Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ის გადასასვლელი ძალიან კარგი გადასასვლელია! (და მორჩეს წუწუნი!)


მას შემდეგ, რაც მესამე მძღოლმა შემომჩივლა, „აქ ეს რამ გააკეთებინათ, რას ფიქრობდნენო“, მივხვდი, რომ ხმალი უნდა ავლესოთ და ყოველ მოპოვებულ გოჯს ჯაჭვის პერანგი უნდა შემოვაქსოვოთ. თორემ, „მათი“ ხმა უფრო ხმამაღლა ისმის და თუ დასაცავი არ დავიცავით, არავინ გაგვიკეთებს რუსთაველზე შუქნიშნებს.

ო, პირველი რესპუბლიკის მოედნის წინ ახლად გაკეთებულო გადასასვლელო, ოქროსფერი ხარ, საოცრება! როგორ გიხდება კუსკუსა შუქნიშანი!

ბოლო სამი თუ რამდენი კვირაცაა სახლიდან სამსახურშიც სულ სხვა ეშხით და ლაზათით მივდივარ და უკანაც - სულ სხვა ხალისით ვბრუნდები. აღარ მიწევს მარშრუტის ჯერ კიდევ ფილარმონიასთან დაგეგმვა - რომ, აი, უნდა კოსტავაზე, „რუმსის“ წინ მიწისქვეშათი გადავიდე, მერე ახვლედიანით ვიარო, რომ იმ წყეულ მორდორს ავცდე, სადაც ფსლის და ნარწყევის სუნს გვერდით „ხინკლის სახლიდან“ გამომავალი ყროლი ერწყმის. მანდ თავმოყვარე ადამიანი არ ჩავა.

არადა, იქნებ ზემელზე გაქვს საქმე? ყავა გინდა, ან ნაყინი? ან, იქნებ უკვე მანდა ხარ, ავტობუსიდან ჩამოხვედი და „სმარტში“ უნდა შეიარო? მაშინ, ან ღირსება უნდა აიყარო და სუნიან ქვესკნელში ჩახვიდე. ან, თუ საღამოსკენაა, რესპუბლიკის მოედანზე ზემოდან გადაირბინო. რაც, ვის არ გვიქნია?

აქამდე გაბატონებული მოსაზრება იყო, რომ პრობლემას ამ მიწისქვეშა გადასასვლელის ხშირი დასუფთავებით და კონტროლით ეშველებოდა. რაც, ცხადია, აბსურდია. ვინაა მაგის გამაკონტროლებელი. რა, მანდ ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვიღაც საწყალმა პოლიციელმა უნდა აბირჟავოს, ნამდვილი პოლიციური საქმის კეთების ნაცვლად? და უყუროს, ვინმემ რომ არ მოფსას? რა სისულელეა! თან, თუ გვერდზე არსებული არაერთი ბორდელიდან მთვრალი ტურისტი ამოვა და გული აერევა (რაც, როგორც ჩანს, დღეში რამდენჯერმე ხდება), რას უზამს? მაქსიმუმ, შუბლი დაუჭიროს - არა?

უი, ტურისტებზე გამახსენდა - „რადისონ ბლუ ივერიაში“ არაერთი საპატიო სტუმარი ჩერდება. რას ეუბნება ქალაქი მათ - თუ ორმაგი ჩიზბურგერი მოგინდა, ან ფსლიანი ბორდელი უნდა გაიარო, ან აწყვეტილ მანქანებს შეუვარდეო?

ჩემმა მეგობარმა ნახა, როგორ მიათრევდა შარლოტა გინზბურგი მაგ გადასასვლელში ბავშვიან ეტლს დარწყეულ კიბეებზე. არ ვიცი, რამდენად მოგწონთ ან მისი შესრულებული როლები, ან სიმღერები, მაგრამ, დამეთანხმებით, იმდენი დამსახურება კი აქვს მაგ ქალს, რომ ეგ სირცხვილის გზა არ გაიაროს.

ან, კაი, არ გიყვარს შარლოტა. ვინიცობაა, სერჟმა აწყენინა თავის დროზე ბიძაშენს და მას შემდეგ მთელი ოჯახი გძულს. ჩვენს დედებს ხომ მაინც არ უნდა ვათრევინოთ მანდ ეტლი. ან, რავი, ეტლით მოსარგებლეები არ გავწიროთ. ან უკბილო ბებოები, ორივე ხელში მძიმე პარკი რომ უჭირავთ და ჯიქურ უვარდებიან მანქანების ნაკადს.

მოკლედ, რად უნდა მაგას ამდენი ბაზარ-ვაგზალი? მანდ რომ შუქნიშანი უნდა იდგეს, არის ფაქტი! წყალი რომ არ გაუვა! სტოპრო! ნოუ დაუთ! დონთ სფიქ!

მაშ, რა მაწერინებს ამდენს? რა და, ყველა მძღოლი, ვინც მანდ ორი წამით შეყოვნდება, მოთქვამს - „მე ამის აქ დამდგმელის ასე და ისეო! რა საჭირო იყოო“.

მძღოლები ფეხით მოსიარულეებისთვის მოპოვებულ ყოველ მეტრს უტევენ. არაფრის დათმობა სურთ და ყველაფერზე წუწუნებენ.

აი, მანდვე, „სმარტის“ უკან პარკინგია, სადაც ყოველთვისაა ადგილი. მაგრამ იქ გაჩერება არავის უნდა - მაინცდამაინც შესასვლელთან უნდა შემოაჭრას. ფართო ტროტუარია. ჩემი შვილი საყვარლად მოაქროლებს ხოლმე თვითგორიას. თუმცა, ზურაბ წერეთლის მუზეუმიდან მოყოლებული ვარდების რევოლუციის მოედნამდე, ხელს ვერ ვუშვებთ - ხან „ჯუილში“ მოსული მანქანა მობობღავს, ხან „ბილტმორის“ სტუმარი, ხან „სმარტის“ კლიენტი, ხან კი, ალბათ, ისე, საგულაოდ ამოსული ავტო.

ეგ რომ შეიზღუდება, ათასი მძღოლი დაიწყებს წუწუნს - აბა, მანქანა მე სად გავაჩეროო. ფეხით სიარული მომიწევსო. შენ რომ გზაზე გიწევს ჩასვლა, ეგ არაფერიო. იმიტომ, რომ, აბა, მე სად გავაჩეროო.

მაგათ კიდევ ინტერნალიზებული ფეხითსიარულეფობები უერთდებიან - მართლა, აბა, რა უყონ მანქანასო. აბა, შუქნიშანზე ხომ არ გაჩერდებიან ხოლმეო. საცობებიოო. ძიალოგიოო...

არავითარი დიალოგი! შემდეგი გაჩერება - რუსთაველის გამზირი. რუსთაველი საგონკაო არ არის. ეს არის ქალაქის მთავარი გამზირი და ის შუქნიშნებით უნდა გადაიპენტოს! ვინც დაიჩივლებს, კეფაში ჩვენი ცხელი სუნთქვა უნდა იგრძნოს! (რაც, ძალიან რთული არ იქნება, ტაქსისტის უკან თუ ვისხდებით და, როცა შუქნიშნებზე დაიჩივლებს, მთელი ძალით ჩავისუნთქავთ და დაგროვილ ჰაერს კეფაში მივასუნთქავთ.)

No shuknishan, no peace!

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG