Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაფდება თუ ძვირდება ბინები?


ახალი საცხოვრებელი კორპუსები თბილისში
ახალი საცხოვრებელი კორპუსები თბილისში

ბინები ჯერაც ცუდად იყიდება, საბანკო სესხების პროცენტებმა მოიმატა, გაქირავების მაჩვენებელმა კი დაიკლო. როგორი პროგნოზებია თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე?

სოფო არაბული ორი წელია საბურთალოზე, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინის გაყიდვას ცდილობს. განცხადებები სხვადასხვა საიტებზე გამოაქვეყნა, პერიოდულად კლიენტები ურეკავენ და ბინის სანახავად მიდიან, თუმცა ყიდვა ვერავინ გადაწყვიტა, ხოლო მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსი გამოჩნდა, ზარებიც მნიშვნელოვნად შემცირდა.

მარტო რეკავდნენ და ფასს კითხულობდნენ. სანახავად არავინ მოსულა. მხოლოდ ახლა მოვიდა ერთი ქალი, დეველოპერული კომპანიიდან ვარ და სუბსიდირების პროგრამა რადგან ამუშავდა, ბინებს ვეძებო“, - ამბობს სოფო.

საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა“ 2020 წლის მეორე კვარტალის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ბინების გაყიდვა მკვეთრად შემცირდა აპრილსა (93 პროცენტით) და მაისში (74 პროცენტით). ამასთან, ახალი ბინები კიდევ უფრო ნაკლებად იყიდებოდა, ვიდრე ძველი. ვინც უძრავი ქონების ბაზარს კარგად იცნობს, ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ხალხი მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას ელოდებოდა, რაც 2020 წლის ივლისიდან დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის გახსნის შემდეგ გაყიდვამ ოდნავ მოიმატა, წინასწარი პროგნოზით, კლების მაჩვენებელი 2020 წელს მინც 15 %-ის ფარგლებში იქნება.

ჩაკეტილი იყო ბაზარი და რემონტს იშვიათად აკეთებდნენ. ვერ ყიდულობდი მასალას ან, თუ ყიდულობდი, ორმაგი ღირდა. თან უმუშევრი დარჩა ხალხი და რა ერემონტებოდათ. ახლა შედარებით წამოვიდნენ კლენტები - მთლად ისე ვერა, როგორც წინა წლებში იყო, მაგრამ მაინც. ფასი ყველაფერს მოემატა“, - ამბობს ვალერი სხილაძე, რომელიც ბინების რემონტითაა დაკავებული.

მე-2 კვარტალის მონაცემებით, ახალაშენებულ კორპუსებში ყველაზე კარგად იყიდება (49 %) საშუალო მოცულობის ბინები (51-80 კვ.მ). 32 %-მდე გაიზარდა მცირე მოცულობის ბინების (18-50 კვ.მ) წილი. ძველ სახლებშიც ყველაზე იოლად საშუალო მოცულობის ფართები იყიდება (51-80 კვ.მ), დიდი მოცულობის ბინებზე (81-150 კვ.მ) კი მოთხოვნა ნელ-ნელა მცირდება.

„გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი ამბობს, რომ ფასები ბინებზე 8-9 პროცენტით არის დაწეული და, სავარაუდოდ, ჯერჯერობით არ მოიმატებს.

აპრილში ფასების მცირე ზრდა იყო, მაგრამ იმდენად ცოტა ბინა გაიყიდა, რომ ეს ბაზრის სურათს არ ასახავს. რაც შეეხება ტენდენციას, ზოგადად, კრიზისის დროს ბინებზე მოთხოვნა მცირდება, რაც თავის მხრივ ფასების შემცირებას იწვევს“, - ამბობს კახა სამყურაშვილი.

ახალმა კორონავირუსმა საბანკო პოლიტიკაც შეცვალა. იპოთეკების გაცემა მკვეთრად შემცირდა აპრილსა და მაისში. პარარელურად გაიზარდა საპროცენტო განაკვეთებიც. ივნისში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო გადასახადმა უცხოურ ვალუტაში 6.0 % შეადგინა, როცა შარშან 3.9 % იყო, ხოლო ლარში -12.8 %, 2019 წელს იყო 11.6 %.

ტურისტების ნაკლებობა განსაკუთებით დაეტყო გაქირავების ბაზარს. ვანო ჩიქობავა, რომელიც ბათუმში ბინას აქირავებს, ჰყვება, რომ მოუწია ქირის ფასი გაენახევრებინა.

შარშან თუ დღეში 100 ლარად ვაქირავებდი, ახლა მხოლოდ 50 ლარს ვახდევინებ. დამქირავებლებიც მხოლოდ თბილისელები არიან, სხვა ქვეყნიდან ჩამოსული არავინ მინახავს. სასტუმროებმაც დაწიეს ფასები ურეკშიც, ბათუმშიც, თუმცა არის სასტუმროები, რომლებიც რაც ღირდა, ისევ იგივე ღირს“, - ამბობს ის.

გაქირავების ფასების ცვლილების პროცესი კარგად ჩანს უძრავი ქონების საიტებზე. Area.ge-ს განმცხადებლების, დაახლოებით, 7 %-მა (3,076 განცხადება) მარტის შემდეგ საფასო პოლიტიკა შეცვალა. წინასწარი პროგნოზით, ტურისტების არარსებობის გამო გაქირავების ფასები მომავალში კიდევ უფრო შემცირდება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG