Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვასაძე: არ მოვახდენთ პატრულირებას, ვენდობით შინაგან საქმეთა მინისტრს


ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, 18 ივნისიდან აღარ დაიწყება ქუჩების პატრულირება მისი ორგანიზებით შექმნილი სახალხო ლეგიონის მიერ, რომელიც ლგბტ თემისა და "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ არის გამიზნული.

ვერის ბაღში გაკეთებული განცხადების თანახმად, ლევან ვასაძე ენდობა შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის უწყებას, რომ არ დაუშვებენ პრაიდის ჩატარებას თბილისში. ვასაძე მადლიერებას გამოხატავს პირადად შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მოტყუების შემთხვევაში, სახალხო ლეგიონი კვლავაც თავის გეგმას განახორციელებს.

„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს ე.წ. პრაიდის აქციას და აუკრძალა ორგანიზატორებს მისი ჩატარება. მე მინდა მოვუწონო შს სამინისტროს და პირადად ბატონ მინისტრს ეს ბრძნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების გადაწყვეტილება. მე მინდა მადლობა გადავუხადო მას ამისთვის.

თუმცა იმის გამო, რომ ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას, ჩვენ არ მოვდუნდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ... მაგრამ ჩვენ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს, როგორც კეთილი ნების ჟესტს, რათა პატივი ვცეთ ჩვენი სახელმწიფოს ამ უწყებას და გავაუქმებთ გამოცხადებულ პატრულირებას ქუჩებისას, რომელიც უნდა დაწყებული ჩვენს მიერ ხვალ.

ანუ ჩვენ არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ისინი არ დაუშვებენ უმსგავსობის აქციას. მაგრამ ნურავის ნურაფერი ნუ შეეშლება: ჩვენი ჯგუფები შედგენილია, მზადყოფნაშია და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვინმე მოგვატყუებს, ჩვენ დაპირებულს შევასრულებთ“, - განაცხადა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, 17 ივნისს.

სახალხო დამცველთან და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 ივნისს, დღის პირველ ნახევარში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უწყება არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიებს „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასატარებლად. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ეს არ შეეხება სხვა ღონისძიებებს.

„რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებებს, კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მზაობა, რომ გაკეთდება მაქსიმუმი მათი უსაფრთხოების დასაცავად... თუმცა რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია, რომ ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ შს სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.

"თბილისი პრაიდის" პრგანიზატორებს ჯერჯერობით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. მათი განცხადებით, გადაწყვეტილებას ამ საკითხის გარკვეულ ჯგუფებთან განხილვის შემდეგ მიიღებენ.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

„ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც მე უნდა მქონდეს ასეთ დროს? კომბლე გამახსენდა. ეს კომბალი არ მოხვდეს არცერთ გარყვნილ ადამიანს, ქათამს, არასამთავრობოს და არც პოლიციელს, თუ ისინი ცემას არ დაგვიწყებენ, მაგრამ თუ ისინი შეგვდგებიან, თავს არ გაგალახინებთ, გამორიცხულია. მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა. მე ჯვრით მოვალ და ამით ვძლევ" - განაცხადა 16 ივნისს ვასაძემ.

სახალხო ლეგიონის რიგებში 17 ივნისს არაერთი ადამიანი ჩაეწერა. ლეგიონში გაწევრიანებულია ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი დეპუტატი ემზარ კვიციანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

17 ივნისს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილსა და მის შვილს, ალექსანდრე ფალავანდიშვილს გამოკითხვაზე იბარებენ. უწყებები მათ შს სამინისტროს თანამშრომლებმა ვერის ბაღში მიუტანეს. თუმცა მამა-შვილი მათ იქ არ დახვდათ. წინასწარი ინფორმაციით, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები გამოკითხვაზე დაიბარეს ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG