Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი: ჩემი მოლოდინი არ იყო, რომ ამ შეხვედრის დროს საბოლოო დასკვნებს გავაკეთებდით


„როგორც ვიცით, ევროკავშირის პოზიცია იყო ძალიან ცხადი სერიოზული დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით, რათა შევსებულიყო ის ნაპრალი, რომელიც არსებობს ნდობასა და პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ბოლო 2 კვირაა, ვხედავთ“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო ძალიან ღირსეული განხილვა, რომელშიც სხვადასხვა მხარე იყო ჩართული.

„დღევანდელი ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან სასარგებლო და პატივისაცემი დისკუსია ორ მხარეს შორის.

ჩემი მოლოდინი არ იყო, რომ ჩვენ საბოლოო დასკვნებს გავაკეთებდით ამ შეხვედრის დროს. ამ შემთხვევაში მე რეალისტი არ ვიქნებოდი. ჩემი მოლოდინიც ის იყო, რომ მხარეებს მეტად გაეგოთ ერთმანეთის, თუ რა არის ძირითადი მოთხოვნები და იმედია, ეს შეხვედრა გახსნის სამომავლოდ კარს. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და შეხედულებები ამ დიალოგის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ზედმეტ დეტალებში თუ არ შევალ, ჩემთვის დამაკმაყოფილებელია, რომ დიალოგი შედგა. ვფიქრობ, რომ შეთანხმება დიალოგის გაგრძელებაზე გვაჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზული პროცესი გვაქვს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სასტუმრო „ბილტმორში“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დილის 10 საათიდან დღის 5 საათამდე იმართებოდა და როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, ის შედეგის გარეშე დასრულდა. ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ შეხვედრაზე მათ ოპოზიციისთვის ქუჩაში დარჩენა შეუძლიათ.

შეხვედრაზე განიხილებოდა საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელი“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას ესწრებოდა დიპლომატიური კორპუსი და არ ესწრებოდნენ #სირცხვილიას და სხვა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც საარჩევნო წესის ცვლილებას მოითხოვენ.

ოპოზიციური ერთობის წარმომადგენელმა 30-მდე პარტიამ 29 ნოემბერს ხელი მოაწერა მემორანდუმს იმის დასტურად, რომ მხარს უჭერს ე.წ. გერმანული მოდელის შეჯერებულ პროექტს. პროექტი ახლა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (OSCE/ODHIR) გადაეგზავნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG