Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი და მშობლიური ენა


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

რამზან კადიროვმა ნოემბრის დასაწყისში პირობა დადო, რომ „თავისი გუნდიდან გარიცხავს“ იმ ჩინოვნიკებს, რომელთა შვილებმა არ იციან ჩეჩნური ენა.

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურმა სამსახურმა შეისწავლა, თუ როგორ იყენებს ჩეჩნეთის რუსული ადმინისტრაციის მეთაური ენას პოლიტიკური მიზნებისთვის და რამდენად კარგად ფლობს თვითონ მშობლიურ ჩეჩნურს.

პოლიტიკური კარიერის დასაწყისში რამზან კადიროვი თავს ჩეჩნური ენის, კულტურისა და წეს-ჩვეულებების მცველად წარმოაჩენდა, რაც ქმნიდა ილუზიას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა თვითგამორკვევის შესაძლებლობა. როგორც საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს ჯერ კიდევ 2015 წელს, კრემლის მხარდაჭერითა და ნაციონალიზმის (ტრადიციონალიზმის) დახმარებით, კადიროვმა ჩეჩნეთი აქცია თითქმის დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად საკუთარი იდეოლოგიით, რელიგიის პოლიტიკით, ძალოვანი უწყებებით, ეკონომიკითა და სამართლებრივი რეჟიმით.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როცა კადიროვმა შესთავაზა კრემლს ჩაენაცვლებინათ ისლამიზაცია ჩეჩნური ნაციონალიზმით, რაც მთლიანობაში წარმატებით განხორციელდა კიდეც. ახლა, როცა, როგორც ჩანს, რაღაც რთული ვითარება შეიქმნა, კადიროვი კვლავ აგორებს ჩეჩნური ნაციონალიზმის ტალღას, მშობლიური ენის ცოდნის მნიშვნელობაზე საუბრით“, - განმარტავს პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი.

პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი
პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი

ენისა და კულტურის შენარჩუნება ჩეჩნებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. კადიროვიც მუდმივად ლავირებს ორ პოლუსს შორის, ამბობს ემილ ასლანი, პრაღის კარლის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

„ერთი პოლუსი "ფედერალურობაა", ანუ რესპუბლიკაში რუსული ენის არსებობის აუცილებლობა. მეორე პოლუსი - ჩეჩნური ენა და მისი შენარჩუნება. ახლა რატომღაც კადიროვმა გადაწყვიტა მეორე პოლუსისკენ გადახრა. თუმცა, ეს სულაც არ შეუშლის ხელს, რომ ერთ თვეში ან წელიწადში სრულიად საპირისპირო განცხადება გააკეთოს“, - აღნიშნავს ემილ ასლანი.

კადიროვის მეტყველება

2022 წლის შემოდგომაზე რამზან კადიროვმა გამართა შეხვედრა ჩეჩნური ენის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საკითხზე, სადაც გამოაცხადა, რომ ჩეჩნების მშობლიური ენა გადაშენების პირას მყოფ ენათა შორისაა. „ჩვენ უნდა დავდგათ თოჯინების სპექტაკლები ჩეჩნურ ენაზე, გავაკეთოთ მულტფილმები... ოჯახებშიც კომუნიკაციის მთავარი ენა უნდა იყოს მშობლიური“, - თქვა მაშინ ჩეჩნეთის მეთაურმა.

„იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ფლობს მშობლიურ ენას თავად კადიროვი, არსებობს ორი მოსაზრება“, - აღნიშნა ამერიკელმა მწერალმა და ჟურნალისტმა ჯონათან ლიტელმა ჯერ კიდევ 2009 წელს დაწერილ წიგნში „ჩეჩნეთი. წელი მესამე“, - კადიროვი საუბრობს ჩეჩნურად ღრმა და მჭექარე ხმით, რასაც თან ახლავს ძლიერი ჟესტიკულაცია [...] მე არ შემიძლია მისი ჩეჩნურის ავ-კარგის განსჯა; როგორც მითხრეს, ჩეჩენი მწერალი გერმან სადულაევი მის მეტყველებას უწოდებს ძალიან გასაგებსა და ლიტერატურულს, თუმცა სხვები ამტკიცებენ, რომ პირიქით, მისი ჩეჩნური ისეთივე შეზღუდულია, როგორც მისი რუსული, რომელიც (ერთი მეგობრის სიტყვებით) არა მხოლოდ ღარიბია, არამედ სავსეა უხეში გრამატიკული შეცდომებით, რასაც მეც ვადასტურებ“.

ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ჯონათან ლიტელი
ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ჯონათან ლიტელი

ევროპაში დაფუძნებული ჩეჩნური პოლიტიკური ორგანიზაციის „ერთიანი ძალის“ ხელმძღვანელი, ლინგვისტი ჯამბულატ სულეიმანოვი რამზან კადიროვის მეტყველების შეფასებისას, მეორე მოსაზრებისკენ - ღარიბი ლექსიკისკენ იხრება.

„იქნებ სადულაევი გულისხმობდა იმას, რომ კადიროვი ხალხურ ენაზე ლაპარაკობს? მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი შეუძლებელია დაეთანხმო მას. ხალხური ჩეჩნური ენა ძალიან მდიდარია, მას აქვს ბევრი ლამაზი და ღრმა შინაარსის მქონე მეტყველების ნიმუშები და მეტაფორები, რისგანაც სრულიადაა დაცლილი კადიროვის მეტყველება”, - ამბობს ჯამბულატ სულეიმანოვი. მას ეთანხმება ჩეჩნური ენისა და კულტურის მკვლევარი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა:

„ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ რადგან კადიროვი ცუდად ლაპარაკობს რუსულად, მისი ჩეჩნური კარგი თუ არა, ცუდი მაინც არ იქნება. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. მისი ჩეჩნური უხეში და ხისტია, ის ყლაპავს დაბოლოებებს. გარდა ამისა, კადიროვს აქვს მწირი ლექსიკური მარაგი; უადგილოდ იყენებს ეპითეტებსა და შედარებებს მიმიკისა და ექსპრესიულობის თანხლებით. რომ აღარაფერი ვთქვათ პარაზიტულ სიტყვებზე, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა გამოთქმა „დონ“, რომელიც მემად იქცა. სინამდვილეში კადიროვის ნათქვამი „დონ“ ორიგინალში გამოითქმის როგორც „დუიჰ ჰუნ“, რაც მის მეტყველებას უსიამოვნოსა და ზოგჯერ ამაზრზენს ხდის“.

ლინგვისტი ჯამბულატ სულეიმანოვი
ლინგვისტი ჯამბულატ სულეიმანოვი

ჯამბულატ სულეიმანოვის თქმით, კადიროვის მეტყველებას ასევე აკლია სოფლის (ან ხალხური) ენის სიმდიდრე.

ენათა ბალანსი

2017 წელს რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ორი ძირითადი ენაა - რუსული და ჩეჩნური. მისი თქმით, რუსულის სწავლა რეგიონის მცხოვრებთა უფლებაა, ხოლო ჩეჩნურის ცოდნა - ვალდებულება. და ეს მაშინ, როცა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დღემდე არაა თუნდაც ერთი ისეთი სკოლა, სადაც განათლება მთლიანად ჩეჩნურად მიმდინარეობს.

2018 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულმა კანონმა მშობლიური ენების შესწავლის შესახებ დიდი რეზონანსი გამოიწვია რუსეთის რეგიონებში.

კანონის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკების სახელმწიფო ენების სწავლება ხორციელდება ნებაყოფლობით, ხოლო მშობლიური ენებისა - მოსწავლეებისა და მათი მშობლების მოთხოვნით. მაშინ ბევრმა ჩრდილოკავკასიელმა აქტივისტმა და რეგიონულმა ლიდერმა ღიად გამოხატა უთანხმოება დეპუტატების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რამზან კადიროვს მშობლიური ენების სავალდებულო შესწავლის გაუქმების სკანდალური კანონი არ გაუკრიტიკებია.

ვლადიმირ პუტინი და რამზან კადიროვი შეხვედრეაზე კრემლში
ვლადიმირ პუტინი და რამზან კადიროვი შეხვედრეაზე კრემლში

„ვხედავ, რომ არავითარი დაბრკოლება არ ექმნებათ იმათ, ვისაც სურვილი აქვთ შეისწავლონ მშობლიური ენა“, - განმარტა კადიროვმა და დასძინა, რომ „თუ ვინმეს სურს ენასთან და ხალხთან კავშირის გაწყვეტა, ეს მისი არჩევანია და კანონი არაფერ შუაშია“.

„2019 წელს გროზნოში მიიღეს ეგრეთ წოდებული ჩეჩნური ენის მართლწერის ძირითადი ნორმებისა და წესების კოდექსი, ხოლო 2023 წლის გაზაფხულიდან ჩეჩნეთის სკოლებში დაიწყეს მშობლიური ენის სწავლება "ახალი თაობის" სახელმძღვანელოებით. ამასთან, რესპუბლიკის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლების საერთო დრო არ აღემატება კვირაში ხუთ საათს, რომელთაგან ორი ეთმობა ჩეჩნურ ლიტერატურას“, - განაცხადა რეგიონული საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომელმა ანონიმურობის პირობით.

პოლიტიკური მოტივები

რას შეიძლება უკავშირდებოდეს კადიროვის ახალი განცხადებები ჩეჩნური ენის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ?

პოლიტოლოგ ივან პრეობრაჟენსკის თქმით, კადიროვის მუქარა, „გუნდიდან გარიცხოს“ ის საჯარო მოხელეები, რომელთა შვილებიც ჩეჩნურად არ საუბრობენ, იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ ჩეჩნეთის მეთაური ფედერალურ ცენტრთან ურთიერთობების გადაფასების პროცესშია, ხოლო ადგილობრივი ჩინოვნიკები, რომლებიც მეტისმეტად არიან მოსკოვზე ორიენტირებულნი, ძალიან ძაბავენ და ანერვიულებენ მას.

„როდესაც გავრცელდა ჭორები რამზან კადიროვის ავადმყოფობის ან თუნდაც გარდაცვალების შესახებ, მოსკოვი აქტიურად ურთიერთობდა ჩეჩნეთის ხელმძღვანელობისა და ჩეჩნური დიასპორის ყველა გამოჩენილ წარმომადგენელთან. ამიტომ, ჩეჩნური ენა ახლა კადიროვისთვის საბაბია, ერთგვარი მეტაფორაა, რომლის მეშვეობითაც იგი [ქვეშევრდომებს] ეუბნება, რომ არ შეიძლება ფედერალურ ხელისუფლებასთან პირდაპირი კომუნიკაცია მისი გვერდის ავლით“, - ამბობს პრეობრაჟენსკი, რომლის თქმითაც, ჩეჩნეთი დიდი ხანია დე ფაქტო გასულია ფედერალური დაქვემდებარებიდან, რადგან რეგიონის ხელმძღვანელს მიღებული აქვს შეუზღუდავი და ერთპიროვნული უფლებამოსილება.

თუ ადრე კადიროვი დაკავებული იყო პოტენციური მეტოქეების განადგურებით, ახლა ის დაკავებულია სხვა რამით - იმგვარი ინსტიტუციური საფუძვლის შექმნით, რომელიც საშუალებას მისცემს მას, თვითონ შეარჩიოს მემკვიდრე.

ადამ კადიროვი (შუაში) მორიგი ჯილდოს მიღებისას
ადამ კადიროვი (შუაში) მორიგი ჯილდოს მიღებისას

„15 წლის ვაჟის [ადამის] მრავალი ორდენით დაჯილდოება და 18 წლის ვაჟის [ახმატის] ახალ თანამდებობაზე დანიშვნა ქმნის განცდას, რომ ჩეჩნეთის მეთაური ცდილობს გაიტანოს იმგვარი ცვლილება რუსეთის კანონმდებლობაში, რომელიც მის რომელიმე შვილს ან ახლობელს საშუალებას მისცემს დაიკავოს რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობა, თუკი მას, კადიროვს რამე დაემართება“, - განმარტავს პრეობრაჟენსკი. მისი აზრით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის დანიშვნის უფლების წართმევის მცდელობის პროცესში, კადიროვი იყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, იქნება ეს ჩინოვნიკთა შვილებისთვის მშობლიური ენის ცოდნის მოთხოვნა თუ საკუთარი შვილის „ისლამის გმირად“ გამოცხადება.

  • 2023 წლის განმავლობაში რამზან კადიროვმა, სულ ცოტა, 10 ნათესავი მაინც დანიშნა სახელმწიფო თანამდებობებზე, კადიროვის 15 წლის შვილმა, ადამმაც კი მიიღო მაღალი თანამდებობა. ამის პარალელურად კადიროვის ოჯახის წევრები ადგილობრივი და ფედერალური მნიშვნელობის მედლებითა და ორდენებითაც დაჯილდოვდნენ.
  • 2023 წელს რუსეთის განათლების მინისტრი სერგეი კრავცოვი ჩეჩნეთში ჩავიდა და რამზან კადიროვთან განიხილა ისტორიის განახლებული სახელმძღვანელო, რომლის თავდაპირველ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეპრესირებული ხალხები და ყირიმელი თათრები თანამშრომლობდნენ ნაცისტური გერმანიის ჯარებთან.
  • ჩეჩნეთში ფართოდ არის გავრცელებული კადიროვის, როგორც „წმინდა ყურანის მსახურის“, „ისლამის გმირის“, „წინასწარმეტყველ მუჰამედის სუნის დამცველის“ იმიჯი. ადგილობრივი სახელმწიფო მედიის ცნობით, რესპუბლიკის მეთაურის წყალობით გროზნო იქცა დამაკავშირებელ რგოლად კრემლსა და არაბულ სამყაროს შორის. თუმცა ბოლო დროს კადიროვმა არაბული ქვეყნების ლიდერთა კრიტიკაც დაიწყო.
  • 2017 წელს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი დაამატა მაგნიტსკის სანქციების სიაში. კადიროვს პასუხისმგებლობა ეკისრება რესპუბლიკაში არასამართლებრივი სიკვდილით დასჯის, წამებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევებისათვის. 2022 წლის ივლისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კადიროვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - კვლავ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG