Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზოლაციის შიში თუ სტრატეგიული პარტნიორობა?


23 აგვისტოს, კიევში გაიმართა ყირიმის პლატფორმის პირველი სამიტი, რომელშიც 47 სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა მონაწილეობდა. სამიტზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. „მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც:

  • უნდა შეიქმნას ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა, როგორც საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატი, რომლის მიზანია რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებითი ოკუპაციის მშვიდობიანად დასრულება და უკრაინის კონტროლის აღდგენა ამ ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით;
  • უნდა გაგრძელდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის არაღიარების პოლიტიკა;
  • უნდა განიხილონ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით შემდგომი პოლიტიკური, დიპლომატიური და შემზღუდველი ზომების დანერგვა, თუ ეს გათვალისწინებულია პლატფორმის თითოეული მონაწილის სამართლებრივი სისტემით და თუ ამას მოითხოვს რუსეთის ქმედებები;
  • უნდა დაუპირისპირდნენ ახალ გამოწვევებს, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომლებიც მუდმივად იცვლება ყირიმის მიმდინარე მილიტარიზაციის გამო;
  • უნდა შეასრულოს რუსეთის ფედერაციამ თავისი ვალდებულებები როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონისა და სხვა მოქმედი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის მკვიდრთა უფლებების ხელყოფა და უზრუნველყოს ყირიმზე სრული და შეუფერხებელი წვდომა.

ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, კონსტრუქციულად ჩაერთოს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებითი ოკუპაციის დასრულებას.

ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნა
ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნა

„ყირიმის პლატფორმა” უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შექმნილი ფორუმია, რომელიც აერთიანებს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ძალისხმევას და წარმოადგენს „საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმს ყირიმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დასაბრუნებლად“.

რა თქვა ღარიბაშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, პარალელი გაავლო საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი პრობლემებისა და გამოწვევების მსგავსებაზე:

„13 წლის წინ, რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, რომლის დროსაც ასობით სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა, ათობით ქართული სოფელი ცეცხლში დაიფერფლა და განადგურდა, რითაც ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა აგორდა და ასობით ათასი ეთნიკურად ქართველი სახლებიდან განიდევნა... მოგვიანებით, 2014 წელს, უკრაინამაც იგივე ბედი გაიზიარა. ჩვენ გავხდით რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის მომსწრენი, რომელიც სამშვიდობო პროცესების შერყევისკენ, ადგილზე უსაფრთხოების დესტაბილიზაციისკენ, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ტვირთის დამძიმებისკენ არის მიმართული“.

ირაკლი ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე
ირაკლი ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოუგვარებელი კონფლიქტები ბნელ სურათს უქმნის რეგიონის ქვეყნებს, ხოლო მთელ ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ძირს უთხრის.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებისას, უფრო ძლიერი პოზიცია უნდა გვეჭიროს უკანონო ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის მიმართ. რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების გარეშე, დასავლეთს აუცილებლად მოუწევს დესტაბილიზაციის მზარდ წყაროებთან პირისპირ შეხება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თქმითაც, ყირიმის პლატფორმის შექმნა საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი საშინელებების შესახებ საუბრის შესაძლებლობას იძლევა:

„მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა! ...უსაფრთხოების სფეროში არსებული რისკების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა განაგრძობენ სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენი ხალხის წინაშე და ამ გზას მყარად ვადგავართ. პარალელურად, დემოკრატიული რეფორმების ცალსახა კონსოლიდაციისკენ მივდივართ, მდგრადი ეკონომიკური განვითარებით, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებით. რაც უნდა ეცადონ ოპონენტები ჩვენი განვითარების შეფერხებას, ჩვენ უფრო მეტად შევუტევთ“.

ირაკლი ღარიბაშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი
ირაკლი ღარიბაშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ „ყირიმის პლატფორმა“ მნიშვნელოვან ტრიბუნად იქცევა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები მხარს დაუჭერენ და ხანგრძლივი ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ.

„ერთობლივი ძალისხმევით და სტრატეგიული მიდგომით, ჩვენ შევძლებთ შავი ზღვის რეგიონის შესაძლებლობების რეგიონად გარდაქმნას, სადაც ეკონომიკა აყვავდება და ხალხი კეთილდღეობას იგრძნობს“.

ირაკლი ღარიბაშვილის გარდა საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

საქართველო და ყირიმის პლატფორმა

საქართველო ყირიმის პლატფორმას შედარებით გვიან შეუერთდა. პირველადი განცხადება ორი თვის წინ უკრაინაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს აფიქრებინებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უკრაინის მიმართულებით შედარებით უფრო დინამიკური გახდა.

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

„ცვლილება სახეზეა, რადგან, როცა ყირიმის პლატფორმა შეიქმნა, საქართველო არ იყო დამფუძნებლებს შორის. როგორც ჩანს, მაშინ თბილისმა თავი შეიკავა ამგვარი ნაბიჯის გადადგმისგან, არა და, შეთავაზება აუცილებლად იქნებოდა, ჩვენც ხომ ზუსტად იგივე პრობლემები გვაქვს, რაც უკრაინას, შესაბამისად, ჩვენს ინტერესებშია ასეთი პლატფორმის არსებობა. ახლა კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩავიდა უკრაინაში, მონაწილეობა მიიღო ყირიმის პლატფორმის სამიტში და მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გამართა უკრაინის უმაღლეს პირებთან. ამასთან, ღარიბაშვილმა თან იახლა თავდაცვის მინისტრი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ღრმავდება ურთიერთობები თავდაცვის სფეროში და, შესაბამისად, ღრმავდება ქვეყნების დაახლოება და პარტნიორობა“.

ცვლილება სახეზეა, რადგან, როცა ყირიმის პლატფორმა შეიქმნა, საქართველო არ იყო დამფუძნებლებს შორის
კახა გოგოლაშვილი

საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, ბოლო წლების განმავლობაში, შინაარსისგან დაცლილ ფრაზად იქცა.

„საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა, მათ შორის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთო ინტერესები, ჩაგდებული იყო საქართველოს ხელისუფლების სრულიად შეგნებული პოლიტიკის შედეგად, - ამბობს საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში, გიორგი ბადრიძე, - ეს იყო უკრაინისგან დისტანცირება მაიდნიდან მოყოლებული... ლაპარაკი იმაზე, რომ ეს გამოიწვია სააკაშვილის ფაქტორმა, უბრალოდ ეწინააღმდეგება მოვლენათა თანმიმდევრობას, ქრონოლოგიას. ჯერ იყო მაიდანი და დისტანცირება უკრაინისგან, შემდეგ გაჩნდა უკრაინაში სააკაშვილი“.

გიორგი ბადრიძე
გიორგი ბადრიძე

უკრაინასთან, როგორც „სტრატეგიულ პარტნიორთან“, ურთიერთობების გაფუჭება სრულად ეწერებოდა „ქართული ოცნების“ მიერ წამოყენებულ „რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკაში“.

შეიძლება თუ არა, ყირიმის პლატფორმასთან შეერთება და 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, მივიჩნიოთ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკიდან გადახვევის ნიშნად?

გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ მიესალმება საქართველოს ურთიერთობის გააქტიურებას სტრატეგიულ პარტნიორთან, მაგრამ, მისი თქმით, ჯერჯერობით ჩანს მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯები, პროტოკოლური შეხვედრები და არა ღრმა და სერიოზული თანამშრომლობა თუნდაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

უკრაინისგან დისტანცირება და უკრაინის გამო რუსეთზე დაკისრებულ სანქციებში საქართველოს საკითხის შეტანის იდეის უარყოფა „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის გენერალური ხაზის მნიშვნელოვან ნაწილად მიაჩნია პოლიტოლოგსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, გიორგი კანდელაკს, რომლის თქმითაც, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ 9 წელია, კიევში საქართველოს არც ერთი პრემიერი არ ჩასულა ორმხრივ ფორმატში.

„რა შეიცვალა ახლა? ნიშნავს თუ არა ორმხრივი ვიზიტი ამ მცდარი პოლიტიკის გადახედვას და საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთზე დასავლეთის ზეწოლის გასაძლიერებლად ერთ გუნდად გამოსვლის სურვილს?“ - კითხულობს გიორგი კანდელაკი.

„ამ კითხვაზე პასუხი, სამწუხაროდ, ერთმნიშვნელოვანია: „არა“ - ამბობს ის, -„ღარიბაშვილის კიევში ვიზიტი იძულებითია და საერთოდ არ შედგებოდა, რომ არ მომხდარიყო მისი სრული საერთაშორისო იზოლაცია 5 ივლისის, განსაკუთრებით კი ბალტიის ქვეყნებში მისი ვიზიტის დაბლოკვის შემდეგ“.

გიორგი კანდელაკი
გიორგი კანდელაკი
ღარიბაშვილის კიევში ვიზიტი იძულებითია და საერთოდ არ შედგებოდა, რომ არ მომხდარიყო მისი სრული საერთაშორისო იზოლაცია 5 ივლისის
გიორგი კანდელაკი

გიორგი ბადრიძეც ვარაუდობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტს ბიძგი მისცეს გარე ფაქტორებმა:

„შესაძლოა, ეს იყო ღია გზავნილები შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან, რომელიც ღიად აყენებს ეჭვქვეშ ჩვენი ქვეყნის პროდასავლურ კურსს. მიუხედავად დასავლეთის კურსთან შეუთავსებელი ქმედებებისა, საქართველოს ამ ხელისუფლებას არ სურს დასავლეთთან დაკავშირებული ფინანსური და სხვა სახის სიკეთეების დაკარგვა“.

კახა გოგოლაშვილის თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინასთან, მოლდოვასა და მთლიანად ევროპულ სივრცესთან ღრმა თანამშრომლობის გარეშე, საქართველო ვერც რუსეთთან გადაჭრის თავის პრობლემებს და ვერც დასავლეთსა და რუსეთს შორის უბრალო ბალანსირებით მიაღწევს მიზანს, რისი კარგი მაგალითიც ბელარუსია.

„უკრაინის ეს გამოცდილება, როცა 50-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ჩართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გადაჭრის ძალისხმევაში, უაღრესად მნიშვნელოვანი უნდა იყოს საქართველოსთვის, - ამბობს კახა გოგოლაშვილი, - საქართველოს შემთხვევაში არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება ასეთივე დიდი ინტერესის მობილიზება, მაგრამ ასეთი ძალისხმევა აუცილებლად უნდა იყოს, რათა ეს საკითხი დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში“.

რა სარგებელი აქვს საქართველოს ამ ფორუმში მონაწილეობით?

კითხვის პასუხად კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ მარტო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ცნობა საკმარისი არ არის:

„აქტიურ ღონისძიებებშიც გვერდში უნდა დაუდგე და აჩვენო მსოფლიოს, რომ საქართველო სადღაც შუაში კი არ დგას უკრაინასა და რუსეთს შორის, არამედ უნარიანის გვერდშია. როგორც ეპყრობი სხვებს და როგორ სცემ პატივს, ისე მოგეპყრობიან და გცემენ პატივს შენც. ასეა საერთაშორისო პოლიტიკაშიც. თუ დაინახავს უკრაინა, რომ საქართველო მყარად დგას მის გვერდში და ყველანაირად უჭერს მხარს მის ძალისხმევას, დაიბრუნოს ყირიმი, მაშინ უკრაინაც გვერდში დაუდგება საქართველოს, როცა მას დასჭირდება ასეთივე ფორუმის მოწვევა და ამას არა მარტო უკრაინა, არამედ ის ქვეყნებიც გააკეთებენ, რომლებიც დღეს გვერდში უდგანან უკრაინას. თუ ამგვარი მხარდაჭერის დემონსტრირება არ მოვახდინეთ ხშირად, მაშინ ჩვენს საკითხსაც იოლად დაივიწყებენ“.

სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი
სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი

გიორგი კანდელაკიც ამბობს, რომ საქართველოსთან ერთად პოზიციონირება უკრაინასაც ძალიან სჭირდება, რის გამოც კიევი ასეთ ვიზიტზე უარს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იტყოდა,

„მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვიზიტი არ მოასწავებს უკრაინასთან ერთად არც ერთ გუნდად გამოსვლას, არც დასავლურ სანქციებში ჩვენი საკითხის უკრაინის საკითხთან პაკეტად შესვლის სურვილს და არც ნატოში გაწევრიანების კონტექსტში თანამშრომლობას“, - ამბობს გიორგი კანდელაკი.

ყირიმის პლატფორმის სამიტს ანტირუსული და უკიდურესად არამეგობრული ღონისძიება უწოდა ოფიციალურმა მოსკოვმა.

„ჩვენ აღნიშნული ღონისძიება მიგვაჩნია როგორც ჩვენი ქვეყნისადმი უკიდურესად არამეგობრული, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი განცხადებები რუსული რეგიონის, ყირიმის მიმართ. ამ მხრივ, ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად ცალსახაა, როგორც ანტირუსული ღონისძიებისადმი“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მიერ მიღებული დეკლარაციის კომენტირებისას.

დმიტრი პესკოვი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი
დმიტრი პესკოვი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG