Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნულოვანი ტოლერანტობიდან ნულოვან კომპრომისამდე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი არჩევნების დამთავრებას ელოდება, რათა ყველას - „მოღალატეს და ქვეყნის მტერს“ - საკადრისი პასუხი გასცეს „ნულოვანი კომპრომისის“ პრინციპით. აშკარაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, მიხეილ სააკაშვილის „ნულოვანი ტოლერანტობის“ ციტირება მოახდინა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2006 წელს „ნულოვან ტოლერანტობას“ უცხადებდა „წვრილმან დანაშაულს“, საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა კი იგულისხმა უმძიმესი დანაშაული - „შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ“, რაც, მისივე თქმით, გამოიხატა „მძიმე პროვოკაციაში“ - სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლების ფარული მიყურადების მასალების გავრცელებაში.

უსაფრთხოების სახიფათო სამსახური?

თუ პროვოკაცია უმძიმესია, ხოლო დანაშაული - სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი, განა, საქმე ითმენს არჩევნების დამთავრებამდე?

აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიზებული მართლმსაჯულება არ ჩქარობენ მართლა უმძიმესი დანაშაულის გახსნას, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ არის ჩადენილი.

გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის უფროსი
გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის უფროსი

საქართველოს პროკურატურაც, რომელიც იძულებული იყო რამე სახის რეაგირება მოეხდინა, რუტინული „საქმის აღძვრითა“ და „გამოძიების დაწყებით“ შემოიფარგლა. არც მთავრობის და არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არ დაუყენებიათ სუს-ის ხელმძღვანელის არათუ პასუხისმგებლობის, არამედ პარლამენტში დაბარების საკითხიც. არა და, როგორც იურისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, სუს-ის უფროსი, პარლამენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს ანგარიში, რომლის მოსმენის შემდეგ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

„პარლამენტი გადაყენების საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის უახლოეს პლენარულ სხდომაზე, საკითხის დასმიდან არაუადრეს 2 დღისა, გადაწყვეტილება კი მიიღება ფარული კენჭისყრით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

ვახუშტი მენაბდე, იურისტი
ვახუშტი მენაბდე, იურისტი

თუმცა სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, არა თუ პარლამენტში არ მისულა, ერთი საჯარო განცხადებითაც კი არ გამოსულა, არა და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებიდან უკვე სამი დღე გავიდა.

ყოველივე ამის ფონზე, ცინიკურადაც ჟღერს, მაგრამ ფაქტია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონი გვეუბნება, რომ სუს-ის საქმიანობის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს შორისაა:

  • კანონიერება
  • ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა/ პატივისცემა
  • დისკრიმინაციის დაუშვებლობა
  • პოლიტიკური ნეიტრალობა

„თუ დასცალდა...“

რამდენად არის საფრთხის შემცველი პრემიერ-მინისტრის მუქარა, რომ არჩევნების შემდეგ ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა, რომ „ქართული ოცნება“ ძლიერი ხელისუფლებაა და ქვეყნის მტრებს საკადრის მიუზღავს?

ხომ არ ნიშნავს ეს საკუთარი მოქალაქეების ტოტალური თვალთვალიდან და შანტაჟიდან, „სისხლიან დიქტატურაზე“ გადასვლის დაანონსებას?

„თუ დასცალდა, და ეჭვი არ მეპარება, რომ ივანიშვილისგან სწორედ ასეთ დავალებებს იღებს, ღარიბაშვილი შეეცდება ჩამოაყალიბოს რეპრესიული, დიქტატორული სისტემა. უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ არ დასცალდება, ამის საშუალებას არც ქართული საზოგადოება მისცემს და არც - ევროპული თანამეგობრობა“, - ამბობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი დავით დარჩიაშვილი, რომლის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლება ეჭვმიტანილია არა ერთ დანაშაულში, მათ შორის 5 ივლისის ამბებსა და უკანონო მიყურადება- თვალთვალში, თუმცა თავის მართლებისა და ადეკვატური რეაგირების ნაცვლად, დაკავებულია მუქარითა და სამარცხვინო ინსინუაციებით.

დავით დარჩიაშვილი
დავით დარჩიაშვილი

მართლაც, ცოტა ხნის წინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი ოპოზიციის მიერ დადგმული ფარსია და, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო მძიმე პროვოკაციას ამზადებს.

"საჭიროა მსხვერპლი", "გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში", - ეს არის ფრაზები "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის "სირცხვილიას" წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უფრო ადრე, მმართველი პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა,მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიცია ამზადებს პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების გავრცელებას და რომ „ამგვარი სიბინძურის გავრცელების შემთხვევაში მას საზოგადოების რისხვა დაატყდება თავს“.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ მმართველი პარტია კიდევ უფრო შორის წავა, თუკი საზოგადოება არჩევნებში არ გამოხატავს თავის ადეკვატურ დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი.

„მიუხედავად მძიმე ვითარებისა, ზოგადი ნიჰილიზმისა, პანდემიის შიშისა - ამომრჩევლის კრიტიკული მასა უნდა მივიდეს და ხმის მიცემით უნდა დააფიქსიროს ამ სრულიად თანამედროვეობას აცდენილი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება. თუ ეს არ მოხდა, ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი ისეთივე ძილში იმყოფება, როგორშიც რუსული საზოგადოების დიდი ნაწილია. ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ექნება სერიოზული მხარდაჭერა ევროკავშირიდან და ამერიკიდან... თუ არაფერი არ მოხდა, თუ საზოგადოება აღმოჩნდა დაშინებული, აპათიური და ეს ყველაფერი გაატარა, მაშინ დასავლეთიდან იქნება მხოლოდ ვითარების დაგმობა, საქართველოსთან ურთიერთობა გაფუჭდება, რაც ფინანსურ-ეკონომიკური შედეგების მომტანიც აღმოჩნდება, მაგრამ ჩვენი საზოგადოების გასაკეთებელს სხვა არავინ არ გააკეთებს“, - ამბობს დავით დარჩიაშვილი.

ვინ ჰკითხავს ღარიბაშვილს?

რას გააკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნების შემდეგ და რა ჩანაწერებს გამოაქვეყნებენ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე უახლოეს დღეებში, ეს ჯერ არც ირაკლი ღარიბაშვილმა იცის და არც კობახიძე-მდინარაძის საპარლამენტო ტანდემმა, - ასე ფიქრობს ყოფილი დეპუტატი და პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი, რომლის თქმითაც, ასეთ საკითხებს მმართველ პარტიასა და ხელისუფლებაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.

„ამას არ წყვეტს ღარიბაშვილი. მან არც კი იცის, ვისზე რა მასალები არსებობს და რომელი უნდა გამოქვეყნდეს. თუ ივანიშვილმა შემოთვალა მუქარა და ამას იმეორებენ, ეს სხვა ამბავია, მაგრამ მეეჭვება, ასე იყოს. მათი ეს მუქარები დაბნეულობაში ყოფნის მანიშნებელი მგონია. ტრადიციულად ცდილობენ ყველაფერი შეტენონ ოპონენტს - „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახლა კიდევ გამოჩნდა გიორგი გახარია. ეჭვი მაქვს, რომ მასზე წავა ძირითადი დარტყმა. ეს უფრო დამაჯერებელი იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ 2012 წლის მერეც სუს-ს განაგებს, დაუჯერებელია „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის კი, ხოლო გახარიას პარტიაში იმყოფება ბატონი ხოჯევანიშვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სუს-ის უფროსის მოადგილე იყო“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

დავით ზურაბიშვილი
დავით ზურაბიშვილი

გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა მართლაც არ გამორიცხა, სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების საქმეზე, მათი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის დაკავება.

„როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი და პრიორიტეტი არის ძალაუფლების შენარჩუნება. შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა 15 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი თანაპარტიელებთან
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი თანაპარტიელებთან

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მუქარას „ნულოვანი კომპრომისის“ თაობაზე, ამაზეც დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ცარიელი, უშინაარსო სიტყვებია, რადგან ყველაფერი დამოკიდებული იქნება არა ირაკლი ღარიბაშვილზე, არამედ არჩევნების შედეგებსა და ბიძინა ივანიშვილზე.

ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

„თავს იყოჩაღებს, რომ მაგარი ბიჭია. თამაშობს წინასაარჩევნო კამპანიაში მორგებულ „მაგარი ბიჭის“ როლს, ნაცების რისხვას. „ცოტაც და მოვსპობთ მაგათ“ - ეს მესიჯია. რეალურად კი გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის აზრია და ამიტომ იმეორებს ყველა, რომ მომავალი სამი წელი არჩევნები აღარ იქნება, თუმცა, ვიმეორებ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე. თუ 43%-ზე ნაკლები იქნა „ოცნების“ შედეგი (და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ასე იქნება), მაშინ ასე მარტივად არ იქნება საქმე. დასავლეთი ელოდება არჩევნების შედეგებს. წნეხი დროებით არის გაჩერებული. გარდა ამისა, „ოცნებას“ შიგნითაც ნაკლები ლეგიტიმაცია ექნება. ამდენი ტრაბახის შემდეგ რომ ვერ აიღებ 43%-ს, თან იმ ცესკოთი და იმ საარჩევნო ადმინისტრაციით, რომლის რეფორმაც პრინციპში მაინცდამაინც არც გაატარე, - ყოველივე ეს ეს ხელისუფლებას მორალურად ძალიან დააზიანებს. არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს საკადრო ცვლილებებზეც, კიდევ ერთხელ გამოცვალოს ღარიბაშვილი. ყველანაირად შეეცდება არ ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ თუ 43% ვერ აიღო, მოუწევს“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი, რომელიც ასევე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ნამდვილი დიქტატურის დამყარებას:

„მართალია სუს-ი სსრკ-ს მეთოდებით მუშაობენ, თვალთვალის გარდა არაფრით არ არიან დაკავებულები, რაც ტიპური საბჭოთა კაგებეშნიკობაა, მაგრამ სახელმწიფოში, რომელიც ტოტალიტარიზმისკენ არის მიდრეკილი, ასეთი ამბის გამჟღავნების შემდეგ ყველა დამნაშავეს დაიჭერდნენ და ბევრ თავს დააგორებდნენ. აქ კი არ იციან რა გააკეთონ, ბოდიალობენ რაღაცას. ანუ ერთი მხრივ ყველას უთვალთვალებენ, მეორე მხრივ კი არ აქვთ არც რესურსი და არც ძალა, რომ ტოტალიტარული დიქტატი დაამყარონ. ასე რომ, თუ არჩევნებში არ შეიცვალა ხელისუფლება და ნორმალური პროდასავლური ძალები არ მოვიდნენ, ვიქნებით რომელიმე ბანანის რესპუბლიკასავით, სადაც სახელმწიფოებრიობა ნელ-ნელა იშლება - ეს ნამდვილად გვემუქრება.“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG