Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქი ქალაქში - ივანიშვილის ფონდის ახალი სამშენებლო გეგმა ისანში


სასტუმრო, კორპუსები, მაღაზიები, საბავშვო ბაღი - ისანში ახალი უბნის აშენება იგეგმება.
სასტუმრო, კორპუსები, მაღაზიები, საბავშვო ბაღი - ისანში ახალი უბნის აშენება იგეგმება.

ისნის რაიონში დიდი მშენებლობა იგეგმება. ადგილობრივებმა ამ ახალ დასახლებას უკვე დაარქვეს ქალაქი ქალაქში. ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ეკუთვნის. „ქართუ“ მის გაყიდვას გეგმავს. ვინ აშენებს და რას ფეხსაცმელების საბჭოთა ქარხნის ტერიტორიაზე?

თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩავლისას თვალში ბეტონის მაღალი კედელი მოგხვდებათ, რომელიც დიდ, ერთი შეხედვით, მიტოვებულ ტერიტორიას აკრავს გარს. ამ ადგილას ფეხსაცმელების ქარხანა „ისანის“ ძველი შენობებია შემორჩენილი.

„ხალხი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი აქ ახალ ქალაქს აშენებსო“, - ამბობს 82 წლის ფატი, რომელიც ბეტონის კედელთან სახელდახელოდ მოწყობილ დახლზე თამბაქოს, მზესუმზირას, მიწისთხილსა და ბურბუშელას ყიდის.

გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ფეხსაცმელების ძველი ქარხნის ტერიტორიას გარს მაღალი კედელი აკრავს.
გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ფეხსაცმელების ძველი ქარხნის ტერიტორიას გარს მაღალი კედელი აკრავს.
ასე გამოიყურება ტერიტორია, სადაც სასტუმროსთან ერთად, 30-სართულიანი კორპუსების აშენება იგეგმება.
ასე გამოიყურება ტერიტორია, სადაც სასტუმროსთან ერთად, 30-სართულიანი კორპუსების აშენება იგეგმება.

აქაურებმა მათ უბანში „ქალაქში ქალაქის“ მშენებლობის შესახებ პირველად სამიოდე წლის წინ შეიტყვეს. ახლა ამ თემაზე მითქმა-მოთქმა ისევ განახლდა, მას შემდეგ, რაც 23 იანვარს საკრებულომ სამშენებლო პროექტის ახალ ვერსიას მხარი დაუჭირა.

რა შენდება?

მრავალფუნქციური კომპლექსის ტერიტორია გაბრიელ სალოსის გამზირის 118 ნომერში იწყება და 124-ში სრულდება. სულ ტერიტორიის ფართობი 83 000 კვადრატულ მეტრს აღწევს და სამი დინამოს სტადიონის ხელაა. პროექტის მიხედვით, აქ უნდა აშენდეს 100-ნომრიანი სასტუმრო, საცხოვრებელი კორპუსები და მაღაზიები, რომლებსაც ერთმანეთთან სკვერები დააკავშირებს.

ასე გამოიყურება პროექტის კომპიუტერული რენდერი
ასე გამოიყურება პროექტის კომპიუტერული რენდერი

16 შენობიდან ყველაზე დაბალი 10-სართულიანი, ყველაზე მაღალი კი 32-სართულიანი იქნება. საცხოვრებელი შენობები 2500 ოჯახისთვისაა გათვლილი. მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომებზე 1340 მანქანა დაეტევა. ტერიტორია 7 სექტორად დაიყოფა, ახალ დასახლებას საბავშვო ბაღიც ექნება და სათამაშო სპორტული მოედანიც.

საქსტატის ინფორმაციით, ამ ადგილას საცხოვრებელი ბინის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 3000 ლარია.

პროექტის ძველი ვერსიით, 16-ის ნაცვლად 8 საცხოვრებელი კორპუსის აშენება იყო დაგეგმილი, ყველაზე მაღალი შენობა 16-სართულიანი უნდა ყოფილიყო. ძველ პროექტში არც სასტუმრო შედიოდა. თბილისის საკრებულომ ეს პროექტიც მოიწონა, მაგრამ ზუსტად ერთ წელიწადში ახალს დაუჭირა მხარი. ანუ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება დაამტკიცა.

და რადგან პროექტი შეიცვალა, ტერიტორიის მფლობელს განაშენიანების ახალი გეგმა მოსთხოვეს. თუ საკრებულო ამასაც მოიწონებს, პროექტს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში გააგზავნიან მშენებლობის ნებართვის მისაღებად.

ვინ აშენებს?

ფეხსაცმელების ფაბრიკის ტერიტორიას, საჯარო რეესტრის ამონაწერით, სამი კერძო კომპანია ინაწილებს, ესენია:

  • შპს „ელიტა ბურჯი“;
  • სააქციო საზოგადოება „ისანი-ქართუ“;
  • შპს „ივერია 90“.

ამ სამიდან ორი კომპანია - შპს „ელიტა ბურჯი“ და სააქციო საზოგადოება „ისანი-ქართუ“ ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ შვილობილი კომპანიები არიან.

შპს "ელიტა ბურჯის" ოფისის შესასვლელი
შპს "ელიტა ბურჯის" ოფისის შესასვლელი

ფაბრიკის ტერიტორიაზეა განთავსებული შპს „ელიტა ბურჯის“ ოფისიც. ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. მთავარ შესასვლელთან დაცვის სამსახური მორიგეობს. ბეტონის კედელზე სარეკლამო ბანერებია გაკრული, სადაც წერია, რომ „ელიტა ბურჯი“ სამშენებლო ბიზნესშია ჩართული. ბანერებზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის ფოტოცაა დატანილი.

ტერიტორიაზე სპეციალური საშვით გადაადგილდებიან.
ტერიტორიაზე სპეციალური საშვით გადაადგილდებიან.

„ელიტა ბურჯის“ აშენებულია საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ და სასტუმრო „პარაგრაფი“. ამ კომპანიას დაუკვეთეს ფასადის მოპირკეთება ისეთ პროექტებში, როგორიცაა, „ქინგ დევიდი“, „აქსის თაუერსი“, „ბათუმი თაუერი“, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო Autograph Collection.

„ელიტა ბურჯია“ თაბორის მთაზე სასტუმროსა და გოლფის კლუბის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია. სასტუმროცა და გოლფის კლუბიც „პანორამა თბილისის“ ნაწილია. მშენებლობა 2018 წელს დაიწყო, დასრულების ვადა კი გავიდა, მაგრამ მშენებლობები არ დამთავრებულა.

ფოტოზე ჩანს პანორამა თბილისის ორი დაუსრულებელი პროექტი: 1. თავისუფლების მოედნისა და სოლოლაკის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო. 2. საკონფერენციო ცენტრი
ფოტოზე ჩანს პანორამა თბილისის ორი დაუსრულებელი პროექტი: 1. თავისუფლების მოედნისა და სოლოლაკის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო. 2. საკონფერენციო ცენტრი

ფონდ „ქართუში“ ამბობენ, რომ ფეხსაცმელების ფაბრიკის ტერიტორია, სადაც მინიქალაქის მშენებლობაა დაგეგმილი, გაასხვისეს და სამშენებლო პროექტსაც სხვა კომპანია გადაიბარებს.

„მიწის გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს ფონდი თავისი საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართავს და მიმდინარე პროექტებს დაახარჯავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საჯარო რეესტრში მიწის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ჯერ ასახული არ არის. უცნობია, ვინ იქნება მიწის ახალი მესაკუთრე.

ფონდ „ქართუს“ გაყიდული ქონება

ასევე მოიქცა ფონდი „ქართუ“ აბრეშუმის ქარხნისა და ლაგუნა ვერეს შემთხვევაშიც. შვილობილი კომპანიის შპს „კოსტავა 69“-ის სახელით კუთვნილ მიწაზე ჯერ ცათამბჯენების მშენებლობის ნებართვა მოითხოვა, შემდეგ კი გაასხვისა. გარიგების ღირებულება 80 მილიონი დოლარი იყო.

ახლა ტერიტორიის მფლობელი 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანია შპს „ნეო სითი დეველოპმენტია“. კომპანიის დირექტორია ტარიელ გაბუნია, ხოლო კომპანიის 100% წილის მფლობელი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, 2003-2004 წლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე მარიკა ვერულაშვილი.

ფონდმა „ქართუმ“ ამ გარიგების შემდეგ იპოდრომის ტყის 8 ჰექტარიც გაყიდა, 85 მილიონ დოლარად. ტერიტორის ახალი მფლობელი „ვისოლ ჯგუფთან” დაკავშირებულ შპს „ცენტრალ პარკ ავენიუა“.

კომპანია 2023 წლის 22 სექტემბერს იპოდრომის ტერიტორიის ყიდვამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა. მისი დირექტორი, ვასილ ფხაკაძე, ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის ძმისშვილია. ვასილ ფხაკაძე მართავს „ვისოლ ჯგუფის“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფს“.

კრიტიკა

„ქველმოქმედების საფარქვეშ ივანიშვილი უძრავი ქონების გაყიდვით ფულს შოულობს“, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი საკრებულოში ნინო წულაძე. მას ეთანხმება დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლილე ლიპარტელიანი. მათ ისანში დასახლების მშენებლობის პროექტს მხარი არ დაუჭირეს.

ლილე ლიპარტელიანისთვის პროექტი მიუღებელია როგორც პოლიტიკური, ისე ურბანული თვალსაზრისით. ის შიშობს, რომ ისანში დაგეგმილი მშენებლობა „სატრანსპორტო ნაკადების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს“.

ამასთან, პროექტით გათვალისწინებული ზოგიერთი საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლე და ფართობი საპროექტო ტერიტორიაზე გენგეგმით განსაზღვრულ სამშენებლო მასშტაბებს აღემატება.

„ბევრი პროექტი დავამტკიცეთ მსგავსი მასშტაბის და შინაარსის, ოპოზიციას ისინი არ გაუკრიტიკებია, ეს მაფიქრებინებს, რომ არა ქალაქის, არამედ პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ, მთავარია სადმე ივანიშვილის სახელი და გვარი იყოს ნახსენები და უკვე უსაფუძვლო თავდასხმის ტალღა მოდის“, - ამბობს რეზი სოხაძე, ურბანული კომისიის თავმჯდომარე და პროექტის მშენებლობის სარგებელს ჩამოთვლის: ახალი სამუშაო ადგილები და მიტოვებული ტერიტორიის განვითარება.

თბილისის საკრებულოში ისანში დაგეგმილ მასშტაბურ მშენებლობას კიდევ ერთხელ მაშინ მიუბრუნდებიან, როცა ინვესტორი დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს განაშენიანების რეგულირების გეგმას წარუდგენს. ამ ეტაპზე პროექტს, წესით, უკვე უნდა ახლდეს სატრანსპორტო კვლევაც. ამასთან, შპს „ელიტა ბურჯს“ დაავალეს, დოკუმენტებს დაურთოს იმ კერძო პირების თანხმობა და მორიგების დოკუმენტები, რომელსაც ახალი დასახლების მშენებლობა რაიმე ფორმით შეიძლება შეეხოს.

სამშენებლო ტერიტორიის გვერდით კერძო სახლებია აშენებული. დასახლება ქარხანას მთელ ფართობზე მიუყვება.
სამშენებლო ტერიტორიის გვერდით კერძო სახლებია აშენებული. დასახლება ქარხანას მთელ ფართობზე მიუყვება.

ნანი ასლამაზიშვილს, რომელიც ყოფილი ფაბრიკის გვერდით ცხოვრობს და უბნის მაღაზიაში მუშაობს, აინტერესებს, რა ბედი ეწევა მის საცხოვრებელ სახლს. პროექტის მიხედვით, ამ ადგილას შესაძლოა გზის გაყვანა გახდეს საჭირო. იგივე კითხვები აქვს ყველას, ვინც სამშენებლო ტერიტორიის გვერდით კერძო სახლებში ცხოვრობს. მათთან ჯერჯერობით თბილისის მერიიდან ვითარების ასახსნელად არავინ მისულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG