსეთიც მიაჩნდა რეპრესიულ, ტოტალიტარულ სამყაროდ, რომელშიც ადამიანი არაფერია. ერთი კვირა ვმასპინძლობდით. უპრეტენზიო, მეგობრული, კარგი მოსაუბრე - ასეთად მახსენდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა შეშელიძემ, „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელმა, რომლის მოწვევითაც ვლადიმირ ბუკოვსკი საქართველოს 2010 წელს სტუმრობდა.

ვლადიმირ ბუკოვსკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. სასწავლებლის მაშინდელი რექტორის, გიგი თევზაძის თქმით, ილიას უნივერსიტეტს ცოტა ჰყავს საპატიო დოქტორი, ვინც ბუკოვსკიზე მეტად იმსახურებს ამ წოდებას.

„გამორჩეული პიროვნება იყო. მისი დისიდენტობაც იყო ყველასგან გამორჩეული. საბჭოთა კავშირს არ თვლიდა დანგრეულად, მიმიკრიად მიაჩნდა. იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინტელექტუალი; კარგი, ღრმა ანალიზის უნარით დაჯილდოებული. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ბიოგრაფია“, - უთხრა გიგი თევზაძემ რადიო თავისუფლებას.

ვლადიმირ ბუკოვსკის მართლაც ჰქონდა უმწიკვლო ბიოგრაფია, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებში მისი შებღალვაც სცადეს. ინგლისის პროკურატურა მრავალი წლის განმავლობაში იძიებდა „პედოფილიის საქმეს“, რომელშიც თითქოსდა გარეული იყო ვლადიმირ ბუკოვსკი. „საქმეში“ იგულისხმება ბუკოვსკის კომპიუტერიდან ბავშვთა პორნოგრაფიულ საიტებზე შეღწევის ბრალდება. ლევან ბერძენიშვილისთვის აშკარაა, თუ ვინ ხარჯავდა ფულს ამ საქმის შეთითხვნასა და გაღვივებაში:

„ეს არის კაცი, რომელიც ორმა ქვეყანამ გააძევა - საბჭოთა კავშირმა 1976 წელს და რუსეთმა 2014 წელს. ეს პედოფილიის ამბებიც აქედან მოდიოდა“.

მართლაც, 2014 წელს, ინგლისში მყოფ ვლადიმირ ბუკოვსკის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი უთხრა ახალი პასპორტის მიღებაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირიდან ერთხელ გაძევებული დისიდენტი, კიდევ ერთხელ, ამჯერად რუსეთის ფედერაციიდანაც გააძევეს.

ერთხელ პოლონელმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს: რუსეთი და საბჭოთა კავშირი - ერთი და იგივეა?

რა თქმა უნდა, არაო, უპასუხა, მართალია, დღეს დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ არც იმდენად, რომ რუსეთში თავი მშობლიურ სახლში ვიგრძნოო.

ვლადიმირ ბუკოვსკი, ცნობილი მწერალი და დისიდენტი, 27 ოქტომბერს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, სამშობლოდან შორს, კემბრიჯში, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ მუდმივ გაძევებასაც შეგუებული იყო.

მე არსად ვარ ჩემს ადგილზეო, ესეც ბუკოვსკის სიტყვებია...

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG