Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოწმე ვახტანგ გომელაური სასამართლოში - როდის გაიგო სუსის მაშინდელმა უფროსმა "ჩორჩანის საგუშაგოს" აშენების ამბავი

საოკუპაციო ხაზთან, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში სადავო საპოლიციო საგუშაგო 2019 წლის აგვისტოში ააგეს.
საოკუპაციო ხაზთან, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში სადავო საპოლიციო საგუშაგო 2019 წლის აგვისტოში ააგეს.

სუსის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ამჯერად სასამართლოში განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგოს აშენების შესახებ დაგვიანებით გაიგო - IPRM-ის „ცხელი ხაზის საშუალებით“. გომელაური 30 სექტემბერს, ბრალდების მოწმის სტატუსით, დახურულ სხდომაზე დაკითხეს.

ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსს „უკიდურეს სირცხვილს“ უწოდებს გახარიას ადვოკატი და მისი პარტიის [“გახარია საქართველოსთვის”] აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა. მისთვის წარმოუდგენელია, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ოკუპირებულ ქვეყანაში მსგავსი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოჰპაროდა.

საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგოს 2019 წელს აგების საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული “ქართული ოცნების” ექსპრემიერს, გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წლის აგვისტოში შს მინისტრის პოსტს იკავებდა.

პროკურატურის თანახმად, გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ააშენა, რის გამოც დაიძაბა ვითარება და დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი დაიკარგა.

თავად გახარია აცხადებს, რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა” და საგუშაგოს აგება 1800 ჰექტარი ტყის მასივის გადასარჩენად დაიგეგმა.

როდის გაიგო სუსის უფროსმა?

30 სექტემბერს, სასამართლოს ეზოში, ვახტანგ გომელაური ავტომანქანით შეიყვანეს; დახურულ დარბაზში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში უსმენდნენ, ხოლო სხდომის დასრულების შემდეგ - შენობის უკანა გასასვლელით ისარგებლა და ისევ ავტომანქანით დატოვა ტერიტორია.

სუსის ყოფილ უფროსთან გასაუბრება ჟურნალისტებმა, მხოლოდ 2 წუთით, სასამართლოს დერეფანში მოახერხეს - მანდატურების მკაცრი გაფრთხილების ფონზე, მიკროფონების გარეშე.

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაური, რომელიც ბოლო წლებში, 2025 წელს გადადგომამდე, შს მინისტრის პოსტს იკავებდა, მედიასთან დიდი ხანია აღარ გამოჩენილა.

“საიდან უნდა მცოდნოდა?” - გომელაურმა მედიასთან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩორჩანის საგუშაგოს აგების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა და როდესაც გაიგო - “დაწყებული იყო უკვე [მშენებლობა]”.

ბრალდების მხარის მოწმე მოკლე ფრაზებით შემოიფარგლებოდა და დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ვახტანგ გომელაური სუსის უფროსის პოსტს 2019 წლის სექტემბრამდე იკავებდა.
ვახტანგ გომელაური სუსის უფროსის პოსტს 2019 წლის სექტემბრამდე იკავებდა.

გომელაურის ნაცვლად, მისი ჩვენების შინაარსზე, სხდომის შემდეგ, პროკურორმა თამარ იაკობიძემ ილაპარაკა:

  • საგუშაგოს აღმართვის შესახებ სუსმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ცხელი ხაზის საშუალებით გაიგო - “როდესაც საგუშაგოს აღმართვა დაიწყო”.
  • "როგორც კი [ცხელი ხაზით] შეტყობინება გაკეთდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყო რეაგირება".
  • ამ დროს “საგუშაგო აშენებული არ იყო", "საგუშაგო იყო პროცესში” - “მასზე მოწყობილი იყო დროშა და სხვა ატრიბუტები, რაც აღქმას ქმნიდა, რომ საგუშაგო შენდებოდა”.


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ცხელი ხაზი არის ოპერატიული კავშირის ინსტრუმენტი, რომელიც კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 2008 წლის ომის შემდეგ შეიქმნა. ამ 24-საათიანი საკომუნიკაციო არხის საშუალებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცვლიან ინფორმაციას რისკების შემცველ თუ გადაუდებელ საკითხებთან დაკავშირებით.

“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო აიგო გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან; უფრო მეტიც - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იყო ინფორმირებული საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით… დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ, მათ შორის - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია [EUMM] არ იყო ინფორმირებული საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

2025 წლის ივნისში, პროკურატურაში გამოკითხვის დროს, გომელაურმა თქვა, რომ საგუშაგოს აგების შესახებ ინფორმაცია გზის გაყვანისას “ტრაქტორების მუშაობის” დროს გაიგო.

30 სექტემბერს პროკურორმა იაკობიძემ ეს საკითხიც მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით განმარტა:

“[ვახტანგ გომელაურმა] სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ ჩვენებაში, პირველ რიგში, ბრძანა ის, რომ გზის გაყვანის სამუშაოები ავტომატურად არავითარ საგუშაგოს ჩადგმას არ მიუთითებს. მოწმემ განაცხადა, რომ გზის გაყვანის სამუშაოები არ იყო ერთჯერადი და მრავალჯერადად, სხვადასხვა სივრცეში ხორციელდებოდა; ხშირად, აღნიშნულის მიზანი იყო მოძრავი პატრულის გადაადგილება, ასევე მოსახლეობისთვის გარკვეული კომფორტის შექმნა… საოკუპაციო ხაზთან მუდმივად პატრულირებს და გადაადგილდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გზის არსებობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება იყო”.

“გომელაურმა განაცხადა, რომ მან საპოლიციო საგუშაგოს აგების შესახებ შეიტყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქ საპოლიციო საგუშაგო აღიმართა”, - დახურულ კარს მიღმა გომელაურის ნაამბობის განსხვავებული ვერსია ჟურნალისტებთან ბერდია სიჭინავამაც გამოიტანა - გახარიას ადვოკატმა და თანაგუნდელმა.

მისი შეფასებით - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის მიერ მიცემული ჩვენება "არის უკიდურესი სირცხვილი თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის” და რომ “ზუსტად ამ ჩვენების დასამალად დაიხურა ეს პროცესი [სასამართლო სხდომები]”.

ადვოკატის თქმით, გომელაურს არ ჰქონდა პასუხები - თუ როგორ შეიძლება სუსის უფროსს არ ჰქონდეს ინფორმაცია ოკუპირებულ ქვეყანაში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესის შესახებ" და როგორ შეიძლება ექვსი წლის თავზე აღმოეჩინა, რომ საგუშაგოს აგება დანაშაული იყო.

"როგორ შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ საოკუპაციო ძალებისგან ცხელი ხაზის მეშვეობით იგებს სუსის უფროსი [საგუშაგოს აგების ამბავს] ?!”, - ბერდია სიჭინავამ გაიხსენა, რომ ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვის შემდეგ, როცა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრი გახდა, ვახტანგ გომელაური მის კაბინეტში შს მინისტრის პოსტზე გადავიდა და ერთხელაც არ წამოუჭრია ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი.

კიდევ რაზე ილაპარაკეს? რა გამოიკვეთა?

სიჭინავა დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ არსებობს “არსებითი წინააღმდეგობა” ვახტანგ გომელაურისა და სასამართლოში მანამდე დაკითხული კიდევ ერთი მოწმის - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ჩვენებებს შორის.

ყოფილი მაღალჩინოსნების ჩვენებებს შორის განსხვავებას არ ადასტურებს პროკურატურა. თამარ იაკობიძის თქმით, ორივე მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ არ იყვნენ ინფორმირებული სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმის შესახებ.

2025 წლის 2 ივლისს, როდესაც სადავო პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისია”] სხდომაზე გიორგი გახარია მეორედ [დისტანციურად] გამოჰკითხეს - მან პირველად თქვა, რომ, „ჩორჩანის საგუშაგოს“ ჩათვლით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სულ შვიდი საგუშაგოს აგება ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ამ გეგმამ გაჟონა - სავარაუდო საბოტაჟის გზით და ეს იყო პირველი "სერიოზული კონფლიქტის" მიზეზი სუსის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან.

გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ დაგვიდასტურა, რომ 30 სექტემბრის დახურულ სხდომაზე შეკითხვები ამ საკითხზეც დაისვა, თუმცა დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.

  • ვიდრე ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს ააგებდნენ [2019 წლის 24 აგვისტო], ადგილობრივებზე დაყრდნობით, სხვადასხვა წყარო ავრცელებდა ინფორმაციას - საოკუპაციო რეჟიმის წნეხისა და დამატებითი ტერიტორიების მიტაცების გეგმის არსებობის შესახებ.
  • ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია [EUMM] 2019 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ იანვრიდან აღმოჩენილ იქნა „ფერადი მონიშვნები ხეებზე წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე“ და რომ „მისიამ შეაფასა აღნიშნული მონიშვნები, როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები“, თუმცა „ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა არ აიღო არცერთმა მხარემ“.


ბერდია სიჭინავამ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ მოწმე ვახტანგ გომელაური “ვერ გაექცა იმ ფაქტს, რომ 2019 წლის იანვრიდან კონკრეტულ ტერიტორიაზე შესაბამისი მონიშვნები არსებობდა”.

30 სექტემბრის სხდომაზე, დაკითხეს ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე - შს მინისტრობის დროს გიორგი გახარიას ყოფილი მოადგილე, ლევან კაკავა.

“გარკვეული დოკუმენტები არსებობდა, რომელზეც ის ხელს აწერდა. ამ შემთხვევაში საუბარი იყო გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე. ამ დოკუმენტებში არსად იკითხებოდა, რომ გზის გარემონტების მიზანი იყო საგუშაგოს აღმართვა. რადგან ეს დოკუმენტებში არ იკითხებოდა, დავინტერესდით, იქნებ პირადად ჰქონდა [გახარიას] კომუნიკაცია თავის მოადგილესთან, თუმცა მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა, რომ მან საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით რამე იცოდა“, - განაცხადა პროკურორმა იაკობიძემ.

ბერდია სიჭინავასთვის გაუგებარია, საერთოდ რატომ დაიბარეს მოწმედ ლევან კაკავა, მაშინ, როდესაც მას არ შეიძლებოდა ჰქონოდა ინფორმაცია საგუშაგოს აგების შესახებ და ამავე დროს - გამოძიება არ დაინტერესდა - სუსის უფროსის მაშინდელი მოადგილით, გრიგოლ ლილუაშვილით, რომელიც საოკუპაციო საკითხებს კურირებდა. ლილუაშვილი ამჟამად უკვე მსჯავრდადებულია - განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით.

პროკურორმა იაკობიძემ განმარტა, რომ ბრალდების მხარემ დაკითხა ყველა ის ადამიანი, ვინც მისთვის საინტერესო იყო საქმესთან შემხებლობის კუთხით; ხოლო ლილუაშვილის დაკითხვა დაცვის მხარესაც შეეძლო, მაგრამ მისი ჩვენების ოქმი საქმის მასალებში არ დევს.

2019 წლის აგვისტოში - "ჩორჩანის საგუშაგოს" აშენების დროს - სუსის ხელმძღვანელი იყო ვახტანგ გომელაური, რომელმაც სექტემბერში შს მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლა მას შემდეგ, რაც - თავად გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა. სუსის უფროსის პოსტი, გომელაურის ნაცვლად, გრიგოლ ლილუაშვილმა დაიკავა.

გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვის პროცესი დასასრულს უახლოვდება. პროკურორის განმარტებით - დარჩათ “რამდენიმე მოწმე”, რომელთა დაკითხვაც ერთი-ორი სხდომის ფარგლებში ჩაეტევა. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა.

ბერდია სიჭინავა აპირებს, რომ შუამდგომლობა დააყენოს - საზღვარგარეთ მყოფი გიორგი გახარიას დისტანციურად დაკითხვის თაობაზე. მანამდე უარი მიიღეს - სასამართლო სხდომებზე მისი დისტანციურად დასწრების მოთხოვნაზე. საქმეში დევს დაცვის მხარის მიერ გახარიას გამოკითხვის ოქმი და ასევე “წულუკიანის კომისიის” მიერ შეგროვებული მასალები.

პროკურორმა იაკობიძემ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ, მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით - “ბრალდების მხარეს აქვს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი”.

გახარიას თანაგუნდელები აცხადებენ, რომ “ჩორჩანის საგუშაგოს” საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი პირდაპირ დაარტყამს საქართველოს ინტერესებს, რადგან ამ განაჩენს აუცილებლად სათავისოდ გამოიყენებს რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი.

“აუცილებლად მოვა დრო, რომ ჩორჩანას საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდება, ხელახლა დაიკითხებიან ეს მოწმეები და ყველა მათგანს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ მისცა ეს ჩვენებები, ყველა მათგანს მოუწევს სისხლის სამართლებრივი პასუხისგება”, - თქვა 30 სექტემბერს ბერდია სიჭინავამ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG