Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკანალიზაციო წარღვნა


საქართველოს უჟანგბადო და "უსივრცო" დედაქალაქს ახალი და აქამდე არსებულთაგან არანაკლებ დამთრგუნველი თავსატეხი გაუჩნდა: ქალაქის მერიამ, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ვაკის გული, ი. ჭავჭავაძის გამზირის ზომიერი ნაწილი, გადაკეტა მოულოდნელად, რამაც, ბუნებრივია, ახლებური საცობების აღმოცენების შიში წარმოშვა - გაჩნდა დამაჯერებელი განცდა, რომ საცობში მოხვედრილი ამიერიდან ვეღარასდროს დაუბრუნდებოდა საცობამდელ ან უსაცობო ცხოვრებას.

გამოითქვა დუნე წუხილი (რადგან არადუნე წუხილს უკვე აღარავინ გამოთქვამს 2012 წლის შემდეგ), რომ საერთოდაც რამდენად საჭირო იყო ი. ჭავჭავაძის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მონაკვეთის გადაკეტვა ამ ბუნდოვანი "სარეაბილიტაციო სამუშაოების" გამო და წინასწარ იქნა შერისხულ-შეგინებული ყველა ის ხილულ-უხილავი მოხელე, რომელმაც გაბედა და ისედაც საცობში გაჭედილები, კიდევ უფრო ღრმა საცობში გაგვჭედა.

საკანალიზაციო წარღვნა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:13 0:00
გადმოწერა

ამ წუხილთა საპასუხოდ თუ თავის წარმოჩენის მიზნით, ქალაქის მერი თავისი ფეხით ეახლა ვაკის გულს და ერთ-ერთ ორმოს, საცობში გაჭედილ თუ გაუჭედავ ხალხთა დასანახად, ახადა თავსახური, ანუ ძველქართულად „ლიუკი“, სწორედაც იმის დასამტკიცებლად, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მართლაც გადაუდებელ აუცილებლობად ქცეოდა ვაკის ეპიცენტრს.

და ვინც თავისი თვალით იხილა ეს ვიდეოარგუმენტი, შემდეგ სიტყვა აღარ დასცდენია მოსალოდნელ საცობებში გაჭედვის დრამის შესახებ, რადგან რაც იხილა, ყველა მოულოდნელ დრამაზე უარესი აღმოჩნდა:

თანამოქალაქენო, ქალაქი თურმე მძღ...რზე დგას!

ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე, ვაკე პირდაპირი მნიშვნელობით, გავარვარებულ ქაქზე ტივტივებს!

ნეტა ეს კი არ მენახა იმ საშინელ ვიდეოსამხილში: ლამისაა ორმოს ზედაპირამდე ამოსულიყო განავლის დაბუშტული და საეჭვოდ მოფუთფუთე მდინარე (ვისაც არ სჯერა და არც ვიდეოსამხილი უნახავს, ვურჩევ, მოიძიოს ეს სამხილი, ანაც ფარულად ახსნას თავი რომელიმე ორმოს და თავადვე ტუცოს თითი ქალაქის ყველაზე პრესტიჟული უბნის მაოხრებელ, უჩინარ საქაქეთს).

ქალაქის ქვეშ თურმე ძველისძველი და ზედ დამატებული ახალკორპუსებ-ექსკრემენტული "სტიქსი" გაედინება, მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული მონასაქმი და აწ ახალბეტონკორპუსებში დაგროვებულ-გაუმქრალი მასის დანამატი, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საბჭოური დროის აპოკალიფსურ კანალიზაციას შემატებული ნეოთბილისური, წარუხოცელი გამონაყოფი...

და თან - დაუჯერებლად, საგანგაშოდ ბევრი!

თურმე რამდენი და რა რაოდენობის გამოიყოფა! საცობში კი არა, ფაქტობრივად, კისრამდე ვულკანისებურ მძვინვარე კანალიზაციაში ვყოფილვართ ჩამდგარი, რადგან სადაც ეს ჭების "თავამდეა" ამოსული, ბევრი არც რჩება ადამიანის კისრამდე!

მახსოვს, ჩემი სტუდენტობის ჟამს მცირე ექსკრემენტულმა შადრევანმა ამოხეთქა თსუ-ს პირველ კორპუსთან, მაგრამ, რაც მართალია მართალია, დიდი ზიანი არ მიუყენებია გარშემო მყოფთათვის - ვინც შეიბღალა, შეიბღალა და იმ ეტაპისთვის, მართალია, დროებით, თუმცა ეფექტურად მიიჩქმალა წლობით მოსაქმებული...

ერთადერთი, ცნობილი ფილოსოფოსი შარვაძე იყო, რომელიც თავისი ღამის ქოთნით გამოცხადდა რექტორატის სხდომაზე ძველი პროფესურის მიმართ პროტესტის ნიშნად, თუმცა ეს კერძო შემთხვევა იყო და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ვაკის ქვეშ გამდინარე კანალიზაციასთან.

აწ კი, როგორც ჩანს, არც ამჟამინდელი ქალაქის მერი მოელოდა ამდენ და ასეთ მძვინვარე "ლავას" და ამიტომ დადარდიანებულმა გვამცნო, რომ, თუკი ვერაფერს გახდებოდა სამ თვეში, გარკვეული დროის შემდეგ (წლების შემდეგო, თავი ასე დაიმშვიდა) ისევ დაუბრუნდებოდა პროსპექტის ქვეშ გამდინარე საქაქეთს. მით უმეტეს, რომ აღარც "დაკონსერვება" გამოვა - ძველს კიდევ მოევლება რაღაც, მრავალჭირნახული და გამძლე საცხოვრისებია, მაგრამ ამ ახალნაშენ კორპუსებს რაღას მოუხერხებ, მოსახლეებს კანონით ხომ არ აუკრძალავ, უკაცრავად და... "ცხოვრებას".

ჭეშმარიტად ჰერაკლეა საჭირო, "ავგიას თავლად" ქცეული ქალაქის მიწისქვეშეთი რომ გაწმინდოს არსებული თუ მზარდი უწმინდურებისგან, თორემ ერთიც იქნება და ისე ამოხეთქავს, რომ იქ უკვე ვერც ვეღარავინ გაარკვევს, ვისი საკანალიზაციო მილი რომელ კორპუსს უერთდება მხოლოდ ქაღალდზე გათვალისწინებული საპარკინგე ზონიდან!

შეკითხვა ახლა ასე დგას: რა ვუყოთ ამდენ ...?!

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG