Accessibility links

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მცხოვრები 68 წლის მიხეილ პეტრემღვდლიშვილი სოფლის განაპირას ორ თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ორმა მოქალაქემ გამოქცევა მოახერხა, მიხეილ პეტრემღვდლიშვილს კი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს და ჯერ ოკუპირებული არცევის სამხედრო ბაზაზე, იქიდან კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ახალუბნელები აცხადებენ, რომ მწყემსები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან არ გასულან და რუსეთის მესაზღვრეები თვითონ იყვნენ შემოსული სოფლის საძოვრის ტერიტორიაზე. მათი თქმით, მწყემსები ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებთან ახლოსაც კი არ იყვნენ მისულები.

  • სუსის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში 16, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს.
  • გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავების სულ 52 ფაქტი დაფიქსირდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი - 126.

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავება ძირითადად აძვიდან, ჯარიაშენიდან და ახალუბნიდან ხდება. ეს სამი სოფელი ოკუპირებულ სოფლებს აძვისთავსა და ზემო არცევს ესაზღვრება. ზემო არცევში საოკუპაციო სამხედრო ბაზაა განთავსებული. ამ ბაზიდან გამოსული შეიარაღებული სამხედრო პირები ქართული სოფლების გასწვრივ პატრულირებენ. მინდვრებში და ტყის მასივის სიახლოვეს მხოლოდ ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებია განთავსებული და ადგილობრივმა მოსახლეობამ არ იცის, საიდან იწყება ოკუპირებული ტერიტორიები. ამიტომ ყველაზე ხშირად აქაურ მწყემსებს ან ეკლესიებში სალოცავად წასულ მოქალაქეებს აკავებენ. საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ჩავიდა. მისი ინფორმაციით, მიხეილ პეტრიაშვილის გასათავისუფლებლად უკვე ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მიერ პატრულირების გაძლიერებას ითხოვს. ბოლო წლებში პოლიციის საგუშაგოები სოფლების შესასვლელებთან განთავსდა, საიდანაც გამყოფი ხაზი მოშორებითაა. ადგილობრივების თქმით, ასეთ პირობებში პოლიციელთა პატრულირება არაეფექტურია და დაკავებების რაოდენობაც ამიტომ იზრდება. მათი აზრით, პოლიციელები საოკუპაციო ხაზთან უფრო ახლოს უნდა მივიდნენ, რათა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად შემოსვლა და ჩასაფრება ვერ მოახერხონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG