Accessibility links

თავისუფალი ბაზარი პირველი 10 საწარმოსთვის


მაისიდან პირველ ათ მსხვილ საწარმოს შეეძლება ელექტროენერგია „თელასისა“ და „ენერგო-პროს“ გვერდის ავლით, პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინოს. ეს რეფორმის პირველი ეტაპია, რომელიც საქართველოში თავისუფალი ენერგეტიკული ბაზრის ამოქმედებას ითვალისწინებს.

საქართველომ ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ენერგეტიკული გაერთიანების“ წინაშე აიღო ვალდებულება, რომ ენერგეტიკის სფეროში საბაზრო პრინციპებს დაამკვიდრებს. ჯერჯერობით თავისუფალი ვაჭრობის საშუალება ათიოდე მსხვილ საწარმოს მიეცა. მათ შორის არის მეტალურგიული ქარხნები, ბიტკოინების საწარმო დ ა.შ.

ანდრია გვიდიანი
ანდრია გვიდიანი

„აქამდე ელექტროენერგია უნდა ეყიდათ მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანიებისგან, რომელიც მხოლოდ ორი გვაქვს - „თელასი“ და „ენერგო პრო“. ახლა საწარმოებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ ელექტროენერგიას, საშუალება მიეცემათ, ის შუამავლის გარეშე შეიძინონ რომელიმე ჰიდროელექტროსადგურისგან, ქარის სადგურისგან ან, საერთოდ, სხვა ქვეყნიდან შემოიტანონ... ამით ხარჯი ნაკლები ექნებათ და სტიმული მიეცემათ მეტი აწარმოონ“, - ამბობს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი.

ამ შემთხვევაში მსხვილი საწარმოს კრიტერიუმებში მოექცა ის ათი კომპანია, რომლებიც თვეში არანაკლებ 5 მილიონ კილოვატ საათს მოიხმარენ: „ჭიათურმანგანუმი“, „ჯეოსთილი“, „RMG COPPER“, „ჰაიდელბერგცემენტი“, „რუსთავის ფოლადი“, შპს „რუსელოის“, რუსთავის „აზოტი“, „ჯითიემ გრუპი“, შპს „აითილებ“, „ბლოქ ფაუერი“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაფერთან ერთად ეს სიახლე ხელს შეუწყობს დენის დაბალი ტარიფის შენარჩუნებას. ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსი ზაზა ჩიხრაძე ამბობს, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, იაფი ენერგიის წყარო კი ბევრი არა გვაქვს.

ეს რომ არ გაკეთებულიყო, შესაძლოა სამომხმარებლო ტარიფები გაზრდილიყო, რადგან მზარდ მოხმარებას აღარ ჰყოფნის ენგურჰესის იაფი ენერგია...
ზაზა ჩიხრაძე

იაფი ენერგიის წყაროში იგულისხმება ენგურჰესის ენერგია, რომელიც, როგორც წესი, მოსახლეობაზე ნაწილდება. ამჯერად მსხვილ მომხმარებლებს შეეძლებათ ელექტროენერგია სხვა ჰესებისგან შეისყიდონ.

მაისი შევარჩიეთ იმიტომ, რომ ზაფხულში ელექტროენერგია ყველაზე იაფია. ამ ეტაპზე მათ არ გაუჭირდებათ შედარებით იაფი ელექტროენერგიის მოძებნა. შეუძლიათ ასევე გაერთიანდნენ და ჯგუფური კონტრაქტები დადონ, რადგან გენერაციის ობიექტებსაც აქვთ ინტერესი, რომ სტაბილური მომხმარებლები ჰყავდეთ. ეს რომ არ გაკეთებულიყო, შესაძლოა სამომხმარებლო ტარიფები გაზრდილიყო, რადგან მზარდ მოხმარებას აღარ ჰყოფნის ენგურჰესის იაფი ენერგია“, - ამბობს ზაზა ჩიხრაძე.

მისივე თქმით, რეფორმა გაგრძელდება ეტაპობრივად, რისი მიზანიც ბაზრის უფრო მეტად ლიბერალიზაციაა. საბოლოოდ ხალხს, ანუ ნებისმიერ მომხმარებელს, თავად შეეძლება, შეარჩიოს ენერგიის მწარმოებლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG