Accessibility links

მიშა და ანტიმიშა


ყველა ციხეში! - გახსოვთ მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები?

ცხადია, გახსოვთ! მაგრამ, ალბათ, არ იცით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მაშინ სრულიად ქართველ ერს ექსკურსიებზე სიარულისკენ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-აღდგენისკენ მოუწოდა: ყველა სვერის ციხეში! ყველა სურამის ციხეში! უფლისციხეში! გორის ციხეში! პეტრას ციხეში! გონიოს ციხეში და ა.შ.მაგრამ გიგა ბოკერიამ და, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილმა უხეშად დაამახინჯეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ეს კეთილშობილური წამოწყება და ყველას გლდანის ციხეში უკრეს თავი!

შედეგად, მიხეილ სააკაშვილს მარტოს მოუწია საღებავის კვერცხის გულით შეზავება ფრესკების გასაახლებლად, კირით-ხუროობა და აღდგენა-რესტავრაცია ეკლესია-მონასტრებისა, რომელთა რიცხვმა, არც მეტი, არც ნაკლები, 600-ს მიაღწია! ცხადია, ბევრად მეტსაც მოხატავდა და აღადგენდა, მაგრამ ერთი-ორი ეკლესიის ხარაჩოებზე ბიძინა ივანიშვილი დახვდა ქაფჩით ხელში...

ერთმანეთს კი არ ვადარებთ, მაგრამ ფაქტია, ეს ორი დიამეტრულად განსხვავებული კაცი - მიშა და ბიძინა - უცნაურად აიხლართნენ ერთმანეთში გიგა ბოკერიას სიყვარულსა და სიძულვილში.

„გიგა ბოკერია ოდესღაც ძალიან მომწონდა, სხარტი გონების ახალგაზრდა, განათლებული ბიჭი“ - აბა, თუ გამოიცნობთ ვისი ნათქვამია ეს სიტყვები? შეიძლება ბევრმა იფიქროთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თქვა 29 სექტემბერს „მთავარ აქცენტებში“, მაგრამ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილს უთქვამს 2012 წლის თებერვალში.

„ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან. ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული”, - რა უშლიდა მიხეილ სააკაშვილს ეს სიტყვები ერთხელ მაინც ეთქვა ბოლო 9+7 წლის განმავლობაში? ახლა ვინ დაიჯერებს, რომ თავისივე მმართველობის წლებში, თან პირველი ქრისტიანივით, კატაკომბებში ემალებოდა ბოკერიას და, თან, დავით აღმაშენებელივით მუსრავდა მტერს და აფუძნებდა ახალ ქართულ სახელმწიფოს?

ალბათ, არც არავინ!

ყოველ შემთხვევაში, ის, რაც სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ილაპარაკა, არაფრით არ ჰგავდა დავით აღმაშენებლის დაწერილ ტექსტს - „გალობანი სინანულისანი“, სწორედ იმ დავითისას, რომელსაც ლამის საფლავში ჩაუხტეს ჩვენი მესამე პრეზიდენტი.

მაინც, როგორი თუ რანაირი მიშა იყო ეს?

თავის თავს ადრეც არაერთხელ შესწინააღმდეგებია, ამბივალენტური და ცივ-ცხელიც არაერთხელ გვინახავს, მაგრამ ეს ბოკერიას განაპირა ჯვარზე გაკვრა და თავის ქრისტიან-დემოკრატ-ლიბერალ-კონსერვატორად გამოცხადება მაინც ნამეტანი იყო!

მიხეილ სააკაშვილის სურვილი, რაღაც-რაღაცები შეცვალოს წარსულში, ძალიან ჰგავს ანტინაწილაკის ქცევას. თუ კვანტური მექანიკის მჩხიბავ მამებს დავუჯერებთ, ანტინაწილაკი ის ნაწილაკია, რომელიც მოძრაობს დროის მიმართულების საწინააღმდეგოდ, ანუ მომავლიდან წარსულში. ანტიმიშაც, ანტინაწილაკის მსგავსად, ცდილობს უკან, 2003-2012 წლებში, დაბრუნდეს და ისეთი საგმირო საქმეები ჩაიდინოს ან გახადოს ხილული, რაც ყველას შეუმჩნეველი დარჩა, ან ისეთი თვისებები მიიწეროს, რაც მთლიანად დაანგრევს ან თავდაყირა დააყენებს მის იმიჯს.

მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლების დაკარგვიდან შვიდი წლის თავზე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ან ძალაუფლების დასაბრუნებლად უნდა იქცეს განსხვავებული, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთის საწინააღმდეგო თვისებების მატარებელი homunculus-ების, კაცუნების ნაკრებად, ანუ ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა იყოს: ღვთისმოსავიც და ათეისტიც, ლიბერალიც და კონსერვატორიც, დემოკრატიც და ავტორიტარიც, ძლიერიც და სუსტიც, კეთილიც და სასტიკიც, გმირიც და მსხვერპლიც, ქართველიც და უკრაინელიც...

ალბათ, ეს ერთმანეთთან მებრძოლი ჰომუნკულუსების ერთი ნაწილი აიძულებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს ათქმევინოს (ვინ იცის, მერამდენედ), რომ უახლოეს თვეებში სამშობლოში დაბრუნებას აპირებს, მაგრამ ჰომუნკულუსების მეორე (უფრო გონიერი) ნაწილი არ აძლევს ამ პირობის დაცვის საშუალებას; ჰომუნკულუსების ბრძოლის შედეგი უნდა იყოს ერთდროულად ოპოზიციურ ერთობაზე საუბარი და ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმაც. საბოლოო ჯამში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური სხეულის ამგვარი სიჭრელე, ალბათ, უფრო მეტად დააბნევს მისსავე ამომრჩეველს, რომელიც ვერ იწამებს ახალ, ანტიმიშას, ძველი მიშა კი ისევე გამოეცლება ხელიდან, როგორც თვითონ მიხეილ სააკაშვილს გამოეცალა რეალობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG