Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ააფეთქეს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ბატალიონის შემქმნელი - ვინ დგას ამის უკან?


 უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ბატალიონის „პიატნაშკას“ მეთაური ახრა ავიძბა (მარცხნივ), არმენ სარქისიანი, რომელიც მოსკოვში, საცხოვრებელ კომპლექსში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა (ცენტრში), Wagner PMC-ის ყოფილი დაქირავებული აიკ გასპარიანი (მარჯვნივ).
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ბატალიონის „პიატნაშკას“ მეთაური ახრა ავიძბა (მარცხნივ), არმენ სარქისიანი, რომელიც მოსკოვში, საცხოვრებელ კომპლექსში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა (ცენტრში), Wagner PMC-ის ყოფილი დაქირავებული აიკ გასპარიანი (მარჯვნივ).

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ ვინ იდგა მოსკოვის ძვირად ღირებულ კომპლექსში მომხდარი აფეთქების უკან, რომელმაც უკრაინის დონეცკის რეგიონში რუსეთის მხარეს მებრძოლი ე.წ. სომხური ბატალიონის შემქმნელი შეიწირა. თუმცა მაშინვე დაიწყო ლაპარაკი ორ შესაძლო თეორიაზე.

ეს შეიძლება ყოფილიყო კრიმინალურ დაპირისპირებასთან დაკავშირებული ბანდიტური სტილის მკვლელობა - სისხლიანი გარჩევა, რომელიც ბევრში 90-იანი წლების ქაოსთან იწვევს ასოციაციას, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დაპირისპირებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 25-წლიანი მმართველობის დროსაც არაერთხელ მომხდარა.

ან, დამკვირვებლების თქმით, ეს შეიძლება ყოფილიყო კიევის მიერ ორგანიზებული მიზანმიმართული მკვლელობა - მორიგი თავდასხმა რუსეთის მიწაზე, რომელიც უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა.

ასეა თუ ისე, არმენ სარქისიანის მკვლელობა შეიძლება რუსეთის სისუსტეზე მიუთითებდეს. კრემლის მთელი ყურადღება მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომზე, ქვეყნის შიგნით კი გახშირდა სისხლიანი გარჩევები და შეიარაღებული დაპირისპირებები, რაც ძირს უთხრის პუტინის მტკიცებას, რომ მან ქვეყანას სტაბილურობა მოუტანა.

რუსული მედიის ცნობით, სარქისიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მის გარდა კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
რუსული მედიის ცნობით, სარქისიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მის გარდა კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ამის თვალსაჩინო მაგალითია ჯერაც მიმდინარე კონფლიქტი Wildberries-ზე კონტროლის დასამყარებლად. რუსეთის უმსხვილესი ონლაინ საცალო ვაჭრობის საიტის მოსკოვის ოფისი სექტემბერში ძალადობრივი და ქაოსური დაპირისპირების ადგილად იქცა. შეიარაღებული შეტაკების დროს დაცვის ორი წევრი დაიღუპა.

3 თებერვლის აფეთქებამ მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის, „ალისფერი იალქნების“ შესასვლელში შუშები ჩაამსხვრია. რუსული მედიის ცნობით, სარქისიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მის გარდა კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

სომხეთში დაბადებული სარქისიანი კრიმინალურ ავტორიტეტად იყო ცნობილი. ის გახლდათ კრივის ფედერაციის პრეზიდენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის დონეცკის რეგიონში, სადაც ახალგაზრდობაში ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. ის ასევე ცნობილი იყო არმენ გორლოვსკის სახელითაც - მეტსახელი მან იმ ქალაქის რუსული სახელწოდების მიხედვით მიიღო, სადაც ცხოვრობდა და ძალაუფლება მოიპოვა. ქალაქის უკრაინული სახელია ჰორლივკა.

უკრაინული მედიის ცნობით, სარქისიანის კრიმინალური კარიერა 2000-იანი წლებიდან იწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ის 2009 წელს ხელმძღვანელობდა რამდენიმე ადგილობრივი მედიასაშუალების დაკავებას, მოგვიანებით კი აკონტროლებდა სამრეწველო ობიექტებს, მათ შორის, ქვანახშირის მწარმოებელს და მანქანათმშენებელ ქარხანას.

2024 წლის თებერვალში სარქისიანს რუსეთში კონფლიქტი მოუვიდა შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლთან ჩეჩნეთის რეგიონიდან. შეიარაღებული დაპირისპირება მოსკოვის ცენტრში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა. სროლისას სამი ადამიანი დაიჭრა.

ამავე დროს, სარქისიანს მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომთან. 2022 წლის თებერვალში, კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მან დააარსა ქვედანაყოფი, რომელიც სომხური ბატალიონის სახელით იყო ცნობილი. ამჟამად ეს დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ მყოფ კერძო სამხედრო კომპანია „რედუტს“ ექვემდებარება.

დეკემბერში უკრაინამ მასზე ოფიციალურად გამოაცხადა ძებნა და ბრალად დასდო არალეგალური შეიარაღებული ძალების წევრობა და „აგრესორი სახელმწიფოს“ - რუსეთის - დახმარება. თუმცა, უკრაინა მას ჯერ კიდევ 2014 წლის მოვლენებში მონაწილეობაში ადანაშაულებს.

უკრაინის სპეცსამსახურების განცხადებით, სარქისიანი მონაწილეობას იღებდა 2014 წლის მაისში „კიევის ცენტრში მკვლელობების ორგანიზებაში“. უკრაინული მედია არმენ სარქისიანს მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტის, რუსეთში გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო ნაცნობად და ევრომაიდნის მონაწილეებზე ე.წ. ტიტუშკების თავდასხმების ერთ-ერთ ორგანიზატორად

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ე.წ. სომხური ბატალიონი ძირითადად შედგებოდა მსჯავრდადებული კრიმინალებისგან და, რომ სარქისიანს ბატალიონისთვის ცოცხალი ძალის მოსაპოვებლად ძალაუფლება მიანიჭეს დონეცკის რეგიონის ოკუპირებული ნაწილის ციხეებზე. გავრცელებული ინფორმაციით, დანაყოფში ასევე შედიოდნენ დაქირავებული ჯგუფის „ვაგნერის“ წევრები.

ბატალიონის მეთაური, შერეული საბრძოლო ხელოვნების ყოფილი მებრძოლი აიკ გასპარიანი ომამდე პატიმარი იყო. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მას 2020 წელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მოსკოვის კაფეს შეიარაღებული ძარცვის მცდელობისთვის. თუმცა, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ის ბრძოლაში ჩაერთო და 2022 წლის დეკემბერში პუტინისგან ჯილდოც მიიღო „სიმამაცისათვის“.

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბატალიონი იბრძოდა ტორეცკის მახლობლად დონეცკის ოლქში და ახლახან რუსეთის კურსკის რეგიონში, სადაც ტერიტორიის ნაწილს უკრაინული ძალები იკავებენ.

3 თებერვლის აფეთქებაზე უკრაინის სპეცსამსახურებს პასუხისმგებლობა არ აუღიათ. თუმცა ვარაუდს, რომ აფეთქების უკან შეიძლება კიევი იდგას, იწვევს წარსული თავდასხმები და მკვლელობები, რომელთა განხორციელებაც უკრაინულ დაზვერვას პირდაპირ ან ირიბად უღიარებია.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა იყო 17 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურის, 54 წლის გენერალ-ლეიტენანტის იგორ კირილოვის და მისი თანაშემწის აფეთქება. უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების წყარომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს აფეთქება უკრაინის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინისთვის იმ ფიგურების მკვლელობა, რომლებსაც კიევი ადანაშაულებს რუსეთის აგრესიაში როლის შესრულებაში, რუსეთის შიგნით თავდასხმებისა და დივერსიების კამპანიის ერთ-ერთი ელემენტია. ანალიტიკოსების თქმით, ეს კამპანია მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკისა და მისი საომარი ძალისხმევისათვის ზიანის მიყენებას. ეს ასევე აჩვენებს რუსეთს, უკრაინასა და დასავლეთს, რომ კიევს შეუძლია ბევრად უფრო დიდ მოწინააღმდეგეს ებრძოლოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG