Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალანდია პატიმრობაში რჩება


თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მიხეილ კალანდია, რომლის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ადვოკატი ითხოვდა.

მიხეილ კალანდიას საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გაიმართა. კალანდიას ბრალი დავით სარალიძის მკვლელობაში ედება. ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში ისაუბრა მტკიცებულებებზე, რომელთა გამოკვლევა შემდეგ პროცესებზე მოხდება.

„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ათეულობით წერილობითი მტკიცებულება, ვიდეო ჩანაწერები, სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულება. დაახლოებით 150 მოწმეა დასაკითხი“, - განაცხადა პროკურორმა ბესიკ კვარცხავამ.

ბრალდებულის ადვოკატი ანა კოტეტიშვილი კი ამბობს, რომ ის, რაც სასამართლო სხდომაზე მოისმინეს კალანდიას ბრალეულობის დასამტკიცებლად არ გამოდგება.

„შესავალ სიტყვაში რაც მოვისმინეთ, ეს მიხეილ კალანდიას ბრალეულობას არ ამტკიცებს. არ არის წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომელთაც დაცვის მხარე ამდენი ხანია ითხოვს. ჩვენებები არის, მაგრამ ირიბი ჩვენებები“, - განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ კალანდია შსს-მ 4 ივნისს დააკავა. ის ერთ-ერთია, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეში ფიგურირებს. 2017 წელს არასრულწლოვანებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებას ორი ადამიანი შეეწირა. სასამართლომ უკვე დამნაშავედ ცნო გ.ბ ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში და მას 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, დამნაშავედ ცნეს გ.ჯ დავით სარალიძის ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. მას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG