მოსკოვის სასამართლომ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმის წარმოება საქველმოქმედო ფონდისა და ბავშვთა ჰოსპისის, „სახლი შუქურათი“ დამფუძნებლის, ლიდა მონიავას წინააღმდეგ, მიზეზად კი დასახელდა „დანაშაულის შემადგენლობის არარსებობა“. არადა, მანამდე მონიავას პოლიტიკური სიძულვილის მოტივით რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებას ედავებოდნენ.
„ლიდა დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო გაათავისუფლეს“, - განაცხადა ლიდა მონიავას ადვოკატმა მიხაილ ბირიუკოვმა, რომელსაც, მონიავას მხარდამჭერთა ჯგუფის ტელეგრამ-არხის ინფორმაციით, საქმის შეწყვეტის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური აპარატის გამომძიებელმა აცნობა.
„საქმე ჩამოართვეს იმ გამომძიებელს, რომელიც გამოძიებას აწარმოებდა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალურმა აპარატმა კი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ადვოკატმა.
71 წლის მიხაილ ბირიუკოვი რეგულარულად იცავს პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებზე ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეებს. ბირიუკოვი იყო ილია იაშინის, მიხაილ კრიგერისა და გრიგორი მელკონიანცის ადვოკატი. ბირიუკოვი ასევე იცავს პოლიტოლოგ ალექსანდრ კინევს.
როგორ ვითარდებოდა საქმე
2 სექტემბერს ლიდა მონიავა დაკითხვაზე გადაიყვანეს საგამოძიებო კომიტეტში მას შემდეგ, რაც დილით მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. მაშინ ადვოკატმა მიხაილ ბირიუკოვმა გამოცემა „მედიაზონას“ განუცხადა, რომ მის კლიენტზე აღძრული საქმის საფუძველი იყო მონიავას ტელეგრამ-არხზე 2023 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო რუსული რაკეტით ოდესაში დაზიანებულ საცხოვრებელ სახლსა და რუსეთის მიერ უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვაზე.
“უკვე ერთი წელია, ჩემი ქვეყანა უკრაინაში აგზავნის რაკეტებს, ტანკებსა და ჯარისკაცებს. უკვე ერთი წელია, ამის გამო უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. აპრილში, აღდგომის დღეებში, რუსეთმა ოდესისკენ რაკეტები გაუშვა. რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და სამი თვის გოგონა კირა, მისი დედა, ბებია და კიდევ ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. მამა გადარჩა - იმ მომენტში ის მაღაზიაში პასქის საყიდლად იყო გასული. <...> ომმა უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს უზარმაზარი ტრავმა მიაყენა. თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდა, რომ უკრაინისთვის ეს საშინელი ტრავმა ასევე ზრდისა და გაძლიერების წერტილად იქცა. დიდი ტრავმა მიიღეს რუსეთში მცხოვრებმა ადამიანებმაც. სრულიად განსხვავებული ტრავმაა, მათი ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია, მაგრამ ომმა ჩვენი სამყაროც გამოუსწორებლად შეცვალა. როგორ უნდა იცხოვრო, როდესაც შენი ქვეყანა ომს აწარმოებს?“ - დაწერა ლიდა მონიავამ 2023 წლის 24 თებერვალს.
„გამოძიების მონაცემებით, მონიავამ ტელეგრამ-არხში, ყველასთვის ხელმისაწვდომ ღია სივრცეში, სანდო ცნობების სახით, შეგნებულად გაავრცელა ყალბი ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებების შესახებ“, - განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.
სისხლის სამართლის მუხლი, რომლითაც ლიდა მონიავას ბრალი წაუყენეს, ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქველმოქმედო საქმიანობით დაკავებული მონიავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომა 3 სექტემბერს გაიმართა მოსკოვში. სხდომის წინ ადვოკატმა განაცხადა, რომ გამოძიება, სავარაუდოდ, მონიავას წინასწარ დაკავების იზოლატორში მოთავსებას მოითხოვდა.
ლიდა მონიავას წინააღმდეგ დაწყებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია მოსკოვსა და მის ფარგლებს გარეთ. 3 სექტემბერს მოსკოვის სიმონოვოს რაიონულ სასამართლოსთან საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის მხარდასაჭერად 200-ზე მეტი ადამიანი მივიდა. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ბავშვთა ჰოსპისის, „სახლი შუქურათი“ ბენეფიციარები და თანამშრომლები, ფონდის „ვერა“ დამფუძნებელი ნიუტა ფედერმესერი, ყოფილი პოლიტპატიმრის, ილია იაშინის მშობლები და „ნოვაია გაზეტას“ ყოფილი მთავარი რედაქტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი.
შეკრებილები ტაშით შეხვდნენ ცნობას, რომ გამოძიება მონიავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ ითხოვდა.
საბოლოოდ, სასამართლომ მონიავას წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნა არ გადაწყვიტა და ქველმოქმედს აღკვეთის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ღონისძიება - გარკვეული მოქმედებების აკრძალვა - შეუფარდა: ლიდა მონიავას აეკრძალა 20:00-დან 08:00 საათამდე ქუჩაში გასვლა, საქმის მოწმეებთან ურთიერთობა და სოციალური ქსელებით სარგებლობა.
რატომ დახია სისტემამ უკან?
მარინა მელია - ლიდა მონიავას მეგობარი და ბავშვთა ჰოსპისის („სახლი შუქურათი“) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ მონიავას გათავისუფლება „რაღაც საოცარი სასწაულია”, რომელიც თავისთავად არ მომხდარა.
“ეს თქვენ გააკეთეთ, - მიმართა მან მხარდამჭერებს სოციალური ქსლით, - მადლობა ყველას, ვინც სასამართლოსთან მოდიოდა! განსაკუთრებული მადლობა ჰოსპისის „სახლი შუქურათი“ გმირ პაციენტებს, რომლებიც ლიდას მხარდასაჭერად სასამართლოსთან ეტლებით, ფილტვების ვენტილაციის აპარატებით მოვიდნენ. მადლობა ყველას, ვინც ლიდას დასაცავად ოფიციალურ წერილებს წერდა და მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა! მადლობა ჟურნალისტებს!! დიდი მადლობა ყველას, ვინც ლოცულობდა”.
რუსეთის ექსპერტთა განცხადებით, „სამხედრო ფეიკების“ გავრცელების მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, თითქმის 100%-იანი ალბათობით, მრავალწლიანი პატიმრობით სრულდება.
“ასეთი შედეგი იშვიათია", - დაწერა საინფორმაციო გამოცემა „აგენტსტვომ“, რომელმაც ამ მუხლით მიმდინარე გამოძიებებში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო საქმის შეწყვეტის მხოლოდ ერთი საჯარო შემთხვევა აღმოაჩინა, ისიც 2022 წელს, როცა ომი ახალი დაწყებული იყო და რეპრესიების მექანიზმი სათანადოდ არ იყო გამართული: რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმის წარმოება შეწყვიტა ნიჟნი ნოვგოროდში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის წინააღმდეგ, რომელმაც ბუჩაში განვითარებულ მოვლენებზე ვიდეოს ბმული გამოაქვეყნა. გამოცემის გამოკითხულმა იურისტებმა ლიდა მონიავას საქმეზე გადაწყვეტილებას გამონაკლისი შემთხვევა უწოდეს.
სკოლის პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი ევგენია შეინა კი დარწმუნებულია, რომ სისტემამ მხოლოდ და მხოლოდ ლიდა მონიავას წინაშე წაიფორხილა და, რომ ეს გამარჯვებაც მხოლოდ და მხოლოდ ლიდა მონიავას გამარჯვებაა.
“მხოლოდ მისი სრულიად უპრეცედენტო სიმამაცის, შინაგანი მთლიანობის, საკუთარი თავის ერთგულებისა და საკუთარი თავის გაცნობიერების წყალობით მიეცა მას შესაძლებლობა, იცხოვროს რუსეთში, იმუშაოს ჰოსპისში („სახლი შუქურათი“) და თავის სხვა პროექტებზე, იყოს ახლობლებთან. ეს არის სიმართლის, საქციელის სილამაზისა და სიბრძნის წარმოუდგენელი გამარჯვება. ამის არდანახვა შეუძლებელია”, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
“ეს რა იყო? რა ეტაკათ?” - დაწერა ემიგრაციაში მცხოვრებმა ცნობილმა რუსმა პუბლიცისტმა ვიქტორ შენდეროვიჩმა, რომელმაც საზოგადოების ზეწოლის ვერსია თავიდანვე გამორიცხა, რადგან, მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას საზოგადოება ფეხებზე ჰკიდია, კანონზე ლაპარაკი კი საერთოდ სასაცილოა.
“პირადად მე მიდრეკილი ვარ დავეთანხმო ვერსიას რაღაც ირაციონალურ შიშზე, რომელიც ვიღაც მაღალჩინოსნის სულში გაჩნდა იმის გაფიქრებაზე, რომ სწორედ ეს უკანონობა შეიძლება არ დარჩენილიყო დაუსჯელი... რადგან ლიდა მონიავა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, წმინდანია. და რწმენისადმი მისი შემოქმედებითი, აქტიური კუთვნილება და მზადყოფნა, რომელიც მან სასამართლოს დღეებში გამოავლინა, ამ რწმენის სახელით სახეზე ღიმილით დაღუპულიყო, შესაძლოა მართლაც შეაშინა ისინი, ვისთვისაც ქრისტიანობა შენიღბვის ოპერაციაა. შტირლიცი ჯერ არასდროს ყოფილა ასე ახლოს ჩავარდნასთან. ლუბიანკის ეს “სანთლიანი” ბინადრები ჯერ არასდროს შეხვედრიან ქრისტიანობის ასეთ საზომს. ამას დაუმატეთ მომაკვდავი ბავშვები, რომელთა გულისთვისაც მონიავამ უარი თქვა თავისუფლებაზე (ქვეყნიდან წასვლას მას, რა თქმა უნდა, სთავაზობდნენ)...” - დაწერა ვიქტორ შენდეროვიჩმა, რომლის თქმითაც, რომის უსირცხვილო ცირკის ლომებისთვის მონიავას მიგდება ტექნიკურად უმარტივესი საქმე იყო, “მაგრამ დაშვებამ, რომ ღმერთი მაინც არსებობს, როგორც ჩანს, მათში დამსახურებული სასჯელის მიმართ შიშის დეტონაცია გამოიწვია, რასაც ცენტრალურ აპარატში კანონის ტრიუმფის შემდგომი იმიტაცია მოჰყვა”.
მონიავას საქმე, როგორც გამონაკლისი
ადამიანის უფლებადამცველების თქმით, თუ ლიდა მოანიავას შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს, რაც უცნობი მიზეზით, იურიდიულადაც დაფიქსირდა, მაშინ ციხეებიდან უნდა გაათავისუფლონ რუსეთის ის რამდენიმე ათასი მოქალაქე, რომლებიც დანაშაულის იმავე არარსებული შემადგენლობით სხედან არმიის შესახებ ფეიკების გავრცელების მუხლით.
ექსპერტებს რუსეთში პოლიტპატიმრების ზუსტი რაოდენობის დასახელება უჭირთ, რადგან ოფიციალური მოსკოვი პოლიტიკური პატიმრების არსებობას საერთოდ უარყოფს. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით კი მათი რიცხვი ათასებს აღწევს:
- უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალი“: ორგანიზაციის მკაცრად დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, აღიარებული პოლიტპატიმრების რაოდენობა 1 350-დან 1 800-მდე მერყეობს. თუმცა „მემორიალი“ აღნიშნავს, რომ მათი მონაცემთა სრული ბაზა მოიცავს პოლიტიკური მოტივით დევნილ და დაკავებულ 5 000-ზე მეტ ადამიანს.
- პროექტი OVD-Info: უფლებადამცველი პროექტის მონაცემებით, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ 5 000-ზე მეტი ადამიანია, ხოლო უშუალოდ საპატიმროებში, წინასწარ პატიმრობაში ან კოლონიებში ამჟამად 2 300-ზე მეტი პოლიტპატიმარი იმყოფება.
პოლიტპატიმრებს შორის არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ომის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები, სამოქალაქო აქტივისტები, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები (მაგალითად, „იეღოვას მოწმეები“) და უკრაინის მოქალაქეები.
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლით („არმიის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელება“ / «Фейки об армии») სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 300-ზე მეტი ადამიანის მიმართ, მათგან 150-ზე მეტი ადამიანი უშუალოდ საპატიმროში იმყოფება. ამ მუხლით განსაზღვრული სასჯელი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რუსეთის სასამართლოები, როგორც წესი, მკაცრ სასჯელს ნიშნავენ (ოპოზიციონერ ილია იაშინს 8,5 წელი მიესაჯა, მუნიციპალურ დეპუტატ ალექსეი გორინოვს - 7 წელზე მეტი, ხოლო ჟურნალისტ მარია პონომარენკოს - 6 წელი). გარდა 207.3 მუხლისა, რუსეთში აქტიურად გამოიყენება მომიჯნავე 280.3 მუხლიც („არმიის დისკრედიტაცია“ / «Дискредитация армии»). „ფეიკებად“ კი რუსული სასამართლო მიიჩნევს ნებისმიერ ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებულ ინფორმაციას - მათ შორის სოციალურ ქსელში ბუჩის ან მარიუპოლის ტრაგედიების შესახებ პოსტის გაზიარებას, ომის საწინააღმდეგო განცხადებებსა და ფრონტზე რუსული არმიის დანაკარგებზე საუბარს.
რუსეთი არ დატოვა
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან რამდენიმე დღეში ლიდა მონიავას ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ის ტოვებდა ჰოსპისის („სახლი შუქურათი“) დირექტორის თანამდებობას და გადიოდა საქველმოქმედო ორგანიზაციის მმართველი საბჭოს შემადგენლობიდან. ლიდა მონიავას თქმით, მისი ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ ჰოსპისის საქმიანობის დაცვას შეუწყობდა ხელს.
მონიავამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის დატოვებას არ აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ურჩევდა „ქვეყნიდან წასვლას“.
„ორ-სამ თვეში სასამართლო საქმის არსებით განხილვას დაიწყებს. შემდეგ კი, დიდი ალბათობით, ხუთიდან ათ წლამდე კოლონია...“ - ნათქვამი იყო მის განცხადებაში, რომელიც მონიავას მხარდამჭერთა ჯგუფმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა.
38 წლის ლიდა მონიავა საქველმოქმედო ფონდისა და ბავშვთა ჰოსპისის, „სახლი შუქურათი“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი შემქმნელია. 2013 წელს ლიდა მონიავამ და ნიუტა ფედერმესერმა შექმნეს ბავშვთა ჰოსპისის „სახლი შუქურათი“ პროექტი, რომელიც პალიატიურ დახმარებას უწევს განუკურნებელი დაავადებების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ფონდი მხარს უჭერს შინ, ადგილზე გასვლის პრინციპით მოქმედ დახმარების სამსახურს და ასევე მართავს სამ ჰოსპისს: ბავშვთა სტაციონარულ ჰოსპისს მოსკოვში, ასევე მოსკოვის ოლქში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ გასვლით სამსახურებს. ფონდის მზრუნველობის ქვეშ ყოველწლიურად ასობით მძიმედ დაავადებული ბავშვი იმყოფება. მათ უზრუნველყოფენ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით, სამედიცინო მოვლითა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით.
როგორც რუსული გამოცემები წერენ, მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა ლიდა მონიავასათვის გამოცხადებული სოლიდარობა. ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ლიდა მონიავას მხარდასაჭერ პოსტებს აქვეყნებდნენ, მას წმინდანსა და ანგელოზს უწოდებდნენ. შთამბეჭდავია მონიავას მრავალწლიანი საქმიანობა, რომელიც თვალსაჩინოდ არის ასახული იმ ფოტოებსა და ტექსტებში, რომლებიც Telegram-სა და Facebook-ზე ქვეყნდება.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლიდა მონიავამ უკრაინიდან, რუსეთის სასაზღვრო რეგიონებიდან და მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილთა დასახმარებლად ცალკე ფონდი შექმნა. იმ პოსტში, რომელიც სისხლის სამართლის საქმის საფუძველი გახდა, მონიავა სწორედ ამ ფონდისთვის დახმარებას (დონაციას) ითხოვდა. 2025 წლის აგვისტოში ლიდა მონიავამ ფონდის მუშაობის შეჩერების შესახებ განაცხადა.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე, მონიავამ ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ღია წერილს, რომელშიც რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.
2026 წლის დასაწყისში მონიავა 45 ათასი რუბლით დააჯარიმეს (რუსეთის არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ ადმინისტრაციული მუხლით) ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო. ერთ-ერთი საუბარი იყო რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად სუმიში მცხოვრები მეექვსეკლასელი ბავშვისა და მისი მშობლების დაღუპვის შესახებ.
ფორუმი