Accessibility links

site logo site logo

ისტორიის ნაგვის ბუნკერი


რუსული რევოლუცია - მითია.

რუსეთში ყოველთვის ელიტები ცვლიდნენ არსებულ რეალობას და მასა post faqtum ერგებოდა ახალ სინამდვილეს.

ისტორიულ ცვლილებებს რუსი ერი უმეტესად იმ დაბნეული მდგომარეობით ხვდებოდა, როგორც ეს პუშკინმა აღწერა "ბორის გოდუნოვში": მდუმარებით. Народ Безмолвствует.

ამ ერს ლეთარგიული ძილით სძინავს და მას ყოველთვის დიდ და სისხლიან ფასს ახდევინებენ გამოღვიძების მცირე მცდელობისასაც კი.

რუსეთში ცვლილება ყოველთვის სასახლის კარზე ხდებოდა - ოფიციალური ისტორიის "კულისებში", საძინებელ ოთახებში თუ აგარაკებზე. როცა ელიტა აცნობიერებდა, რომ ხელმძღვანელი უკვე მათვე უქმნიდა ეგზისტენციალურ საფრთხეს.

გაგიჟებულ იმპერატორ პავლეს საძინებელში შეუვარდნენ და სათუთუნე ჩაარტყეს საფეთქელში, მერე კი მოგუდეს კიდეც. შვილის უსიტყვო თანხმობით.

ნიკოლაი პირველი არ მოუკლავთ, მაგრამ მან სავარაუდოდ თავად მოისწრაფა სიცოცხლე ყირიმში სამარცხვინო მარცხის გაცნობიერების შემდეგ - მასზე გაავებული და მისი ახირების ვერამხსნელი არისტოკრატიის შიშით.

ალექსანდრე მეორე ბომბით ააფეთქეს "სახალხო ნების" ტერორისტებმა.

ნიკოლაი მეორე მენშევიკების გადატრიალებას გადაჰყვა - პირველ მსოფლიო ომში მარცხის პირობებში. ბოლშევიკებმა კი ცოლ-შვილებიანად დახვრიტეს ინჟინერ იპატიევის სახლის სარდაფში. გვამების ნარჩენები კი მიტოვებულ შახტში ჩაყარეს.

ლენინს ფანი კაპლანმა ესროლა 1918 წელს, ხოლო დამბლადაცემულს, უკვე სტალინმა შეუქმნა ყველანაირი პირობა, რომ მას რაც შეიძლება მალე ეგრძნო თავი უსარგებლოდ, კრუპსკაიას პროტესტს კი ერთგულმა კობამ განაჩენად ქცეული გინებით უპასუხა - კიდევ იწუწუნებ და ლენინს სხვა ცოლს დავუნიშნავთო.

თავად სტალინს სისხლი ჩაექცა და ლავრენტი ბერიამ მასთან მიახლოება აუკრძალა ჩეკისტებს - სძინავს, ისვენებსო. ამ დროს, ის მთელი ღამე ჩაფსმული იწვა იატაკზე. ბერიამ მას სიკვდილი აცალა... თუ უფრო მეტი არა. რადგან ან ბერია და პოლიტბიუროს ძველი წევრები უნდა გადარჩენილიყვნენ, ან სულმღაფავი სტალინი. სტალინი ვერ გადარჩა.

სახელმწიფოს ფაქტობრივ მმართველად ბერია იქცა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე თვით, ამჯერად ის უვნებელმა და სასაცილო ხრუშჩოვმა გაანადგურა სამხედროების მეშვეობით. ერთი ვერსიით, ის მალენკოვთან თათბირის დროს დააკავეს მარშალი ჟუკოვის მეთაურობით, მეორე ვერსიით სახლშივე მოკლეს, ხალიჩაში გაახვიეს და იქვე დაწვეს, ეზოში.

ხრუშჩოვი არ მოუკლავთ, რადგან სსრკ შედარებით ვეგეტარიანულ სისტემად იქცა. მას შიდა გადატრიალება მოუწყვეს და აგარაკზე გამოკეტეს უსარგებლო ტყვე-პენსიონერად.

გორბაჩოვი კი გადაურჩა სიკვდილს კუნძულ ფაროსზე ("გეკაჩეპეს" წარუმატებელი პუტჩის დროს), მაგრამ ელცინმა სულ მოკლე ხანში გამოაცალა ძალაუფლება - სსრკ-სთან ერთად.

ელცინი დეგრადირდა და დაუძლურდა, წასვლის წინ კი მსოფლიოს ოცდამეერთე საუკუნის წყევლად დაუტოვა კაგებეს ახალგაზრდა ოფიცერი, რომელიც ახლა, 22 წლის შემდეგ, უკრაინას და დასავლეთს ეომება, სავარაუდოდ, სადღაც ურალში, ბუნკერში ჩამალულა ადოლფ ჰიტლერის მსგავსად და ატომური ბომბით აშანტაჟებს სამყაროს.

როგორც ამბობენ, "ელიტები" შიშობენ, რომ ის შეურაცხადია...

სტალინს 5 მარტს "აცალეს" სიკვდილი.

ახლაც მარტია.

და საინტერესოა, რომელიმე "ბერია" თუ მიდი-მოდის ბუნკერის მახლობლად?!

რუსი ერი ისევ გარინდებულია. ის მხოლოდ მაშინ შეიგრძნობს ცვლილებას, როცა პროპაგანდისტულ არხებზე ჩაიკოვსკის "გედების ტბა" აჟღერდება პრიგოჟინის ბოტების ფაბრიკის გოდების ფონზე - როგორც წესი, ამ ბალეტს უშვებდნენ, როცა ისტორია იცვლებოდა სასახლის (ბუნკერის) კარზე...

ისტორიის ნაგვის ბუნკერში ჩასულ დიქტატორებს, ჩვეულებრივ, ძალიან უჭირთ უკან ამოსვლა.

ისტორიის ნაგვის ბუნკერი | ლაშა ბუღაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:33 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG